ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამზან კადიროვი მაგნიტსკის აქტით სანქციებულთა შორის მოხვდა


9 წლის წინ რუსმა იურისტმა და ფინანსისტიმა სერგეი მაგნიტსკიმ რუსეთში ბაზირებული ერმიტაჟის ფონდის აუდიტისას 230 მილიონი დოლარის მოცულობის საგადასახადო თაღლითობა აღმოაჩინა. მან ასევე აღმოაჩინა, რომ ამ თაღლითობაში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. ამ თაღლითობის გამოაშკარავებისთვის მაგნიტსკი დააპატიმრეს და ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის სამიზნე გახდა.

2009 წლის 16 ნოემბერს მაგნიტსკი მოსკოვის წინასწარი დაკავების ცენტრში გარდაიცვალა. თავდაპირველად მთავრობის წარმომადგენლებმა სიკვდილის მიზეზად არასათანადო მოპყრობა და ჯანდაცვისადმი მიუწვდომლობა დაასახელეს, რის საფუძველზეც გამოძება დაიწყო. მოგვიანებით, გამოძება შეწყდა.

2012 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა მაგნიტსკის სახელობის აქტი მიიღო, რომლითაც სანქციები დაუწესდა მაგნიტსკის საქმეში ჩართულ ხალხს. ამავე აქტით სანქციები დაწესდა იმ ხალხზე, ვინც მაგნიტსკის მიერ გამოძიებული თაღლითობით, მისი პატიმრობით ან სიკვდილით იხეირა. ამავე სიაში შედის რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, ვინც უკანონო ქმედებებში, საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევაში, წამებაში და მკვლელობებში მონაწილეობდა.

2017 წლის 20 დეკემბერს შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა მაგნიტსკის აქტის თანახმად სანქციები 5 ადამიანზე დააწესა. მათ შორის არიან ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კაპიტანი აიობ კატაევი. მათ სანქციები იმ პირების დევნისთვის, წამებისთვის, მკვლელობებისთვის დაუწესდათ, ვინც რუსეთის ხელისუფლების უკანონო ქმედებებს ავლენდა. სანქციები ასევე დაუწესდათ ალექსეი შეშენიას, იულია მაიოროვას და ანდრეი პავლოვს, ისინი მაგნიტსკის მიერ გამოძიებულ თაღლითობაში მონაწილეობდნენ.

მაგნიტსკის აქტის ამოქმედებიდან სანქციები სულ 49 ადამიანის წინააღმდეგ დაწესდა. სანქციების ფარგლებში ამ ადამიანებს შეერთებულ შტატებში სამოგზაუროდ ვიზის მიღება შეეზღუდებათ. ასევე ეკრძალებათ წვდომა შეერთებულ შტატებში არსებულ უძრავ ქონებაზე, აკრძალულია შეერთებული შტატებიდან ფინანსური გადარიცხვების წარმოებაც.

„ხაზინა მზად არის წნეხი შეინარჩუნოს მაგნიტსკის აქტში ნახსენებ ხალხზე,“ განაცხადა ხაზინის უცხოეთის დეპარტამენტის მეთაურმა ჯონ სმიტმა. „ჩვენ გავაგრძელებთ მაგნიტსკის აქტის გამოყენებას მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთში ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს, ვინც წამებაში, მკვლელობებში და სხვა საზარელ ქმედებებში მონაწილეობდა,“ დასძენს სმიტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG