ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიმაკოვსკი: საქართველოს არავინ არაფერს მისცემს თუ ეს არ მოითხოვეთ


რუსული "ტოპოლ M"-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამშვები მოსკოვში წითელ მოედანზე
მარკ სიმაკოვსკი, ატლანტიკური საბჭო
მარკ სიმაკოვსკი, ატლანტიკური საბჭო

შეერთებული შტატები და ამერიკის ევროპელი მოკავშირეები, შეიძლება ითქვას, ევროპაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებს მოუმზადებლები შეხვდნენ. ამაში შედის არა მხლოდ 2008 წელს საქართველოში შეჭრა, არამედ 4 წლიანი ომი უკრაინაში და უწყვეტად წარმოებული ჰიბრიდული ომი ბალტიისპირეთის ქვეყნებში. სულ ცოტა ხნის წინ ამ რეალობას კიდევ ერთი შრე დაემატა - პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ახალ ბალისტიკურ და ბირთვულ შესაძლებლობებს ამერიკის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გარღვევა შეუძლია. რამდენად საგანგაშოა რუსეთის მხრიდან სამხედრო დაწინაურება დასავლეთის ქვეყნებისთვის და მიმდინარეობს თუ არა ახალი ცივი ომი. ამ თემებზე ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს და ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს მარკ სიმაკოვსკის ია მეურმიშვილი ესაუბრა.

მარკ, მადლობა ინტერვიუსთვის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ცოტა ხნის წინ, ერისადმი მიმართვაში დასავლეთის და განსაკუთრებით, შეერთებული შტატების მიმართ დაუმორჩილებლობის - ან შეიძლება ითქვას, აგრესიის - მძაფრი განცხადებები გააკეთა. როგორ აფასებთ მის გამოსვლას?

იმისთვის, რომ ამერიკის ყურადღება მიიქციო, ბირთვულ იარაღზე უნდა ისაუბრო. პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან კარგად იცის, რომ შეერთებული შტატები თვალს ადევნებს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს. ის, რაც პუტინმა თქვა, ჩვენთვის ახალი და მოულოდნელი არ იყო.
მარკ სიმაკოვსკი

პირველ რიგში, ამ გამოსვლის კონტექსტი და რუსეთში დღეს არსებული ვითარება უნდა გავითვალისწინოთ. 18 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული და კრემლი შიშობს, რომ საარჩევნო უბნებზე ადამიანების მათთვის სასურველი რაოდენობა არ მივა. ვფიქრობ, ეს გამოსვლა სწორედ ამ შიშს უკავშირდება - კრემლი ცდილობს რუსეთში ნაციონალისტური სენტიმენტები გააძლიეროს და რუს ხალხს დაანახოს, რომ მათ გარე მტერი ჰყავს და რომ ისინი ბელადის - ვლადიმირ პუტინის გარშემო უნდა გაერთიანდნენ. მეორე საკითხი კი ის არის, რომ პუტინი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების ტრაექტორიით კმაყოფილი არ არის.

ვაშინგტონში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი დასავლეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, ამერიკის მთავრობამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა რამდენიმე სტრატეგიული დოკუმენტი, რომლებიც ამერიკის ბირთვულ ტექნოლოგიაზე და სამხედრო სფეროში ინვესტიციებზე ამბობს. პუტინის გამოსვლის ერთ-ერთი მიზანი ამ დოკუმენტებზე პასუხის გაცემა და რუსეთის შესაძლებლობების წარმოჩენა იყო.

ამ შესაძლებლობების დემონსტრირების მიზნით, პუტინმა ანიმაცია და გრაფიკული ეფექტები გამოიყენა. ერთ-ერთი იარაღი, რომელზეც მან ისაუბრა ბალისტიკური ბირთვული ფრთოსანი რაკეტებია, რომლებსაც სავარაუდოდ, ამერიკის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გარღვევა შეუძლია. რამდენად საშიშია ეს ახალი იარაღი ამერიკის უსაფრთხოებისთვის?

გამალებული შეიარაღების ხელახლა დაწყება ამერიკის ინტერესებში არ შედის. თუმცა, კრემლს ამ წარმოდგენის შექმნა აწყობს, რადგან ეს რუსეთს წარმოაჩენს, როგორც ამერიკის თანასწორ ქვეყანას, რომელიც შეერთებულ შტატებს კონკურენციას უწევს. ჩვენ სწორედ ამიტომ არ უნდა ჩავერთოთ ამ კონკურენციაში და კრემლს და პუტინს ამით დახმარება არ უნდა გავუწიოთ.
მარკ სიმაკოვსკი

იმისთვის, რომ ამერიკის ყურადღება მიიქციო, ბირთვულ იარაღზე უნდა ისაუბრო. პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან კარგად იცის, რომ შეერთებული შტატები თვალს ადევნებს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს. ის, რაც პუტინმა თქვა, ჩვენთვის ახალი და მოულოდნელი არ იყო.

პუტინს, ცხადია, ამ თემაზე საჯაროდ საუბარი სურს და ამას წინასაარჩევნო სიტყვაში აკეთებს - თემის მნიშვნელობის ხაზგასასმელად. სწორედ ამიტომაც, ამერიკამ სათანადო ნაბიჯები უნდა გადადგას რუსეთის შესაძლებლობების დასაბალანსებლად. თუმცა, ამერიკის ბირთვული პოზიციის შეფასების დოკუმენტის საჯარო ვერსიაში, რომელიც ამერიკის მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა, მსგავს ტექნოლოგიებზეა ლაპარაკი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა იცის როგორ უპასუხოს მოსკოვს. ამ სისტემების დანერგვას წლები სჭირდება, ზოგიერთი მათგანი 2020 წლისთვის ამოქმედდება. ამერიკელებს არ უნდა გაუჩნდეთ შიში, რომ რუსეთს უცებ ისეთი იარაღი გაუჩნდა, რომელიც ამერიკას მოულოდნელად ემუქრება. თუმცა, ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ აირს ის, რომ რუსეთი ამერიკისთვის ეროვნულ საფრთხედ გამოვაცხადოთ.

რუსეთი ამერიკის წინააღმდეგ საფრთხედ, თქვენი აზრით, დღეს არ არის მიჩნეული?

ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "პატრიოტი"
ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "პატრიოტი"

როგორც იცით, ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში და სამხედრო სტრატეგიაში რუსეთი საფრთხედაა შეფასებული. ეს წინა ადმინისტრაციის პოზიციისგან მკვეთრად განსხვავებული მიდგომაა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ ნაწილს რუსეთი საფრთხედ მიაჩნია, თვითონ პრეზიდენტს კი განსხვავებული შეხედულება აქვს. ამიტომ, არ მგონია ტრამპმა პუტინს პასუხი გასცეს.

ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ისმის დებატები იმაზე, დაიწყო თუ არა ახალი ცივი ომი, ან ცივი ომი თუ არა გამალებული შეიარაღება? პუტინის გამოსვლა რომელიმე ამ არგუმენტს ამყარებს?

არ ვიტყოდი, რომ ახალი ცივი ომი დაიწყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ურთიერთობა მოწამლულია. ამერიკა და რუსეთი გააგრძელებენ სამხედრო შესაძლებლობებში ინვესტირებას და ერთმანეთზე უპირატესობის მოპოვების მცდელობას. სწორედ ამის გამო, საჭიროა რუსეთთან ზოგიერთ საკითხზე დიალოგი, განსაკუთრებით, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით.

ამერიკა საქართველოს გვერდით ედგა მაშინაც, როცა საქართველო არც ნატოში და არც ევროკავშირში გაწევრიანებით იყო დაინტერესებული და ამერიკა საქართველოსთან პარტნიორობას დღემდე ინარჩუნებს.
მარკ სიმაკოვსკი

გამალებული შეიარაღების ხელახლა დაწყება ამერიკის ინტერესებში არ შედის. თუმცა, კრემლს ამ წარმოდგენის შექმნა აწყობს, რადგან ეს რუსეთს წარმოაჩენს, როგორც ამერიკის თანასწორ ქვეყანას, რომელიც შეერთებულ შტატებს კონკურენციას უწევს. ჩვენ სწორედ ამიტომ არ უნდა ჩავერთოთ ამ კონკურენციაში და კრემლს და პუტინს ამით დახმარება არ უნდა გავუწიოთ.

დასავლეთ ფლანგზე რუსეთმა სამხედრო დანაყოფები ისე განალაგა, რომ ძალიან სწრაფად, გაფრთხილების გარეშე შეუძლია უკრაინაზე დამანგრეველი დარტყმის მიტანა. კრემლმა ასევე გააძლიერა სამხედრო ყოფნა ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან. ნატო „გონივრული როტაციით“ ამ საფრთხის დაბალანსებას ცდილობს. რამდენად ეფექტურია ნატოს ეს ძალისხმევა?

ნატო საკმაოდ კარგად ართმევს თავს აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლებლობების გაზრდას. მაგრამ ის სამხედრო ძალები, რომლებიც ნატოს და რუსეთს შორისაა მოქცეული, რუსეთის ძალისთვის აბსოლუტურად შეუფერებელია. სამწუხაროა ის, რომ მაშინ, როცა რუსეთი ნატოს საზღვრებთან ძლიერდება, ნატოს წევრებს შორის დავაა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ჯარის სტრუქტურა ან რომელი ქვეყნის დანაყოფი სად გაიგზავნოს.

ნატოს დანაყოფი ესტონეთში
ნატოს დანაყოფი ესტონეთში

თუმცა, ვფიქრობ, ნატოში გააცნობიერეს ის, რომ აღმოსავლეთ ევროპაზე ყურადღება მეტად უნდა გაამახვილონ. ამისთვის, ალიანსში ამერიკის აქტიური ჩართულობა და წევრი ქვეყნების მხრიდან ფინანსური ვალდებულებების შესრულებაა საჭირო.

რუსეთი გააგრძელებს როგორც ჩვეულებრივი შეიარაღების ასვე ჰიბრიდული შესაძლებლობების გაძლიერებას. ამიტომ, ალიანსს მეტის გაკეთება მართებს. ნატო უფრო მოქნილ ორგანიზაციად უნდა იქცეს, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაჩქარდეს და სამხედრო მეთაურებს სწრაფი მოქმედების საშუალება მიეცეთ. თუ საქმე ამაზე მიდგა, რუსეთი ნატოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დროს არ მისცემს.

მეორე საკითხია ის თუ რა არის დასავლეთის ალტერნატივა? რუსეთის რევანშისტული მოქმედებები და იმ ქვეყნების მდგომარეობა, რომლებიც რუსეთთან არიან დაახლოებული ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მოკავშირე საქართველოს.
მარკ სიმაკოვსკი

ამ დიდ გეოპოლიტიკურ სქემაში საქართველო პატარა მოთამაშეა. თუმცა, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების დაძაბვას მასზე დიდი გავლენა აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ საკუთარი უსაფრთხოების გასაძლიერებლად?

ამერიკის ადმინისტრაციის რამდენიმე წამყვანმა მაღალჩინოსანმა საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერის განცხადებები გააკეთა. პარადოქსულია ის, რომ პრეზიდენტ ტრამპის რუსეთთან დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს, უკრაინის და სხვა რამდენიმე ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გაიზარდა. ჯაველინების მიყიდვა იმის დასტურია, რომ ვაშინგტონში რუსეთის პერიფერიებთან მდებარე ქვეყნების უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ფიქრობენ.

თბილისმა უნდა გააგრძელოს ვაშინგტონთან კომუნიკაცია და იმის უწყვეტად ჩვენება, რომ საქართველო შეერთებული შტატების ყურადღებას იმსახურებს და რომ ქვეყნის მხარდაჭერა ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის.

საქართველოში ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა ბოლო რამდენიმე წელია კლებულობს. ახლო პერსპექტივაში ხელჩასაჭიდი შედეგების გარეშე, რთულია საზოგადოებას უწყვეტად უმტკიცო, რომ დასავლეთისკენ სწრაფვა ერთადერთი სწორი კურსია. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველომ დასავლეთისკენ სწრაფვა გააგრძელოს?

პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ საკუთარი მომავლის და ორიენტაციის არჩევა საქართველოს მოქალაქეების სუვერენული უფლებაა. ამერიკა საქართველოს გვერდით ედგა მაშინაც, როცა საქართველო არც ნატოში და არც ევროკავშირში გაწევრიანებით იყო დაინტერესებული და ამერიკა საქართველოსთან პარტნიორობას დღემდე ინარჩუნებს.

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნა "ღირსეული პარტნიორი"
ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნა "ღირსეული პარტნიორი"

მეორე საკითხია ის თუ რა არის დასავლეთის ალტერნატივა? რუსეთის რევანშისტული მოქმედებები და იმ ქვეყნების მდგომარეობა, რომლებიც რუსეთთან არიან დაახლოებული ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მოკავშირე საქართველოს. მეორეს მხრივ კი, თითქმის ყველა წარმატებული ევროპული ქვეყანა ნატოს წევრია. დასავლეთთან ინტეგრაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ამერიკას კი პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმაროს.

ნაწილობრივ პროპაგანდის, ყალბი ამბების თუ მძიმე ეკონომიკური ფონის გამო, საქართველოში დასავლეთის მიმართაც მატულობს სკეპტიციზმი. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველომ საკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ დასავლეთმა ის სრულფასოვან წევრად მიიღოს და ახლა დასავლეთის ჯერია გადადგას შემხვედრი ნაბიჯი. თქვენ რას ფიქრობთ?

დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ სკეპტიციზმმა ტრადიციულად დემოკრატიულ ქვეყნებშიც მოიმატა. იგივე ხდება შეერთებულ შტატებშიც.

საქართველოს არავინ არაფერს მისცემს თუ ეს საქართველომ არ მოითხოვა. საქართველოს ნატოში ძალით არავინ შეიყვანს. ყველა ქვეყანამ, რომელიც ალიანსის წევრი გახდა, წინსვლა და განვითარება აჩვენა. ცხადია, ნატოს გაფართოება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ის ალიანსის სტრატეგიულ გათვლებზე დაყრდნობით მიიღება.

საქართველოს მოთმინება სჭირდება, რადგან ეს პროცესი სწრაფად არ მთავრდება. 1991 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს ნატოში 29 წევრი იქნებოდა.

ნატოს გაფართოება ციკლურად ხდება და ვფიქრობ, თუ საქართველო რეფორმების კურსს გააგრძელებს, ნატოში გაწევრიანებისთვის უფრო ხელსაყრელი პერიოდი აუცილებლად დადგება. გარდა ამისა, რეფორმების კურსი არა მხოლოდ დასავლეთთან ინტეგრაციისთვის, არამედ საქართველოს საზოგადოების ზოგადი კეთილდღეობისთვის უნდა გაგრძელდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG