ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ანალიტიკოსები საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 25 კანდიდატს შორის იყვნენ.

ამ ორ კანდიდატს აღმოაჩნდა ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა. თუმცა, ვერც ერთმა მათგანმა ხმების 50 პროცენტზე მეტის მოპოვება ვერ შეძლო. ამიტომ მათ შორის მეორე ტური ჩატარდება.

არჩევნების პირველ ტურს არაერთი დარღვევა, არათანაბარი სათამაშო ველი და პოლარიზებული მედია გარეო ახასიათებდა. დამკვირვებლები მიუთითებდნენ საარჩევნო ეტაპზე ძალადობის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებაც.

ჩატარებული საარჩევნო კამპანიის შეფასება "ამერიკის ხმამ" სთხოვა სამ გავლენიან ამერიკელ ექსპერტს, რომლებმაც მეორე ტურის შესახებაც ისაუბრეს.

გერმანიის მარშალის ფონდის ანალიტიკოსი ჯონათან კაცი, რომელიც ამ არჩევნებს საქართველოში აკვირდებოდა, ამბობს:

"დარღვევებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ეს ყველაფერი ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნუსხეს. მთლიანობაში, არჩევნებმა დაამტკიცა, რომ პოლიტიკურ პარტიებს კარგი შესაძლებლობა აქვთ შეეჯიბრონ ერთმანეთს, თუმცა კონკურენცია ხშირად არათანაბარ პირობებში ვითარდებოდა, რაც დამოუკიდებელი მედიის ნაკლებობით და კამპანიის განვითარებისთვის ოფიციალურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობის გამო იქმნება."

ის ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიის მხოლდ ერთი მაჩვენებელია და რომ საქართველოს, ბოლო პერიოდში, არჩევნების რამდენიმე ციკლი ჰქონდა, რომლებიც დამკვირვებლებმა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს. მაგრამ კაცის თქმით, ის, რაც საქართველოს ახლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ესაჭიროება არის "მეტი რეფორმა - სასამართლო და სხვა რეფორმები, რასაც ევროკავშირი ითხოვს და რაც საქართველოსვე სჭირდება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს, ისე როგორც სხვა ახალგაზრდა დემოკრატიებს, ბევრი, მსგავსი გამოწვევა აქვს. მისი წინსვლა და განვითარება მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ აშშ-ს, ევროკავშირის და ნატოსთვის ამ გარდამავალი ეტაპის და მთლიანად, სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. საქართველოსთვის ამის კეთება მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები ამ პროცესში მასთან იყვნენ."

გერმანიის მარშალის ფონდის ექსპერტის თქმით, მეორე ტურში ძალადობის არქონა ძალიან მნიშვნელოანია. როგორც ის ამბობს, მთავრობამ პირობა დადო, რომ მას თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე პირობებში უზრუნველყოფს. ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება მიუღებელი იქნება. "მე მჯერა მთავრობის და ქართველი ხალხის, რომ ეს არჩევნები ხალხის ნამდვილ სურვილს ასახავს. ძალადობის შემთხვევა კი შეშფოთების საგანი უნდა იყოს ყველასთვის. მეორე ტური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა ჩატარდეს."

კაცი დინამიურს უწოდებს საქართველოს პოლიტიკურ გარემოს, მისი განცხადებით, ფაქტია, რომ "არსებობს სხვადასხვა პარტიული ხმა ქვეყნის მომავავალზე არსებულ დისკურსში. ევროატლანტიკურ მომავალს უსვამს ხაზს ამომრჩეველთა კვლევებიც. თუმცა ხალხს, ეკონომიკური სიდუხჭირე უშუალოდ აწუხებს. რუსეთის ფაქტორზე ასევე განსხვავებული შეხედულებებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება პარტნიორად აღიქმებოდეს და რაც ბოლო დროს გვესმოდა-მას არასდროს შეხვდნენ მუქარით. ჩემთვის, როგორც საქართველოს მკვლევარისთვის, ძლიერ სამოქალაქო სექტორს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ინტეგრაციისა და პროგრესისთვის."

პოლ სტრონსკი კარნეგის მშვიდობის ფონდის მკვლევარია ვაშინგტონში. ის საქართველოს არჩევნებს ზედმიწევნით კარგად გაეცნო და ეს შეხედულებები გაგვიზიარა:

"არჩევნებს, თითქმის ყოველთვის ახლავს თან საპროცედურო დარღვევები და საზოგადოების პოლარიზება კი, დღეს, სამწუხაროდ ევროპის მასშტაბით ლამის ნორმადაა ქცეული. ამიტომაც, არ ვფიქრობ, რომ საქართველო გამონაკლისია. ჩატარებული კამპანიის რამდენიმე მონაკვეთი, ძალიან სასტიკი და ბინძურიც იყო, სამწუხაროდ. თუმცა, საპროცედურო დარღვევები და არათანაბარი ველი მხოლოდა მაშინაა აღსანიშნავი, როცა ისინი შედეგზე რადიკალურად ახდენს გავლენას. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში ამას ჰქონდა ადგილი. მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ის, რომ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ძალიან ცუდად გამოჩნდა. ის იმაზე ცუდად გამოიყურებოდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ოპოზიცია კი საკმაოდ კარგად წარმოჩინდა. მთლიანობაში, ოპოზიციურმა ძალამ საკმაოდ დამაჯერებლად გაუსწრო ზურაბიშვილს. თუ ოპოზიცია ერთიანი დარჩება, მას ანალოგიურად ძალიან კარგი შედეგი ექნება მეორე ტურშიც."

მისი თქმით, მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის და “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება, თუ ეს ასე მოხდება, საქართველოს დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიაზე მაღალი ნიშნული იქნება. "მთლიანობაში, მე არ მიმაჩნია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაცია ხდება მანამ, ვიდრე იქ არჩევნების გზით ორჯერ არ მოხდება მმართველი პარტიის ცვლილება. საქართველომ ეს პირველად 2012 წელს, “ნაციონალური მოძრაობის” არჩევნების გზით დამარცხებით გააკეთა. საქართველოს სჭირდება მეორე ასეთი შემთხვევა საკუთარი დემოკრატიული მონაპოვრის ხაზგასასმელად. თუ “ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტობას მიაღწევს, ეს შესაძლოა იყოს იმის მანიშნებელი, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით წავა."

სტრონსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ ის სუსტი კანდიდატაია. "მან არაერთი უნებლიე შეცდომა, უხერხული განცხადება გააკეთა და შეცდომები გაიმეორა კამპანიის დროს, რამაც შეუძლებელი გახადა ამომრჩეველთან მისი კავშირი. ხანდახან, ის თავდაცვით პოზიციაში ჩანდა წინასაარჩევნო ეტაპზე. მისი კომენტარები ომზე და ივანიშვილის მხარდაჭერა არაადექვატური აღმოჩნდა პრეზიდენტობის მოსაპოვებლად. უფრო მეტიც, ეს არ იყო საკმარისი საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად სხვა ოპოზიციონერი კანდიდატების ფონზე."

არჩევნების პირველ ტურში ზურაბიშვილის გულდასაწყვეტი დამარცხება, პოლ სტრონსკის რაღაც დოზით ჰილარი კლინტონის მარცხს აგონებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. "ორივე კანდიდატმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა კამპანიის დროს, უფრო სუსტად გამოჩნდნენ, ვიდრე ამას ელოდნენ და ვერც იმას აცნობიერებდნენ, რომ მათი მხარდამჭერი პოლიტიკური ელიტის გვერდში დგომა უფრო ფართო საარჩევნო მხარდაჭერაში არ გამოიხატებოდა. ორივეს, ამიტომაც, არასასიამოვნო საარჩევნო ღამის სიურპრიზი ჰქონდა."

აქვე, ექსპერტი მიუთითებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” კარგი სტრატეგია ჰქონდა და მან წარადაგინა პატივსაცემი კანდიდატი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სისუსტეების გათვალისწინებით, მყარ არჩევანს წარმოადგენდა. "სალომე ზურაბიშვილი-ძალიან იყო დამოკიდებული ივანიშვილზე, ვაშაძე კი ძლიერი კანდიდატი აღმოჩნდა, მიუხედავად ყველაფრისა."

კარნეგის ფონდის ანალიტიკოსის რწმენით, "ივანიშვილმა და სააკაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის თანდათანობით დემოკრატიზაციაში. მაგრამ ქვეყანაში ახლა არაერთი ადამიანია, ვისაც საქართველოს გაძღოლა შეუძლია. ბოლო 15 წელია, საქართველო ინვესტიციას დებდა საკუთარ ხალხში, მას ჰყავს კარგად განათლებული, გლობალურად ჩართული კადრები და ძლიერი მოქალაქეები. დროა, ამ ხალხს მიეცეს საშუალება მეტი აკეთოს - არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელ სექტორში არიან ისინი."

პოლ გობლი გავლენიანი, დამოუკიდებელი ანალიტიკოსია, რომელიც ევრაზიის რეგიონში მნიშვნელოვან მოვლენებს უკვე ათწლეულებია აკვირდება.

მისი განცხადებით "საქართველომ ამ არჩევნებით ნამდვილ პროგრესს მიაღწია. შემდეგი ეტაპი იქნება ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება, ამას კი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და მეტი გამჭვირვალობა უძღვის წინ. ასევე, ვისურვებდი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების გაზრდას წამყვან ქვეყნებში.

მიმაჩნია, რომ “ქართული ოცნება” შთაბეჭდილების მოხდენას შეეცადა წარსულში ფრანგი დიპლომატის და განათლებული ქალის მხარდაჭერით. შესაძლოა სალომე ზურაბიშვილმა ბევრი შეძლოს, მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე, არჩევის შემთხვევაში," თქვა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG