ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთელი დღის განმავლობაში გუშინ საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანები პირდაპირი ეთერით თვალს ადევნებდნენ სპეცოპერაციას გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. სროლა, აფეთქებები, კვამლი, დაღუპული და დაჭრილი ადამიანები, ევაკუირება და ბრძანება გადაადგილების შეზღუდვების შესახებ – გუშინდელი დღის აღწერა ერთი წინადადებით ასეთია. თუმცა, ერთია, რას ხედავდნენ მოქალაქეები ტელეეკრანებიდან და თვითმხილველების მიერ გავრცელებული ვიდეო–კადრებიდან და მეორე ის, თუ რა განმარტება და კვალიფიკაცია მისცეს მას ოფიციალურმა პირებმა.

ამ უკანასკნელის თაობაზე ინფორმაცია მწირია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისნის მჭდროდ დასახლებულ რაიონში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც დაიღუპა ერთი საქართველოს მოქალაქე, სპეც დანიშნულების რაზმის თანამშრომელი და დაიჭრა მისი ოთხი კოლეგა. ასევე ცნობილია, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან, სადაც სოლიდური რაოდენობის იარაღი იყო თავმოყრილი (თუმცა, დაზუსტებით უცნობია, ამ განსაზღვრებაში რამდენი იგულისხმება), გაიხსნა ცეცხლი და სროლა თითქმის 20 საათის განმავლობაში გაგრძელდა. გარდაიცვალა დანაშაულებრივი დაჯგუფების სამი წევრი, დაკავებულია ერთი. დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებული პირი სპეცოპერაციის დაწყებამდე აიყვანეს და რომ ის რუსეთის მოქალაქეა.

რა მოხდა რეალურად თბილისში, რა კვალიფიკაცია აქვს საქმეს, რამდენად იყო ეს ყველაფერი კავშირში ტერორიზმთან? ამის შესახებ ოფიციალური წყაროები დუმან.

"ამერიკის ხმამ" რამდენიმე კომენტარი ჩაიწერა იმის გასარკვევად, თუ რა სახის გამოწვევები გამოკვეთა გუშინდელმა სპეცოპერაციამ უსაფრთხოების თვალსაზირით საქართველოსთვის.

ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი ბათუ ქუთელია ჩვენთან საუბრისას აცხადებს: „მთავარი პრობლემა გუშინდელ ფაქტთან მიმართებით ის გახლავთ, რომ ზუსტად ვერ ვაკეთებთ კლასიფიცირებას, რასთან გვქონდა საქმე. რა იყო ეს? ორგანიზებული დანაშაული? ტერორიზმი? ორივე ერთად? იგეგმებოდა თუ არა ტერორისტული აქტი? მასშტაბი რამხელა იყო? რასთან იყო კავშირში? რომელი ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობდნენ?... საქართველოს ტერიტორიის დერეფნად გამოყენების შესახებ ინფორმაცია და ფაქტები არსებობდა. იგივე პანკისის ხეობიდან, დაახლოებით 50–მდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა „ისლამურ სახელმწიფოში“ მებძოლად. თუმცა, შემდგომში გატარებული ღონისძიებების შედეგად, ეს დინამიკა შემცირდა და ბოლოს მგონი, საერთოდ აღარც ერთი ფაქტი არ ფიქსირდებოდა. ახლო აღმოსავლეთში კოალიციური ძალების, მათ შორის აშშ–ის აქტიური მონაწილეობით წარმატების შედეგად, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტერიტორიები დაკარგა და შესაბამისად, ის მებრძოლები, ვინც იქ იმყოფებოდნენ, შეეცდებიან უკან დაბრუნებას. ეს საფრთხეს, ალბათ გაზრდის. ჩრდილოეთ კავკასიაში გადასასვლელად საქართველო გეოგრაფიულად და ტექნიკურადაც მოსახერხებელია. ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან მიმართებით საფრთხის გააზრებისას ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ ჩვენ ვართ რუსეთის მეზობელი ქვეყანა. სწორედ რუსეთის ტერიტორიიდან ცდილობდენ „ისლამურ სახელმწიფოში“ მიმავალი მებრძოლები მოხვედრას. ხშირად, ეს საქართველოს გავლით ხდებოდა. შესაბამისად, ამავე გზით დაბრუნების ალბათობა დიდია. რუსეთი რომ შეეცდება დამატებით გამოიყენოს ეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის პრობლემის შესაქმნელად, ცალკე თემაა.“

ბათუ ქუთელია ჩვენთან საუბრისას საქართველოს ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების შესახებ ამბობს:

„რაც შეეხება უკვე ჩვენს შიდა პრობლემას, ესაა უმცირესობებით დასახლებული რეგიონები, სადაც მოსახლეობა საკმაოდ მოწყვლადია მცდელობისგან, რომ ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა ისინი თავის რიგებში გააწევრიანოს პროპაგანდის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. აქედან გამომდინარე, ახალი, ზოგადად, არაფერია, ესაა გამოწვევები, ის უსაფრთხოების კონტექსტი, რომელშიც ჩვენ გვიწევს სახელმწიფოს მშენებლობა. ამაზე პასუხები უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს. სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინაცია არის ყველაზე ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ რაიმე უფრო მნიშვნელოვანი გართულებები. ამ მხრივ, კი როგორც ჩანს, ძალიან ბევრი პრობლემაა სახელმწიფოში".

საქართველოს ამ დროისთვის ცალმხრივად აქვს გახსნილი უივზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ის, რომ საქართველოს ტერიტორია შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც სატრანზიტო დერეფანი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისთვის, ვინც უკან, სახლში – რუსეთში ბრუნდება – ამგვარ ვერსიას სარწმუნოდ მიიჩნევს ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძეც: „“ისლამური სახელმწიფო“ მარცხდება და მისი მებრძოლები ახლა წავლენ სახლებში, ძირითადად, რუსეთში. ამ მდგომარეობაში, შესაძლოა, მოინდომონ საქართველოს გამოყენება კორიდორად, მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს ლიბერალური სავიზო რეჟიმი. რუსეთის მოქალაქეები ჩვენთან ჩვეულებრივად შემოდიან. მე მგონი, ეს საფრთხე გამოიკვეთა გუშინ. შესაძლოა, ეს ჯგუფი რუსეთში გადასვლას აპირებდა და საქართველო მათი სამიზნე არ იყო, მაგრამ აქედან რუსეთში გადასვლა ტერიტორიტების – ჩვენთვის ესეც საფრთხეა. რუსეთი შეეცდება, მოგვაკეროს იარლიყი, რომ ჩვენ ტერორისტებს ვიფარებთ. მსგავსი მცდელობა არაერთხელ ყოფილა. ეს არის სერიოზული საფრთხე. ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტების ნებისმიერი ყოფნა უნდა იყოს აღკვეთილი და ეს მოხდა გუშინ".

საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა შეიარაღებული პირების შესახებ განაცხადა, რომ ისინი წარმოადგენენ ბოროტებას და მოქმედებენ ბოროტების სახელით. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველო რეგიონში ერთ–ერთ უსაფრთხო ქვეყნად რჩება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG