ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამზან კადიროვის „მარჯვენა ხელი“ საქართველოში


მუსლიმ ხუჩიევი რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღეს გროზნოში, 07.10.2017

შინაგან საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის სუბიექტის - ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს მერის მუსლიმ ხუჩიევის არაოფიციალური ვიზიტი საქართველოში, 22 ნოემბერს თბილისში და 27 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციებს უკავშირდებოდა.

46 წლის ხუჩიევი, რომელიც საერთო ჯამში (2007-2009, 2010-2012, 2015-დან ) შვიდი წელია რაც გროზნოს მერიას ხელმძღვანელობს და ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის "მარჯვენა ხელია," თბილისსა და ბათუმში ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

გროზნოს მერი ბათუმის ჰილტონში ცხოვრობდა
გროზნოს მერი ბათუმის ჰილტონში ცხოვრობდა

ბათუმში ყოფნისას ხუჩიევი ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Hilton-ში ცხოვრობდა. თუ რა მიზნით და ვისი მოწმევით ჩამოვიდა საქართველოში, ამის შესახებ გროზნოს მერმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

Hilton-ში „ამერიკის ხმას“ არაოფიციალურად აცნობეს, რომ ჩეჩენი სტუმრის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ზრუნავდნენ, მაგრამ გენერალ-მაიორ ანზონ ჩუბინიძის უწყებაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ბრძანა, რომ გროზნოს მერი, სავარაუდოდ, ტურისტის სტატუსით იყო ჩამოსული:

ეს ადამიანი წლებია, არცერთ სანქციათა სიაში შეტანილი არ ყოფილა, ახლა კი არა, არასოდეს არ ყოფილა. შესაბამისად, არ ვიცი, რა ფორმით, მაგრამ ალბათ, როგორც ტურისტი შემოვიდა და გავიდა"
გიორგი გახარია, შსს მინისტრი

"ეს ადამიანი წლებია, არცერთ სანქციათა სიაში შეტანილი არ ყოფილა, ახლა კი არა, არასოდეს არ ყოფილა. შესაბამისად, არ ვიცი, რა ფორმით, მაგრამ როგორც ტურისტი, ალბათ, შემოვიდა და გავიდა".

ოთხი თვით ადრე, სანამ საქართველოში ინკოგნიტოდ მოგზაურობას გადაწყვეტდა, მუსლიმ ხუჩიევმა ჩეჩნეთის დედაქალაქის დაარსების 199 წლისთავის საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად, ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის უკანონო „მერები“: ადღურ ხარაზია და ალან კოჩიევი გროზნოში პირადად მიიწვია. სოხუმის უკანონო „მერი“ 2017 წლის 5 ოქტომბერს ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია „გროზნის“ პირდაპირ ეთერშიც კი გამოვიდა.

ხუჩიევი გროზნოში ოკუპირებული ცხინვალის უკანონო "მერთან" ერთად
ხუჩიევი გროზნოში ოკუპირებული ცხინვალის უკანონო "მერთან" ერთად

საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ - "უკანონოა ნებისმიერი ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც შექმნილი (დანიშნული/არჩეული) არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან/და რაიმე ფორმით ფაქტობრივად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს ან სხვა საქმიანობას, რაც მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფუნქციებს".

2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილი წევრის, ყოფილი დეპუტატის პაატა დავითაიას ინფორმაციით კი რუსეთთან ომის დროს, რუსეთის არმიის 291-ე მოტომსროლელი პოლკის, 42-ე დივიზიის - ჩეჩნურ ბატალიონ „ვოსტოკის“ ცხინვალის რეგიონში გადმოსროლის ოპერაციას, ჩრდილოეთ კავკასიიდან რამზან კადიროვთან ერთად კოორდინირებას სწორედ მუსლიმ ხუჩიევი უწევდა.

ჩეჩნური ბატალიონი "ვოსტოკი" ცხინვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს
ჩეჩნური ბატალიონი "ვოსტოკი" ცხინვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს

საქართველოში "ტურისტად მყოფ" მუსლიმ ხუჩიევისთვის კითხვები ამ მნიშვნელოვან თემებზე, როგორც ჩანს არავის დაუსვამს. თბილისსა და ბათუმში გროზნოს მერის ყოფნის ფაქტი დაადასტურეს ჩეჩნეთის რესპუბლიკაშიც. გროზნოს მერიაში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ვიზიტი არაოფიციალურ ხასიათს ატარებდა და უკვე დასრულდა:

არავითარი მიზანი გროზნოს მერის ვიზიტს საქართველოში არ ჰქონია. შეიძლება სამკურნალოდ ჩავიდა ან სტუმრად ვინმესთან. ის არაფიციალურად იმყოფებოდა საქართველოში“
ქალაქ გროზნოს მერია

„არავითარი მიზანი გროზნოს მერის ვიზიტს საქართველოში არ ჰქონია. შეიძლება სამკურნალოდ ჩავიდა ან სტუმრად ვინმესთან. ის არაფიციალურად იმყოფებოდა საქართველოში და უკვე სამშობლოშია“.

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვისა და მისი უახლოესი გარემოცვის სხვა წევრებისგან განსხვავებით, „მარჯვენა ხელი“ ხუჩიევი საერთაშორისო სანქციების ქვეშ ჯერჯერობით არ იმყოფება, თუმცა რუსეთის უფლებადაცვითი ორგანიზაცია „მემორიალის“ შეფასებით, „კადიროვის მედლის“ მფლობელი გროზნოს მერი, ისევეა პასუხისმგებელი ჩეჩნეთში არსებულ არაადამიანურ რეჟიმზე, როგორც თავად რუსეთის გმირი რამზან კადიროვი".

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და გროზნოს მერი
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და გროზნოს მერი

მუსლიმ ხუჩიევის სახელი რამდენიმე რეზონანსულ მკვლელობასა და კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. ცნობილია, რომ კადიროვთან ერთად ხუჩიევიც პირადად ემუქრებოდა ცნობილ ჩეჩენ უფლებადამცველ ნატაშა ესტემიროვას, რომელიც 2009 წელს გროზნოდან გაიტაცეს და მოკლეს. ეს საქმე დღემდე გაუხსნელია.

2017 წლის ზაფხულში კი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაქცეულმა ჩეჩენმა ბიზნესმენმა ლომ-ალი ელბიევმა საჯაროდ განაცხადა რომ მუსლიმ ხუჩიევმა თავის ორ ძმასთან და პირად მცველებთან ერთად, გროზნოს მერიის სარდაფში ელექტროშოკის გამოყენებით სასტიკად აწამა და მისგან 28 მილიონი რუბლის (500 000 აშშ დოლარის) გადახდას ითხოვდა.

XS
SM
MD
LG