ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციებს უწესებს


ჯავად ზარიფი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ამერიკის პრეზიდენტმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა. ირანის პრეზიდენტი, ჰასან რუჰანი ამას "ბავშვურ" საქციელს უწოდებს.

სატელევიზიო მიმართვაში ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკა ამტკიცებს, თითქოს ირანთან მოლაპარაკება ნებისმიერი წინაპირობის გარეშე სურს, ამ დროს კი "ისინი ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციებს უწესებენ".

აღმასრულებელი საპრეზიდენტო განკარგულება, რომელსაც ტრამპმა ხელი მოაწერა, ზარიფს ბრალს სდებს იმაში, რომ ის მოქმედებდა, ან გაზრახული აქვს იმოქმედოს ქვეყნის უზენაესი ლიდერის - აიათოლა ჰომეინის ნაცვლად, რომელიც ამერიკის ხაზინის მიერ დაბლოკილ ადამიანთა სიას ცოტა ხნის წინ შეემატა. ამგვარ სიაში მყოფ ადამიანებს როგორც წესი ეკრძალებათ შტატებში ჩამოსვლა ან სატრანზიტო გადაადგილებაც კი.

"და დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ეს საკმარისია, ჩვენ განვაგრძობთ მაქსიმალური წნეხის კამპანიას, სანამ ირანი უარს იტყვის იმ უგუნურ საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც ამერიკასა და ჩვენს მოკავშირეებს ემუქრება", - უთხრა ჟურნალისტებს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ამერიკა "გზავნის ნათელ შეტყობინებას ირანული რეჟიმისთვის, რომ მისი ბოლოდროინდელი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია", - თქვა ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა განცხადებაში. "იმავე დროს, როდესაც ირანის რეჟიმი ქვეყნის მოქალაქეებს სოციალურ მედიაზე წვდომას უზღუდავს, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი რეჟიმის პროპაგანდასა და დეზინფორმაციას სწორედ ამ საშუალებებით ავრცელებს".

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ეს ქმედება კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ირანის რეჟიმს არ მისცემს რესურსებს, იმისათვის, რომ ტერორიზმი დააფინანსოს და ირანელი ხალხი შეავიწროვოს.

ზარიფი ამბობს, რომ ამერიკის ქმედებებს მასზე და მის ოჯახზე უარყოფითი გავლენა ვერ ექნება, რადგან ის არ ფლობს ქონებას ირანის საზღვრებს გარეთ. "გმადლობთ, რომ ასეთ დიდ საფრთხედ მიმიჩნევთ თქვენს დღის წესრიგში", - დაწერა მინისტრმა "ტვიტერზე".

ამერიკა ირანს რეგიონში ტერორისტული დაჯგუფებების ხელშეწყობასა და ბირთვული პროგრამის განვითარებაში ადანაშაულებს. ირანი ბრალდებებს უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG