ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტი თურქეთშია- ერდოღანი და რაისი ღაზის საკითხს განიხილავენ


ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი თავის თურქ კოლეგას, რეჯებ ტაეპ ერდოღანს ანკარაში შეხვდა. მხარეები ღაზის კონფლიქტის საკითხსა და ენერგო სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ.

რაისი თურქეთში ნოემბრის თვეში უნდა ჩასულიყო, თუმცა ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ კერმანში მომხდარი თავდასხმები გამო, ვიზიტის გადადება მოუხდა.

"შეხვედრების დროს, ორმხრივი თანამშრომლობის გარდა, [პრეზიდენტები] ისაუბრებენ მიმდინარე რეგიონული და გლობალური მოვლენების შესახებ, ისრაელის თავდასხმაზე ღაზაზე და პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციაზე",- ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ ლიდერები ასევე დაესწრებიან თურქულ-ირანული ბიზნეს საბჭოს სხდომას, სადაც რამდენიმე შეთანხმებას მოეწერება ხელი. ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა კი თქვა, რომ ირანის ნავთობის მინისტრ ჯავად ოუჯისთან ერთად, ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის კუთხით თანამშრომლობის საკითხი განიხილა.

"ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ბუნებრივი აირის მიმართულებით კონკრეტული მოთხოვნების შესახებ, რაც უფრო ფართო თანამშრომლობის ფორმას მიიღებს", - ნათქვამია მინისტრის მიერ სოციალურ პლატფორმა "X"-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თურქეთი ახლო აღმოსავლეთში ე.წ " ორი სახელმწიფოს შექმნის" იდეას ემხრობა. რაც გულისხმობს იმას, რომ პალესტინა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო უნდა გახდეს. თურქეთის მთავრობა და პრეზიდენტი მკაცრად აკრიტიკებენ ისრაელს და მისგან ღაზის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ.

მიუხედავად მკაცრი განცხადებებისა, თურქეთი ისრაელთან ეკონომიკურ კავშირებს ინარჩუნებს, რაც ერდოღანის მთავრობის კრიტიკას იწვევს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ირანის მხრიდან.

თავისი დასავლელი პარტნიორებისგან განსხვავებით, ნატოს წევრი თურქეთი "ჰამასს" არ ცნობს ტერორისტულ ორგანიზაციად და მას ღაზის ოფიციალურ მთავრობად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG