ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იალოვიცი: შევარდნაძემ მითხრა რუსები ამას დიდხანს არ დაივიწყებენ


საქართველოს შინაგანი ჯარები გატაცებულ ბრიტანელ ბიზნესმენს ეძებენ. პანკისის ხეობა, სოფელ დუისთან ახლოს, 30 აგვისტო, 2002

ბოლო პერიოდში საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული რამდენიმე გახმაურებული სპეც-ოპერაცია ჩატარდა. ზოგიერთი მათგანი პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას უკავშირდება. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, რომელიც თბილისში ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მსახურობდა, ამბობს, რომ პანკისის პრობლემის გამო, 1999 წელს საქართველომ რუსეთის მხრიდან სამხედრო ოპერაციას თავი ბეწვზე დააღწია. კენეტ იალოვიცს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში პანკისის ასპექტზე და ისტორიულ პერსპექტივაზე ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ბატონო კენეტ, მადლობა ინტერვიუსთვის. საქართველოში ელჩობის შემდეგ ცოტა ხანში, თქვენ თქვით, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად, ჩეჩნეთის მეორე ომის პერიოდში ემზადებოდა. თქვენი ელჩობის დროს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო. როგორ იხსენებთ მაშინდელ მდგომარეობას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და რა თქმა უნდა, ამერიკის როლს ამ დინამიკაში?

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი

ეს ყველაფერი, სინამდვილეში, 1999 წელს დაიწყო, როცა რუსეთი ჩეჩნეთსა და დაღესტანში განახელებული ბრძოლებით იყო შეშფოთებული. კრემლში დაწყებული ჰქონდათ იმაზე ფიქრი, რომ დაღესტნიდან ჩეჩნეთში გადასული მებრძოლების წინააღმდეგ, სამხედრო ძალა გამოეყენებინათ. გარდა ამისა, ჩეჩნეთში წინააღმდეგობის მოძრაობას ვერ აცხრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთის პირველი ომი უკვე ჩავლილი იყო. მოსკოვი საქართველოს უბიძგებდა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა. მაშინ მახსოვს, პანკისთან ახლოს ბომბებიც კი ჩამოყარეს. ამ დროისთვის უკვე იყო განცხადებები მოსკოვის მხრიდან, რომ პანკისი ტერორისტების თავშესაფარი ხდებოდა.

1999 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეხვედრაზე დამიბარა. მან მითხრა, რომ კრემლიდან სთხოვეს, რუსეთის ჯარისთვის - საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზებიდან - ჩეჩნეთზე სამხრეთიდან იერიშის მიტანის ნებართვა მიეცა. შევარდნაძემ მითხრა, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ, ამ ნებართვაზე რუსებისთვის უარის თქმას აპირებდა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არ შედიოდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სოფელ დუისში, 27 აგვისტო, 2002
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სოფელ დუისში, 27 აგვისტო, 2002

მახსოვს მაშინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება რუსებს არ მოეწონებოდათ და რომ მოსკოვი ამას დიდი ხანი არ დაივიწყებდა. ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, პანკისში რამდენიმე ბომბი ჩამოვარდა. ხალხი არ დაღუპულა - პირუტყვი დაიხოცა, მაგრამ რუსებმა საქართველოს მესიჯი გაუგზავნეს და თბილისზე დიდი ზეწოლა დაიწყეს.

ამერიკამ მაშინ ოთხპუნქტიანი პროგრამა წამოიწყო. პირველ ეტაპზე საქართველოს მესაზღვრეების ღამის ხედვის ბინოკლები და სამთო აპარატურა გადავეცით, რათა მათ საზღვრის გადაკვეთის შემთხვევები დაეფიქსირებინათ და აღეკვეთათ.

პანკისის ხეობა, 2002 წელი
პანკისის ხეობა, 2002 წელი

რუსები აცხადებდნენ, რომ ჩეჩნები საქართველოს საზღვარს სისტემატურად კვეთდნენ. ამას კი, მოგეხსენებათ, წინ უძღოდა ჩეჩნეთის ომის დროს, დაახლოებით, 5000 ჩეჩნის საქართველოში, პანკისის ხეობაში დასახლება. რუსები დასაბუთების გარეშე აცხადებდნენ, რომ მათი უმრავლესობა ჩეჩენი მებროლი იყო.

ამერიკის დახმარების პროგრამის მეორე ნაწილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შექმნა იყო, რომელიც საზღვარზე ადამიანების გადაადგილებას დააკვირდებოდა როგორც მესამე - მიუკერძოებელი მხარე.

მესამე ელემენტის ფარგლებში [ვაშინგტონის მხრიდან] რუსებთან დიალოგი იყო მათ იმაში დასარწმუნებლად, რომ პანკისში სამხედრო ოპერაცია არ დაეწყოთ.

პროგრამის ბოლო ნაწილი შევარდნაძის მთავრობის დაყოლიება იყო იმაზე, რომ პანკისში შესულიყო და იქაურობა გაეწმინდა.

ამას რამდენიმე წელი დასჭირდა. მგონი 2003 წელი იყო, როცა მათ პანკისში შესვლა საბოლოოდ გადაწყვიტეს. ვფიქრობ ამ ოთხ პუნქტიანმა გეგმამ მაშინ საქართველო რუსეთის თავდასხმისგან იხსნა, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ, მოვლენები სხვა კურსით განვითარდა.

მას შემდეგ ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. 2004 წელს სააკაშვილის მთავრობამ სცადა პანკისის ასე ვთქვათ “გაწმენდა.” მოგვიანებით ხეობაში იყო რამდენიმე ბურუსით მოცული სპეციალური ოპერაცია. სირიაში ომის დაწყების შემდეგ კი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ 30-მდე პანკისელია მოკლული. რას უკავშირებთ იმას, რომ პანკისის ხეობაში დღესაც არსებობს ტერორიზმის საფრთხეები და ხდება ადამიანების რადიკალიზაცია?

ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი "იროკუსის" ტიპის, იგივე Bell UH-1, შვეულმფრენი, 1 მარტი, 2002
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი "იროკუსის" ტიპის, იგივე Bell UH-1, შვეულმფრენი, 1 მარტი, 2002

ეს საკითხი დიდი ხანია მაწუხებს, რადგან ის არა მხოლოდ საქართველოს შიდა უსაფრთხოებას უკავშირდება, არამედ საგარეოსაც. რუსეთს საქართველოსთან პანკისის თემის წამოწევა და ამით ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა, ადვილად შეუძლია.

შევარდნაძის მთავრობას აქტიურად მოვუწოდებდით პანკისზე კონტროლი დაემყარებინა - სიტუაციას ამის გარდა, სხვა ვერაფერი შეცვლიდა. დღეს ისმის შეშფოთება ტერორიზმთან დაკავშირებით.

დღეს საქართველოს მოვუწოდებ ფრთხილად დააკვირდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთიდან ბრუნდებიან უკან.

ისინი შეიძლება ჩეჩნები და შეიძლება ქართველები იყვნენ. საქართველომ ყველანაირად უნდა სცადოს ამ ადამიანების ქვეყანაში დაბრუნების აღკვეთა. რუსეთს იგივე პრობლემა აქვს ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებით და ამ სფეროში, ვფიქრობ საქართველოს და რუსეთის ინტერესები იკვეთება. არ ვიცი ეს რამდენადაა შესაძლებელი, მაგრამ ეს აზრი მომსვლია. საქართველომ არ უნდა დაუშვას, რომ პანკისის ხეობა ისეთივე უმართავი გახდეს, როგორც ეს 20 წლის წინ იყო.

სოფელი მატაანი, ედუარდ შევარდნაძე გურამ ოთიაშვილის პანაშვიდზე, 27 აგვისტო, 2002
სოფელი მატაანი, ედუარდ შევარდნაძე გურამ ოთიაშვილის პანაშვიდზე, 27 აგვისტო, 2002

ამ სახის კონტროლის დაწესება კი პოლიციის ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი. მე არ ვიცი რამდენად აქტიურადაა პოლიცია მოსახლეობასთან ჩართული პანკისის ხეობაში დღეს. მაგრამ ვიცი, რომ საკმარისი რაოდენობის პოლიციის ოფიცრების ყოლა მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტი იქნება და „ცუდი ადამიანების“ რეგიონში დაბრუნებას ხელს შეუშლის. პოლიციასთან ერთად, ცხადია, აქტიურად უნდა მუშაობდეს სადაზვერვო სამსახურებიც.

ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენიმე ანტი-ტერორისტული ოპერაცია განხორციელდა. როგორ აფასებთ ამ ოპერაციების ეფექტურობას?

გულახდილად რომ გითხრათ, ისე დეტალურად არ ვადევნებდი ამ მოვლებენს თვალს, რომ კომენტარი გავაკეთო. ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ მთავრობა უკეთესად უნდა აკონტროლებდეს პოლიციას და უსაფრთხოების სამსახურებს. ეს არის კრიტიკა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ხშირად ისმის. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტმა ეს პრობლემა კარგად წარმოაჩინა. შინაგან ძალებს და უსაფრთხოების სამსახურებს პრემიერ მინისტრის აპარატი უნდა აკონტროლებდეს.

აქ კიდევ ერთ რამეს დავამატებ. საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე, საქართველოში ეროვნული უშიშროების საბჭო არ უნდა დაიშალოს. ეროვნული უშიშროების საბჭოს ქონა - სადაც სამთავრობო სააგენტოები ერთად იკრიბებიან, სადაც პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი ერთად ისმენენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებს და ერთად იმუშავებენ ამ გამოწვევების გადასალახ გეგმას - ძალიან მნიშვნელოვანია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG