ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტავრიდისი: საქართველოს ნატოში გაწევრიანება უფრო რეალური გახდება, თუ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ნატოს მოქმედებების ბაზისი არ იქნება


ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი ადმირალი (გადამდგარი) ჯეიმს სტავრიდისი

რა გაუადვილებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას იმ პირობებში, როცა ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციას რუსული ჯარი დღემდე აგრძელებს? ნატოს ყოფილი მთავარსარდალი, ადმირალი (გადამდგარი) ჯეიმს სტავრიდისი ამბობს, რომ ნატოს იმაში დარწმუნება, რომ ალიანსი საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმაროს, ძალიან რთული იქნება. თუმცა, თუ ტერიტორიების დაბრუნება ნატოს მოქმედებების ფუნდამენტური პოზიცია არ იქნება, ეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას გააადვილებს. ადმირალ სტავრიდისს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ადმირალო, დიდი მადლობა, ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ. როგორ იხსენებთ რუსეთის საქართველოში შეჭრის დეტალებს 12 წლის წინ? რა მოვლენები გახსენდებათ, რას ხედავდით, რას ფიქრობდით?

მე ეს ძალიან მაწუხებდა, რადგან იმ დროს აშშ-ის სამხრეთის სარდლობის მეთაური ვიყავი და ყურადღება ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონისკენ მქონდა მიმართული. თუმცა, ვიცოდი, რომ ნატოს მომდევნო უმაღლესი მთავარსარდალი მე ვიქნებოდი და რუსეთის შეკავების თვალსაზრისით, საქართველოში შეჭრის ამ საკითხზე, ნატოს რეაგირებაზე მუშაობა მე მომიწევდა. და ბოლოს, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დავინახეთ ის, რასაც ჰიბრიდულ ომად ვაფასებთ, კონკრეტულად კი კინეტიკურ ძალასთან ერთად, რაშიც რაკეტები, ბომბები, ტანკები, ჯარისკაცები შედის, რუსეთმა კიბერ მეთოდებიც გამოიყენა. ეს ძალიან შემაშფოთებელი სცენარი იყო, ცხადია, პირველ რიგში, ულამაზესი საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, ნატოსთვის და პირადად ჩემთვის.

რა იყო რუსეთთან დაკავშირებული ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური საკითხები, რომლებიც მაშინ გამოჩნდა?

უპირველეს ყოვლისა, ამან დაგვანახა, რომ ვლადიმირ პუტინს არ ეშინოდა თავისი ჯარი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ პირდაპირ დაპირისპირებაში გამოეყენებინა და ძალის გამოყენებით საზღვარი შეეცვალა. საქართველოში მისმა შემდგომმა მოქმედებებმა და მარიონეტი სახელმწიფოების შექმნამ, ის მოსაზრებები გაგვიმყარა, რომლებიც ახლა ცხადად ვიცით. ეს იყო ძალიან სამწუხარო, მაგრამ მნიშვნელოვანი მინიშნება იმაზე, თუ რა მოხდებოდა უკრაინაში, სადაც მან ზუსტად იგივე გააკეთა. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, შეფასება ასეთია, რომ ვლადიმირ პუტინი მზადაა წავიდეს რისკებზე. ის მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა საზღვრების შესაცვლელად. ვფიქრობ, ნატოს გადმოსახედიდან, ჩემთვის შეკითხვა იყო ის, წავა თუ არა ის ყველაზე დიდ რისკზე და გადალახავს თუ არა ნატოს საზღვარს?

და რას ვფიქრობთ?

არა მგონია, ამ კითხვაზე პასუხი ვიცოდეთ. ის დროდადრო ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, კერძოდ ესტონეთზე საუბრობს, სადაც მოსახლეობის, დაახლოებით, 10 პროცენტი რუსი უმცირესობაა. ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ამ რისკზე წავიდეს და ნატოს საზღვარი გადაკვეთოს. მაგრამ ჩვენ ის უნდა შევაკავოთ. შეკავება კი არის შესაძლებლობები და დამაჯერებლობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამხედრო შესაძლებლობები შეჯვარებული უნდა იყოს იმის დამტკიცებასთან, რომ თუ ის ამას ეცდება, იმ შემთხვევაში ჩვენ სამხედრო ძალის გამოყენებით სიბრაზით ვიმოქმედებთ იმ შემთხვევაში, თუ ის ამას ეცდება. ამისთვის მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ აშშ-ის მძლავრი სამხედრო ყოფნა ევროპაში, ვატაროთ სერიოზული სამხედრო სავარჯიშოები და წვრთნები, გავაგრძელოთ მუშაობა იმ პარტნიორებთან, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები, როგორიცაა საქართველო, უკრაინა.

მე რომ ქართველი ან უკრაინელი ვიყო კონსოლიდაციას და ნატოს კარვის ქვეშ შესვლას და ამ ტერიტორიების დაბრუნებას დროთა განმავლობაში ვეცდებოდი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან რთული გზაა, მაგრამ მე რომ ვიყო, ვამჯობინებდი ნატოს წევრი ვიყო, ვიდრე ნატოს პარტნიორი.

უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არა მხოლოდ ნატოს 30 წევრთან, არამედ ჩვენს ახლო პარტნიორებთან, რომლებიც რუსეთის გარშემო არიან განლაგებული. ეს ყველაფერი რეალური შეკავება იქნება, რაც, ვფიქრობ, მშვიდობას ინარჩუნებს.

ამ გადმოსახედიდან, უკრაინაში შეჭრის, სირიაში მოქმედებების, ჰიბრიდული ოპერაციების შემდეგ, რუსეთი სხვანაირად შევაფასეთ. რა ხდებოდა 2008 წელს საქართველოში შეჭრიდან ყირიმის ანექსიამდე ამ თვალსაზრისით?

ამას ძალიან პერსონალური გადმოსახედიდან გეტყვით, რადგან მე ნატოს უმაღლესი მთავარსარდალი 2009 წლის მაისში გავხდი. პირველი რაც მოხდა, იყო ის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრები მოვიდნენ ჩემთან შესახვედრად. ისინი დაჟინებით გამოხატავდნენ საკუთარ შეშფოთებას, რომ საქართველოში შეჭრა არ იქნებოდა ვლადიმირ პუტინის ბოლო მსგავსი ნაბიჯი. მე ეს სერიოზულად მივიღე და ნატოში დავიწყეთ სათადარიგო გეგმებზე მუშაობა. ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაითი ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომლის წევრი მეც ვიყავი და რომლის მიზანიც ნატოს სტრატეგიული დოქტრინის განახლება იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რეალურად დავიწყეთ იმ იმედისმომცემი, მაგრამ არარეალისტური იდეისგან დაშორება, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა შესაძლებელი იყო. ეს არ მოხდება მანამ, სანამ ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტია. როგორც ყველამ ვიცით, მან ძალაუფლებაში დარჩენა, მინიმუმ ერთი ათწლეულით გაიხანგრძლივა. ასე რომ, ნატომ უნდა გააგრძელოს რუსეთის შეკავება არა მხოლოდ ნატოს ქვეყნებზე თავდასხმის ასაცილებლად, არამედ ისეთ ქვეყნებში შემდგომი შეჭრის თავიდან ასაცილებლადაც, როგორიც საქართველო და უკრაინაა.

თქვენი აზრით, 2008 წელს დასავლეთის რეაგირება ადეკვატური იყო?

არა. ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ უნდა დაგვეწესებინა მასიური სანქციები. მოგვიანებით, ეს გაკვეთილი მივიღეთ უკრაინაში. მაგრამ ვფიქრობ, რომ იმ დროისთვის ჯერ კიდევ არსებობდა იმედი, რომ როგორმე შევძლებდით რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვას, ვიპოვიდით უკეთეს გზას, მოულოდნელად არ შევაბიჯებდით ახალ ცივ ომში. ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ვლადიმირ პუტინი და მისი ანტიპათია, მისი პირადი ღრმა სიძულვილი შეერთებული შტატების და თავად ნატოს მიმართ. ასე რომ, ჩვენ შესაძლებლობა გავუშვით - არც ეკონომიკური სანქციების თვალსაზრისით და არც სამხედრო ტექნიკით თუ ტრეინინგებით დახმარების მხრივ, საკმარისად ძლიერი რეაქცია არ გვქონდა იმაში დასარწმუნებლად, რომ დანარჩენი საქართველო რუსეთისთვის ისეთი რთული სამხედრო პრობლემა გაგვეხადა, რომ რუსეთი სხვას ვერაფერს გაბედავდა. ვფიქრობ, ასე რომ მოვქცეულიყავით, უკრაინის ტრაგედია არ მოხდებოდა.

სამწუხაროდ, რაც მეტი დრო გადის, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი უბრალოდ რეალობა, გაყინული კონფლიქტები ხდება. ჩემი აზრით, რაც არ უნდა გასაკვირი და ინტუიციის საწინააღმდეგო იყოს, ეს რეალურად საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსებს ზრდის.

თქვენი აზრით, ახლა ეს რეაგირება გვექნება?

დიახ. მე ვფიქრობ, რომ ახლა, იმის გამო, რაც საქართველოში და უკრაინაში მოხდა, სულ სხვა სიტუაციაში ვართ. ჩემი აზრით, როცა პარტნიორებს და მოკავშირეებს ვუყურებთ, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ძალიან, ძალიან მტკიცე პოზიციები უნდა გვქონდეს და ამაში უნდა შედიოდეს სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ძალისხმევა.

თქვენ კარგად იცნობთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზას. არსებობს შეხედულება, რომ რუსეთი ე.წ. „ჯიბის ვეტოს“ იყენებს იმისთვის, რომ საქართველო ნატოში ვერ გაწევრიანდეს. თქვენი აზრით, საქართველოს შეუძლია ნატოს წევრი გახდეს?

ვფიქრობ, სამწუხაროდ, რაც მეტი დრო გადის, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი უბრალოდ რეალობა, გაყინული კონფლიქტები ხდება. ჩემი აზრით, რაც არ უნდა გასაკვირი და ინტუიციის საწინააღმდეგო იყოს, ეს რეალურად საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსებს ზრდის. იგივეს ვფიქრობ უკრაინაზე, თუმცა მოგვიანებით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყირიმი უკრაინას უკან მალე დაუბრუნდეს, ან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დაუბრუნდნენ საქართველოს მალე. ვისურვებდი, რომ ასე არ ყოფილიყო. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ეს [აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი] გაყინული კონფლიქტებია, რომ ეს ფაქტია, რომელსაც ვერ შევცვლით, ვფიქრობ, საქართველოსთვის ნატოში სრული გაწევრიანებისთვის კარი გაიხსნება და ალბათ, დროთა განმავლობაში უკრაინისთვისაც. ვფიქრობ, განსაკუთრებით საქართველომ მოიპოვა თავისი ადგილი ნატოში, იქნება ეს ავღანეთში საბრძოლო შედეგით თუ იმ სიმამაცით, რომლითაც მჩაგვრელ სახელმწიფოს წინააღმდეგობას უწევს და იმით, რომ შეერთებული შტატების მოკავშირეა.

თუ შეიძება ეს განმარტეთ. თქვენ ამბობთ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს შემადგენლობაში რეალური დაბრუნება ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა. და თუ საქართველო ამას გაითვალისწინებს, მას ნატოში გაწევრიანება გაუადვილდება? ანუ, წევრობა ტერიტორიების სანაცვლოდ, თუ რაიმე სხვას გულისხმობთ? განმარტეთ თუ შეიძლება.

არ ვიტყოდი, რომ ეს სანაცვლოდ ტერიტორიების მიცემაა. ვიტყოდი, რომ ნატოს შიგნით გაცილებით რთულია ნატოს მიყიდო არგუმენტი, რომ რუსეთს [უთხრას, რომ] უნდა დააბრუნო ეს მიწა. ვფიქრობ, რომ ეს ალიანსისთვის უფრო რთულია. ვფიქრობ, ალიანსისთვის, ეგრეთწოდებული, [რუსეთის] „ჯიბის ვეტოს“ დაძლევა შესაძლებელი იქნება, თუ ალიანსი იტყვის, რომ საქართველოს მივიღებთ წევრად, მაგრამ ამ ორი ტერიტორიის დაბრუნება ნატოს მოქმედებებისთვის ფუნდამენტური ბაზისი არ იქნება. შეიძლება ეს ქართველებისთვის ან უკრაინელებისთვის იყოს მიუღებელი. მაგრამ, მე რომ ქართველი ან უკრაინელი ვიყო, კონსოლიდაციას და ნატოს კარვის ქვეშ შესვლას და ამ ტერიტორიების დაბრუნებას, დროთა განმავლობაში ვეცდებოდი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან რთული გზაა, მაგრამ მე რომ ვიყო, ვამჯობინებდი ნატოს წევრი ვიყო, ვიდრე ნატოს პარტნიორი. თუმცა, აუცილელბლად მინდა დავამატო, რომ ეს ქართველების გადასაწყვეტია და არა ამერეიკელების, ან ნატოს ყოფილი მეთაურების. ეს არის ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან რთულ პოზიციაშია.

როგორ აფასებთ საქართველოს ზოგადად ამ ბოლო 12 წლის განმავლობაში?

ვფიქრობ, საქართველო ნატოს ძლიერი პარტნიორია და განსაკუთრებით ძლიერი პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. საქართველოს ეკონომიკა, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის ეკონომიკა, გამოწვევების წინაშეა. მაგრამ, ფუნდამენტური ფაქტორი, რაც ადამიანური კაპიტალია, საქართველოში უკიდურესად მაღალ დონეზეა. ეს პატარა, მაგრამ დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანაა, რომელსაც წინ ნათელი მომავალი აქვს, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც რუსეთის შეჭრიდან ბოლო 12 წელიწადში გამოიარა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG