ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მწვანე ბარათი“ ინვესტიციების სანაცვლოდ


„მწვანე ბარათი“ ინვესტიციების სანაცვლოდ
„მწვანე ბარათი“ ინვესტიციების სანაცვლოდ

შეერთებული შტატების სხვადასხვა რეგიონებს ეკონომიკურმა კრიზისმა საგრძნობი დარტყმა მიაყენა. ხელისუფლება უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად სხვადასხვა გზებს ეძებს. ერთერთი ასეთი საშუალება, ინვესტიციების სანაცვლოდ შეერთებულ შტატებში მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსის, იგივე „მწვანე ბარათის“ მინიჭებაა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი ამ ინიციატივის დეტალებს კალიფორნიიდან არკვევდა.

ქალაქი ლანკასტერი კალიფორნიაში ლოს-ანჟელესიდან ერთი საათის სავალზე მდებაროებს. გარშემო უდაბნოა და ქალაქი უხვი მზით და მზის ენერგიის ელემენტებით აღჭურვილი შენობებით იწონებს თავს. თუმცა, ლანკასტერის მერის მოადგილე ქალაქში არსებულ უმუშევრობაზე წუხს და ამბობს, რომ დაუსაქმებელთა რიცხვმა 17 პროცენტს გადააჭარბა.

მერის მოადგილე კიტ სზეტო ფიქრობს, რომ ლანკასტერში უმუშევრობის პრობლემის მოგვარება შესაძლოა ჩინელმა ინვესტორებმა შეძლონ. ჰუ ჩინ პინი სამხრეთ კალიფორნიაში მიწას ეძებს, რათა დისტრიბუციის ცენტრი ააშენოს და ამაში 100 მილიონი დოლარი დააბანადოს. მისი მიზანია ისეთი ადგილის შექმნა, სადაც ჩინელ ბიზნესმენებს თავიანთი პროდუქტის შენახვა და შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკაში გადაგზავნა შეეძლებათ

„მომავალში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აქ ჩაინათაუნის აშენებას შევძლებთ, რაც ჩინეთიდან ბიზნესის მოზიდვას შეუწყობს ხელს“ – ამბობს ჰუ ჩინ პინი.

ის შეერთებული შტატების ვიზის - EB-5-ის კანდიდატია. ეს უცხოელ ინვესტორებს და მათ ოჯახის წევრებს მუდმივი ცხოვრების უფლებას ანიჭებს სულ ცოტა ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიციის სანაცვლოდ, რაც მათ სასოფლო სამეურნეო რაიონებში უნდა დააბანდონ, სადაც უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია.

ინვესტიცია ასევე ორ წელიწადში სულ ცოტა 10 სამუშაო ადგილის შექმნასაც ითვალისწინებს. ამ ვიზის მფლობელთა უმრავლესობა ჩინეთიდანაა.

ჯეიმს ლი შეერთებული შტატების მოქალაქეობის და საიმიგრაციო სამსახურის ერთერთ რეგიონალურ ცენტრს ხელმძღვანელობს, რაც ამერიკაში ინვესტორთა მოზიდვას უწყობს ხელს. პროგრამა EB-5 1990 წელს შეიქმნა. როგორც ჯეიმს ლი ამბობს, ჩინელი ინვესტორების მოჭარბება 2008 წლიდან დაიწყო.

„2008 წლიდან ამის მიზეზი ამერიკის ეკონომიკის გაუარესება და ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობა გახადა. ინვესტორთა უდიდეს ნაწილს არ ადარდებს ინვესტიციების უკან დაბრუნების პერსპექტივა. მათი საზრუნავი ის არის, მიიღებენ თუ არა ისინი მწვანე ბარათს“ - ამბობს ჯეიმს ლი.

ჰუ მდიდარი ჩინელების ფენას მიეკუთვნება. მისთვის მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსის მიღება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ის ამის სარგებელს კარგად აცნობიერებს. „მწვანე ბარათი“ მას საშუალებას მისცემს ბევრ სხვა ქვეყანაში ვიზის გარეშე იმოგზაუროს.

„ამის გამო ჩინელებისთვის მწვანე ბარათი ძალიან მნიშვნელოვანია“ - ამბობს ჰუ.

პროგრამის დაწყების შემდეგ EB-5-ის საშუალებით 34-ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. ლანკასტერის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ამ გზით მათი ქალაქი ინვესტიციების დაბანდებისთვის თანდათანობით მიმზიდველი გახდება.

XS
SM
MD
LG