ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობის პასუხი ზელენსკის


მთავრობის კანცელარია

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ და ამბობს, რომ „მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა იყო პროვოკაციული და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული.“

განცხადება ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთა. ილია დარჩიაშვილის განცხადებას, საქართველოს მთავრობა, „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

„მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში“ - აცხადებს დარჩიაშვილი.

ადმინისტრაციის უფროსის თქმით, „არ წყდება ომში საქართველოს ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციბი“ და ამ პროცესს, „დესტრუქციული ოპოზიციის“ მიერ მართულს უწოდებს.

„საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ სამწუხაროდ არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა". ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში. პროვოკაციული იყო გუშინ, მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა“ - აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ „პოზიცია უცვლელი რჩება - უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება“

საქართველოდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილების შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა და თქვა, რომ გადაწყვეტილება ძალაში „სასწრაფოდ“ შევა.

როგორც ზელენსკი ამბობს, ელჩის გამოწვევის მიზეზი საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები გახდა, მათ შორის ის, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს, ზელენსკიმ ეს ქმედება „ამორალურად“ შეაფასა.

"რაც შეეხება ჩვენს დიპლომატებს, მათი ქმედებები გამართლებულია იმ სახელმწიფოების მიმართ, რომელებმაც თავიანთი სიტყვა და საერთაშორისო ნორმები დაარღვიეს. დაუყონებლივ კონსულტაციებზე გამოვიწვიეთ უკრაინის ელჩი ყირგიზეთში, რადგან ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა. ასევე, დაუყოვნებლივ ვიძახებთ კონსულტაციებზე უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, რომელთაც ჩვენი დამხარება სურდათ და ასევე სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო",”- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ის, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, რომ "სანქციები არ მუშაობს" და აქვე აცხადებენ, რომ საქართველო რუსეთის საფრთხის ქვეშ არის.

XS
SM
MD
LG