ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფეისბუქმა" რამზან კადიროვის გვერდი დაბლოკა


"ფეისბუქი" აცხადებს, რომ მან რამზან კადიროვის სოციალური მედიის ანგარიშები დაბლოკა. სოციალური ქსელის განმარტებით, ამის მიზეზი კრემლის მიერ მხარდაჭერილი ჩეჩენი ლიდერის მიმართ, შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები და სამოგზაურო შეზღუდვები იყო. სანქციები უკავშირდება ამერიკის ძალისხმევას დაისაჯონ ის პირები, რომელთა სახელებიც ე.წ. მაგნიტსკის აქტს უკავშირდება.

9 წლის წინ რუსმა იურისტმა და ფინანსისტიმა სერგეი მაგნიტსკიმ რუსეთში ბაზირებული ერმიტაჟის ფონდის აუდიტისას 230 მილიონი დოლარის მოცულობის საგადასახადო თაღლითობა აღმოაჩინა, რომელშიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. მალევე მაგნიტსკი დააპატიმრეს. ის 2009 წლის 16 ნოემბერს, მოსკოვის წინასწარი დაკავების ცენტრში გარდაიცვალა. თავდაპირველად მთავრობის წარმომადგენლებმა სიკვდილის მიზეზად არასათანადო მოპყრობა და ჯანდაცვისადმი მიუწვდომლობა დაასახელეს, რის საფუძველზეც გამოძება დაიწყო. მოგვიანებით, გამოძება შეწყდა.

2012 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა მაგნიტსკის სახელობის აქტი მიიღო, რომლითაც სანქციები დაუწესდა მაგნიტსკის საქმეში ჩართულ ხალხს. ამავე აქტით სანქციები დაწესდა იმ ხალხზე, ვინც მაგნიტსკის მიერ გამოძიებული თაღლითობით, მისი პატიმრობით ან სიკვდილით იხეირა. ამავე სიაში შედის რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, ვინც უკანონო ქმედებებში, საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევაში, წამებაში და მკვლელობებში მონაწილეობდა.

2017 წლის 20 დეკემბერს კი შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა მაგნიტსკის აქტის თანახმად სანქციები 5 ადამიანზე დააწესა. მათ შორის მოხვდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კაპიტანი აიობ კატაევი. მათ სანქციები იმ პირების დევნისთვის, წამებისთვის, მკვლელობებისთვის დაუწესდათ, ვინც რუსეთის ხელისუფლების უკანონო ქმედებებს ავლენდა. სანქციები ასევე დაუწესდათ ალექსეი შეშენიას, იულია მაიოროვას და ანდრეი პავლოვს, ისინი მაგნიტსკის მიერ გამოძიებულ თაღლითობაში მონაწილეობდნენ.

მაგნიტსკის აქტის ამოქმედებიდან სანქციები სულ 49 ადამიანის წინააღმდეგ დაწესდა. სანქციების ფარგლებში ამ ადამიანებს შეერთებულ შტატებში სამოგზაუროდ ვიზის მიღება შეეზღუდებათ. ასევე ეკრძალებათ წვდომა შეერთებულ შტატებში არსებულ უძრავ ქონებაზე, აკრძალულია შეერთებული შტატებიდან ფინანსური გადარიცხვების წარმოებაც.

კადიროვი მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს უარყოფს.

"ფეისბუქი" და სხვა სოციალური ქსელის წარმომადგენლები ამერიკელი კანონმდებლების ყურადღების ცენტრში სხვა საქმესთან დაკავშირებითაც მოექცნენ. კერძოდ იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს აღეკვეთათ რუსეთის ოპერატიული სამსახურების მიერ მათი ქსელების ბოროტად გამოყენება 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG