ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრამერი: პრეზიდენტ ზელენსკის ყველანაირი უფლება აქვს, რომ [საქართელოს მთავრობაზე] განრისხებული იყოს


უკრაინა უკვე მე-7 დღეა რუსეთის სამხედრო აგრესიას იგერიებს. რუსი ჯარისკაცების მთავარი სამიზნე კიევი და ხელისუფლების შეცვლაა, ამბობენ დასავლეთში. ამ დროს, დასავლეთის ქვეყნები სანქციებით, სამხედრო, ჰუმანიტარული, ფულადი გზებით ცდილობენ უკრაინის დახმარებას.

ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა უკრაინაში საქართველომაც. თუმცა, სანქციებზე "ქართული ოცნების" მთავრობას, დასავლეთისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს.

"სანქციები არ მუშაობს" ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. რითიც უკრაინის გაღიზიანება გამოიწვია. გუშინ კი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის ელჩი საქართველოში, ქვეყნის მხრიდან "ამორალური" საქციელის გამო გაიწვია. ზელენსკი გულისხმობდა ღარიბაშვილის მთავრობის უარს, შეურთდეს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

დევიდ კრამერი, ბუშის ინსტიტუტის, გლობალური პოლიტიკის მმართველი დირექტორი ამბობს, რომ მომხარი საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის, სავარაუდოდ, ურთიერთობებს დაძაბავს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, საქართველოდან უკრაინის ელჩის მოლაპარაკებებისთვის გაწვევა გადაწყვიტა. მან ორი მიზეზი დაასახელა: საქართველოდან უკრაინაში წასავლელად მზადმყოფი მოხალისეების არ გაშვება და როგორც თავად უწოდა, „ამორალური“ გადაწყვეტილება, არ შეერთებოდა საქართველო დასავლეთს რუსეთისთვის სანქციების დადებაში. რა გავლენა ექნება საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე ამ ყველაფერს?

პრეზიდენტ ზელენსკის ყველანაირი უფლება აქვს, რომ განრისხებული იყოს. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებები, არჩევანი და ქმედება, რომელსაც საქართველოს მთავრობისგან ვხედავთ, შემაშფოთებელია. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ არ შეურთდება [დასავლეთის სანქციებს] და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ყველა უფლება აქვს, რომ გაბრაზებული იყოს საქართველოს მთავრობაზე ამის გამო. მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც ძალიან უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობით. ეს ის დროა, როდესაც უკრაინას სჭირდება და იმსახურებს საერთაშორისო სოლიდარობას, მათ შორის საქართველოდანაც.

საქართველო, რა თქმა უნდა, 2008 წელს თავად იყო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და დღემდე მცოცავი ოკუპაციის მსხვერპლია. ასე რომ ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მთავრობა არ აკეთებს უკრაინის მხარდამჭერ ნათელ განცხადებებს.

როგორ ფიქრობთ, ექნება ამას გავლენა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე?

მთავრობებს შორის ნამდვილად. ვფიქრობ, რომ უკრაინელებმა მხარი დაუჭირეს და დააფასეს ის, თუ რამდენი ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში უკრაინის მხარდასაჭერად. ქართველმა ხალხმა ნათელი გახადა, რომ ამ საშინელი კრიზისის დროს ისინი უკრაინას მხარს უჭერენ, თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა არ გამოხატავს ხალხის აზრს.

ვფიქრობ, მომავალში საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაუარესებას დავინახავთ. ამაში კი პრემიერ-მინისტრს და ბიძინა ივანიშვილს ვადანაშაულებ. ორი აზრი არ არსებობს, რომ ისინი უნდა შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, უკრაინის გვერდით უნდა იდგნენ. საქართველოს პარლამენტმა კი რეზოლუცია უნდა გამოსცეს, სადაც რუსეთი დასახელებული უნდა იყოს, როგორც დამნაშავე მხარე ამ შემთხვევაში.

ის რაც მან [საქართველოს მთავრობამ] აქამდე გააკეთა, ნამდვილად არ იყო საკმარისი. უფრო მეტიც, როგორც მესმის, მთავრობა არ აპირებს, რომ ევროკავშირის წევრობა მოითხოვოს 2024 წლამდე. ეს იმის საწინააღმდეგოა, რაც უკრაინამ გააკეთა. კიდევ ერთხელ, ეს მაფიქრებინებს, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს გარკვეულწილად, დისტანცირება მოახდინოს უკრაინის მთავრობისგან მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი ძალიან მკაფიოდ გამოხატავს, რომ ის უკრაინასთან ერთად დგას.

რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარს საქართველო ორი ძირითადი მიზეზით ხსნის: ქართული ეკონომიკა რუსეთისაზეა დიდწილად დამოკიდებული. ასევე, თუ საქართველო, სადაც ერთხელ უკვე შეიჭრა რუსეთი, ფრთხილად არ იქნება, მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ პუტინი კვლავ დაიწყებს ომს. როგორ ფიქრობთ, სჭირდება პუტინს მიზეზი, რომ სუვერენულ ქვეყანას თავს დაესხას?

მას თავისი, დამოუკიდებელი უამრავი მიზეზი აქვს. ასე რომ კომრომისზე წასვლასა და პუტინთან შეწყობაზე საუბარი, სრულიად უადგილოა. მას მიზნად ჰქონდა დასახული, რომ შეჭრილიყო საქართველოში, ეს დაეწყო პროვოკაციის მოწყობით 2008 წელს.

ის შეიჭრა უკრაინაში არა ნატოს საკითხის გამო, არამედ იმისთვის, რომ უკრაინა მზად იყო ევროკავშირთან შეთანხმებისთვის მოეწერა ხელი. ასე რომ არ არსებობს რაიმე სახის რაციონალური ახსნა იმისა, რატომ დაიწყო ეს საშინელი, სასტიკი კამპანია უკრაინის წინააღმდეგ.

ჩვენ, ჩვენი პრინციპების ერთგული უნდა დავრჩეთ. ქვეყნებს [აღმოსავლეთ ევროპის] რეგიონში სრული უფლება აქვთ, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა სურდეთ და ამისგან უკან არ უნდა დავიხიოთ. არ უნდა მივცეთ პუტინს დე-ფაქტო ვეტო.

პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ „სანქციები არ მუშაობს“. მეორე მხრივ, ამერიკას, ევროპასა და კანადასთან ერთად, პირველად ისტორიაში, რუსეთს სანქციები დაუწესა შვეიცარიამაც. სანქციებზე უარის თქმით, რომელ მხარეს აღმოჩნდა საქართველო?

[საქართველო ამ გადაწყვეტილებით] ნამდვილად არ დგას დემოკრატიულ საზოგადოებასთან ერთად, რომელიც პუტინის რეჟიმზე კონტროლის გამკაცრებას ცდილობს. არ მინდა ისე შორს წავიდე, რომ ვთქვა- [საქართველო] პუტინის გვერდით დგას, თუმცა, იმათი არგუმენტები, ვინც ამას იტყოდა, სრულიად გასაგები იქნება ჩემთვის. საქართველოს მთავრობა ქმნის იმის ხატებას, იმის განცდას, რომ ისინი, თითქოს, მხარს უჭერენ რასაც პუტინი აკეთებს.

ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მთავრობა სწორ პრინციპებს არ ირჩევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანამ გამოსცადა ის, რაც საქართველომ 14 წლის წინ.

როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციები არ მუშაობს, ჩემი პასუხი ამაზე იქნება- მოდით, მაშინ ბატონ ღარიბაშვილს დავუწესოთ სანქციები და ვნახოთ მასზე იმუშავებენ თუ არა ისინი. ნათელია, რომ მას არ შეუძლია თავისი საქმე პრინცებზე დაყრდნობით გააკეთოს.

უკვე წელიწადზე მეტია ვამბობ, რომ ის სანქცირებული უნდა იყოს იმისთვის, რაც გასულ წელს გააკეთა, როდესაც პრემიერად დაბრუნების შემდეგ, [ნიკა] მელიას დაკავებას მოაწერა ხელი. ასევე, მისი ქმედებების გამო გასულ ივლისს დემონსტრაციებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმის, სხვა უამრავი რამის გამოც.

თურქეთმა მონტროს კონვენცია აამოქმედა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:01 0:00

ნამდვილად მგონია, რომ ქართველი ხალხი უკეთეს ლიდერს იმსახურებს. ისინი [საქართველოს მოსახლეობა] ამას აჩვენებენ იმით, რომ გამოდიან ქუჩებში და დემოკრატიასა და თავისუფლებას უჭერენ მხარს და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას.

უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა, რომელიც გუშინ განიხილეს კიდეც. ბევრი ამბობს, რომ უკრაინასთან ერთად, იგივეს უნდა აკეთებდნენ საქართველოც და მოლდოვაც. თუმცა, „ქართული ოცნების“ წევრებისგან მოვისმინეთ, რომ მათი ინფორმაციით, ეს წელს საქართველოს შემთხვევაში არ მოხდება, ის მხოლოდ ომში მყოფ უკრაინას ეხება. ასეთი განცხადებებით ეჭვქვეშ დგება თუ არა საქართველოს გზა ევროკავშირისა და მოგვიანებით, ნატოსკენ?

როგორც ჩანს, ქართული ოცნება არ არის ევროატლანტიკური ორიენტაციის განხორციელების ერთგული, მე არ ვიცი სხვა რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან. ჩემი აზრით, ამის არ განხროციელება უკრაინასთან ერთად შეცდომაა. სხვა შემთხვევაში საქართველო პროცესს მიღმა დარჩება. თუ ეს ისაა, რაც "ქართულ ოცნებას", საქართველოს ახლანდელ მთავრობას, ივანიშვილს სურს, მაშინ, მეჩვენება, რომ ქართველმა ხალხმა ამას კარგად უნდა გადახედოს.

უკვე დიდი ხანია იმედგაცრულებული ვარ, თუმცა ამ ბოლო დროს, კიდევ უფრო მაქვს ეს განცდა "ქართული ოცნებისა" და საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ მათი ქმედებების გამო. არ მგონია, რომ საქართველო ამ მიმართულებით უნდა მიდიოდეს.

ბრიტანეთის, უკრაინისა და პოლონეთის უსაფრთხოების პაქტი სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა. უკვე მიმდინარეობს განხილვა იმისა, რომ ამით ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეიცვალა. ამ ქვეყნებთან გაერთიანების გარეშე, კარგავს თუ არა საქართველო უნიკალურ შანსს, იყოს დიდი პროცესების მონაწილე?

აბსოლუტურად! სიტუაცია ევროპაში სრულიად შეიცვალა. შეხედეთ ცვლილებებს გერმანიაში კანლცერ შულცის ხელმძღვანელობით, სადაც "ჩრდილოეთის ნაკადი 2" შეაჩერეს. ახლა კი ისინი უკრაინას იარაღსაც მიაწვდიან, ასევე მკვეთრად გაზრდიან თავდაცვის ბიუჯეტს. საქართველოს მთავრობა კი ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა გასულ კვირას. მათ უნდა გაიაზრონ რა ხდება და სწრაფად უნდა იმოქმედონ უკრაინასთან, მოლდოვასთან, ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად. მთავრობამ უნდა დააწინაუროს თავისი გეგმა რაც შეიძლება სწრაფად.

ქვეყნები, რომლებიც რუსეთისგან ყველაზე დაცულები არიან, ნატოში არიან. მეხუთე მუხლი მათ უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს. მე მესმის საქართველოს იმედგაცრუება იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოს მხრიდან 2008 წელს დაპირებულ წევრობასთან მიმართებაში პროგრესის სიმცირე იყო, თუმცა ახლანდელი მთავრობაც არ ცდილობს საკუთარი დღის გეგმის გატანას აგრესიულად.

გაეროში უკრაინის ელჩმა ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „თუ უკრაინა ვერ გადარჩება, ვერც საერთაშორისო მშვიდობა გადარჩება. თუ უკრაინა ვერ გადარჩება, არაფერი შეგეშალოთ, არც გაერთიანებული ერები გადარჩება“,- ეთანხმებით მის ამ სიტყვებს? როგორ ფიქრობთ, რა გაკვეთილი შეიძლება ისწავლონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ელჩის ამ სიტყვებიდან?

ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, უნდა დავიცვათ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოების დამოუკიდებლობის კონცეფციები. უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს, აქვს ყველა უფლება, რომ საკუთარი მომავალი განსაზღვროს. ეს უამრავ ხელშეკრულებაშია ჩაწერილი და მათზე ხელი რუსეთსაც აქვს მოწერილი. ასე რომ თუ პუტინს უფლებას მივცემთ, რომ მიწასთან გაასწოროს ყველა შეთანხმება, ნორმა და სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ვცხოვრობდით, მაშინ ვიცხოვრებთ სამყაროში, რომელსაც ვერც ვიცნობთ და არც მოგვეწონება.

ჩვენ უნდა დავდგეთ ამ პრინციპებზე, დავიცვათ ქვეყნების თავისუფლება აირჩიონ საკუთარი მომავალი და დავიცვათ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კონცეფციები.

ევროპის კონტინენტზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მწვავე კრიზისში ვართ, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არაა. ასე რომ, უკრაინის წინააღმდეგ რუსული ძალების მასიური თავდასხმის შესაძლებლობის გამო, ახლაა დრო, როდესაც ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, უნდა დაუდგეს უკრაინას გვერდით და არ ჰქონდეს რაიმე დაბნეულობა იმის შესახებ, თუ რომელ მხარეს არიან ისინი.

როგორ ფიქრობთ, რა მოხდება შემდეგში? რის მიღწევა სურს პუტინს უკრაინაში და უნდა ეშინოდეთ თუ არა საქართველოს, მოდლოვასა და ბალტიისპირეთს იმის, რომ, შესაძლოა შემდეგი მსხვერპლი ისინი იყვნენ?

ვფიქრობ ქვეყნები, რომლებიც ახლა ნატოში არიან, უდავოდ ნერვიულობენ, თუმცა მათ ნაკლებად აქვთ ამის მიზეზი. ამავდროულად, ვერცერთი ჩვენგანი ვერ იქნება მშვიდად.

ვდარდობ იმაზე, რომ თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, რასაც უნდა ნიშნავდეს ეს უკრაინისთვის, ნება მიბოძეთ ვისესხო ძველი სტალინისტის ფრაზა, "წარმატებისგან თავბრუ დაეხვევა" და ბედს სხვა ქვეყნებთანაც ცდის. შესაძლოა რაიმე ტიპის თავდასხმა ნატოს წევრ ქვეყანაზეც სცადოს. თუმცა იქამდე ძალიან შორი გზა და პროცესია.

უკრაინელები წარმოუდგენლად იბრძვიან. ვფიქრობ, ჩვენ, ყველამ ტაში უნდა დავუკრათ მათ იმისთვის, რასაც სამშბოლოს დასაცავად აკეთებენ. არ არსებობს იმის გარანტია, რომ პუტინი წარმატებას მიაღწევს. ამისთვის მან უამრავი ქალაქი უნდა გაანადგუროს და ამოხოცოს ათასობით უკრაინელი. მოდი, იმედი ვიქონიოთ, რომ მიუხედავად თავისი სიგიჟისა, ის ამაზე არ წავა.

ახლა, ამ გაჭირვების ჟამს, დროა, რომ ვიდგეთ უკრაინელებთან ერთად. საქართველოს ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს. როგორც ჩანს, ქართველ ხალხს მართლაც ესმის, თუმცა მის მთავრობას არა. ქართულ ოცნებასა და საქართველოს მთავრობას, სამწუხაროდ, ეს საერთოდ არ ესმის.

XS
SM
MD
LG