ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან სპარსეთის ყურის სახელმწიფოების ურთიერთობა იძაბება


ირანთან სპარსეთის ყურის სახელმწიფოების ურთიერთობა იძაბება
ირანთან სპარსეთის ყურის სახელმწიფოების ურთიერთობა იძაბება

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სპარსეთის ყურის ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო, ბაჰრეინი, პრო-დემოკრატიული სახახლო გამოსვლების ეპიცენტრი გახდა. თუმცა ბაჰრეინში შექმნილი მდგომარეობა მხოლოდ შიდა ფაქტორებით არ განისაზღვრება. სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭომ, რომელიც სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს აერთიანებს, ბაჰრეინში შექმნილ დაპირისპირებაში ერთ მხარეს დაუჭირა მხარი. ხოლო მეორე მხარეს მხარდაჭერას ირანი უცხადებს. ოფიციალური განცხადებების რიტორიკით რომ ვიმსჯელოთ, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებსა და ირანს შორის აშკარა დაძაბულობა შეინიშნება, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეფრი იანგი, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ანალიტიკოსი გამოკითხა.

თებერვლის შუა რიცხვებში ათასობით ბაჰრეინელი ქუჩებში გამოვიდა. ისინი სამეფოს სუნიტური მიმდევრობის მთავრობისგან პოლიტიკური რეფორმების გატარებას ითხოვენ. დემონსტრანტებს სურთ, რომ ბაჰრეინის მთავრობა უფრო წარმომადგენლობითი გახდეს და ქვეყნის მოსახლეობის შიიტური უმრავლესობის ინტერესებს ემსახურებოდეს.

სახალხო გამოსვლების საპასუხოდ, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭომ, რომელშიც საუდის არაბეთი ლიდერობს, ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში სამხედრო ძალები გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ საბჭოს სამხედრო დახმარების გამოყოფის თხოვნით ბაჰრეინის მმართველმა სამეფო ალ-ხალიფას ოჯახმა მიმართა. ბაჰრეინის მთავრობის განცხადებით, უცხოური სამხედრო ძალები ქვეყანაში სტაბილურობას უზრუნველყოფენ.

ბაჰრეინის მმართველმა სამეფო ოჯახმა და სხვა არაბული სახელმწიფოების მთავრობებმა სახალხო დემონსტრაციების ორგანიზებაში ირანი დაადანაშაულეს. ვაშინგტონში 19 აპრილს გამოსვლისას ბაჰრეინის ფინანსთა მინისტრმა აჰმედ ალ-ხალიფამ თეირანს მოუწოდა ბაჰრეინის შიდა საქმეებში ჩარევა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.

„რაც შეეხება ირანს, თქვენთვის მათი განცხადებები ცნობილია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის რაც ბაჰრეინში მოხდება ბაჰრეინის ხალხმა უნდა გადაწყვიტოს შეთანხმების საფუძველზე. მართალია ირანი ჩვენი მეზობელია, მაგრამ შექმნილი მდგომარეობა ბაჰრეინში უნდა გადაიჭრას,“ განაცხადა ბაჰრეინის ფინანსთა მინისტრმა.

თუმცა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მკვლევარი ჟან ფრანსუა საისნეკი ბაჰრეინში ირანის გავლენას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ალ-ხალიფას ოჯახი ამჟამად ვაშინგტონში სხვადასხვა სახის ინფორმაციას ავრცელებს, რომ ირანი თითქოს არეულობის უკან დგას. ისინი ცდილობენ დაანახონ აქ ყველას, რომ ირანი ამ კონსპირაციას უკვე 20-30 წლის მანძილზე ახორციელებს. ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ იქ მცხოვრები შიიტები თავს ბაჰრეინელებად თვლიან და არა ირანელებად. მათ ირანი სულაც არ მოსწონთ. ბაჰრეინელი შიიტები ხომ ძირითადად არაბები არიან. მათ სპარსელებთან არაფერი საერთო არა აქვთ,“ აღნიშნა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მკვლევარმა.

სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გადაწყვეტილებამ ბაჰრეინში სამხედრო ძალების გაგზავნის შესახებ რეგიონში მდგომარეობა დაძაბა. საბჭოსთან დაახლოებულმა არაბულმა სახელმწიფოებმა ბაჰრეინში საუდის არაბეთის სამხედრო შენაერთების შესვლა მოიწონეს. თეირანმა სამხედრო ინტერვენცია დაგმო. ვაშინგტონში მდებარე ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ანალიტიკოსს ალექს ვატანკას მიაჩნია, რომ საბჭოს გადაწყვეტილებამ ირანის პოზიცია ახლებურად განსაზღვრა.

„დასაწყისში, როცა ბაჰრეინში არეულობა იწყებოდა, ჩვენ გავხდით მოწმენი იმისა, რომ რაც შეეხება რიტორიკას, ირანი ბაჰრეინში მიმდინარე მოვლენებს წარადგენდა როგორც დაპირისპირებას მთავრობასა და ხალხს შორის. ამასთან ირანულ წყაროებში ბაჰრეინელ ხალხს სუნიტებად ან შიიტებად არ ყოფდნენ. მაგრამ როცა ქვეყანაში საუდის არაბეთიდან 1,500 ჯარისკაცი შევიდა და შემდგომში მათ გაერთიანებული არაბული საემიროებიდან და კატარიდან გაგზავნილი სამხედრო ძალები დაემატა, ირანის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა და თეირანმა ბაჰრეინელი შიიტების იდენტურობაზე ყურადღება გაამახვილა,“ დასძენს ალექს ვატანკა.

XS
SM
MD
LG