ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იუკნევიჩიენე ვალების განულებაზე: რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა


რასა იუკნევიჩიენე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს დამკვირვებელი იყო. იუკნევიჩიენეს არჩევნების შემდგომ და საქართველოში მეორე ტურამდე არსებულ ვითარებაზე ანა კალანდაძე ესაუბრა. ქალბატონმა რასამ ახლა უკვე ექს-პრეზიდენტის რანგში ისაუბრა.

ქალბატონო პრეზიდენტო, რა იყო თქვენი მთავარი შთაბეჭდილება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ და როგორ ხედავთ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას მეორე ტურის წინ?

უპირველეს ყოვლისა, ბედნიერი და ამაყი ვიყავი, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს დავესწარი. საქართველო პირადად ჩემი, ლიტვისა და ნატოს საპარლამენტო ასამვლეის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეჭვგარეშეა, რომ დემოკრატიისა და რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო რეგიონის ლიდერია და ბალკანეთის იმ სახელმწიფოების გვერდით დგას, რომელთაც მსგავსი მიზნები აქვთ.

2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან.
რასა იუკნევიჩიენე

მეორეს მხრივ, წუხილის ბევრი მიზეზიც გვაქვს. არჩევნებმა მშვიდად და გამართულად ჩაიარა, მაგრამ საარჩევნო კამპანიისას, რა დროსაც ტემპერატურა მაღალი იყო, პრობლემებმა იჩინა თავი. ვნახეთ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ. ეს კი დემოკრატიისათვის სასარგებლო არ არის. ამას გარდა, ზოგიერთ მედიასაშუალებას შეუფერებლად, მხოლოდ ერთი კანდიდატის წარმოსაჩენად იყენებდნენ. 2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე პრეს-კონფერენციისას ვისაუბრე. ეს საქართველოს მომავლისათვის სასარგებლო არაა.

დარწმუნებული ვარ, [მომხდარი] საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სწრაფვაზე არ იმოქმედებს, მაგრამ ვხედავ ნიშნებს, რომელიც მაწუხებს.

რა საფრთხეები აქვს და რას მიანიშნებს ამომრჩევლის მომძლავრებული პოლარიზაცია და "კომპრომისის კულტურის ნაკლებობა" ქვეყანაში - თქვენ სწორედ ეს ტერმინები გამოიყენეთ საქართველოში ყოფნისას?

ყოფილი საბჭეთის ბევრ ქვეყანას მსგავსი გამოწვევები აქვს. საქართველოში ჩასვლამდე მოლდოვაში ვიმოგზაურე. საქართველო მოლდოვაზე ბევრად უკეთ გამოიყურება, მაგრამ ოლიგარქიული სისტემა და ოპოზიციასთან ძალაუფლების არ-გაყოფა საბჭოური რეჟიმის დამახასიათებელი ნიშანია. დასავლეთ ბალკანეთშიც კი მსგავსი სურათია. ყველა ამ ქვეყანაში კრემლი სარგებლობს შექმნილი ვითარებით. [მას აწყობს, როცა] საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, მეტ-ნაკლებად, ოლიგარქები აკონტროლებენ. ჩემთვის ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია დემოკრატიის ძალიან შეუფერებელ გაგებაზე მიანიშნებს.

ოლიგარქიული სისტემა და ოპოზიციასთან ძალაუფლების არგაყოფა საბჭოური რეჟიმის დამახასიათებელი ნიშანია.
რასა იუკნევიჩიენე

ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ვალების განულების ინიციატივით გამოვიდა. ადგილობრივი და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ წინადადებას ამომრჩევლის "მოქრთამვის" საშუალებად აფასებენ. თქვენი შეფასება როგორია?

გავიგე ამის შესახებ. გასულ კვირას ჰალიფაქსში ქართველ პარლამენტარებს შევხვდი და მათ განმიმარტეს, თუ რას ნიშნავს ეს ჟესტი. რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა. შეუძლებელია ამის სხვაგვარად დანახვა და ის ცალსახად მიუღებელია.

არასამთავრობო სექტორზე სიტყვიერი თავდასხმები გახშირდა. ფიქრობთ, თუ არა, რომ ეს ქვეყნის იმიჯს ვნებს?

მე გავიგე ისე, თითქოს მთავრობას სურს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მას ემსახურებოდნენ. ეს მიუღებელია.
რასა იუკნევიჩიენე

ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ ეს რაღაც ახალი იყო, რომ მთავრობის წარმომადგენლები დემოკრატიის ამ საფუძველს, არასამთავრობო სექტორს, სასტიკად ესხმოდნენ თავს. მე გავიგე ისე, თითქოს მთავრობას სურს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მას ემსახურებოდნენ. ეს მიუღებელია.

ვარდების რევოლუციის მეთხუთმეტე წლისთავზე, რას იტყვით, რა შედეგი აქვს ქვეყანას?

ვფიქრობ, საქართველო სწორ გზას ადგას. ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ მან დემოკრატიაში იცხოვროს. დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი - არა ხვალვე, მაგრამ აუცილებლად გახდება. წინა, დღევანდელი ხელისუფლება ამაზე ზრუნავდა. თუმცა დღეს პოლიტიკოსებს ვთხოვ და ვურჩევ, შეთანხმდნენ საკვანძო საკითხებზე. პოლიტიკა პოლიტიკოსებს სხვადასხვაგვარად ესმით, მაგრამ სასარგებლო იქნებოდა, თუ თუ ისინი მოახერხებდნენ ქვეყნის მომავლის, ან მისი განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შემუშავებას.

გულწრფელად და გულღიად გეტყვით და იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ არ გამიგონია, ბიძინა ივანიშვილის მსგავსი მოწინავე პოლიტიკისოსაგან ერთი სიტყვაც კი მაგალითად ნატოს წევრობაზე, ევროკავშირის წევრობაზე. ვიცით, რომ აქტიურობის, ძლიერი განცხადებებისა და ნების გარეშე შეუძლებელია ალიანსებში გაწევრიანება. ამავე დროს, აქტიურობის გარეშე განცხადებები მხოლოდ დეკლარაციებად დარჩება.

ახალი გამოწვევები ახლებური პოლიტიკისა და რეფორმების საჭიროებას აჩენს.
რასა იუკნევიჩიენე

მთავრობა ამ მიმართლებით ენერგიული და აქტიური უნდა იყოს. დღევანდელი და ყოფილი ხელისუფლება ქვეყნისათვის შესაფერის ამოცანებს სახავდნენ, მაგრამ ახალი გამოწვევები ახლებური პოლიტიკისა და რეფორმების საჭიროებას აჩენს. საქართველოს ვუგზავნი მოკითხვას, ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს მომავალი წარმატებების გზაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG