ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ბირთვული პროგრამის 2015 წლის დონეზე დაბრუნებით იმუქრება


აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ დღეს ევროპის ქვეყნებს უსაყვედურა, რომ ისინი არასაკმარისს აკეთებენ ირანის დასახმარებლად და ეკონომიკურ სანქციებთან გასამკლავებლად. მისი განცხადებით, ირანი შეამცირებს 2015 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ერთგულებას.

ერთი დღით ადრე, ამ თემაზე განცხადება გაეროს ატომური ენერგიის სააგენტომაც გააკეთა. ორგანიზაციის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ თეირანი საკუთარი ქმედებით, შანსს აძლევს ბირთვული შეთანხმების დანარჩენ მონაწილეებს "თავისი მოვალეობები შეასრულონ".

2015 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით, ირანმა პირობა დადო, რომ ეკონომიკური სანქციების სანაცვლოდ, შეამცირებდა ურანით გამდიდრების პროცესს. ირანთან ხელშეკრულებას ხელი ექვსმა სახელმწიფომ მოაწერა: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და რუსეთმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ შეთანხმებას თავიდანვე "საშინელს" უწოდებდა და თავის წინამორბედს ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას მისი ხელმოწერისთვის აკრიტიკებდა. გასულ წელს ტრამპმა ამერიკა ხელშეკრულებიდან ერთპიროვნულად გაიყვანა და ვაშინგტონმა ირანს სანქციები ისევ განუახლა. დანარჩენი ქვეყნები ამერიკის ახალ პოზიციას არ იზიარებდნენ და შეთანხმებაში დარჩნენ.

პასუხად ირანმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რამდენიმე პუნქტს ტოვებს და ურანით გამდიდრების ლიმიტებს ზრდის. თეირანი იმუქრება, რომ 2015 წლამდე არსებულ, ურანით გამდიდრების დონეს დაუბრუნდება, თუ ევროპის ქვეყნები სანქციებით დაზარალებულ ქვეყნის ეკონომიკას უფრო ეფექტურად არ დაეხმარებიან.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხადებს, რომ ხელშეკრულებას თავადაც დაიცავს, თუკი მისი ხელმომწერი დანარჩენი ქვეყნებიც შეთანხმების ერთგული დარჩებიან. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჯერემი ჰანტმა ორშაბათს იმედი გამოთქვა, რომ 2015 წლის შეთანხმება "ჯერ არ მომკვდარა" და შექმნილი კრიზისის მიუხედავად, მისი გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG