ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრადოკი: ნატოს სამხედრო და სადაზვერვო ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ რუსეთი საქართველოში შეჭრას გეგმავდა


ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი გენერალი ჯონ (ბენც) კრადოკი
ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი გენერალი ჯონ (ბენც) კრადოკი

საქართველოში შეჭრიდან 12 წლის შემდეგ რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას აგრძელებს. ომი, რომელმაც რეგიონში რუსეთის ექსპანსიური ზრახვები გამოაჩინა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დამთავრდა, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს. „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს ჯარების მთავარსარდალი 2008 წელს, ამერიკის არმიის გენერალი ჯონ კრადოკი ამბობს, რომ ნატო რუსეთის ამ ნაბიჯს არ მოელოდა. ის შეერთებული შტატების როლზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამერიკამ აქტიური როლი ითამაშა ომის მასშტაბების შემცირებასა და თბილისის დაცვაში. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი გენერალ კრადოკს იმ დროისთვის ნატოში ომთან დაკავშირებულ მიმდინარე დისკუსიაზე, ომის დაწყებაზე, მის შედეგებზე და იმაზე ესაუბრა, იყო თუ არა შესაძლებელი აგვისტოს ომის თავიდან აცილება.​

გენერალი ჯონ (ბენც) კრადოკი
გენერალი ჯონ (ბენც) კრადოკი

გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. 12 წლის წინ, 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა. იმ დროისთვის თქვენ ნატოს ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი იყავით. როგორ იხსენებთ ომის დაწყებას? რა მოვლენები გახსოვთ განსაკუთრებით იმ დღეს?

ამ დროისთვის, საქართველოს ჯარისკაცები ავღანეთსა და ერაყში იყვნენ დისლოცირებული. ჩვენს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, როდესაც საქართველოს მთავრობა მათ სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვდა, ამის უზრუნველყოფა ჩვენ უნდა მოგვეხდინა. გენერალმა მალენმა [აშშ-ის გაერთიანებული შტატების ხელმძღვანელი] მითხრა, რომ ქართველები დაუყოვნებლივ საქართველოში უნდა დაგვებრუნებინა. სიტუაცია ძალიან რთული იყო. რუსეთის ზრახვები უკვე ვიცოდით. ის უნდა გადაგვეწყვიტა ჯარისკაცებს თვითმფრინავით თბილისში დავაბრუნებდით, თუ სადმე სხვაგან გადავიყვანდით და შემდეგ იქიდან მოვახდენდით მათ ტრანსპორტირებას რკინიგზით იქნებოდა ეს თუ სხვა სახმელეთო მეთოდით. საბოლოო ჯამში, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ გენერალი მალენი მის რუს კოლეგას დაურეკავდა და ეტყოდა რას ვაპირებდით და რომ მათ უკან უნდა დაეხიათ და ამერიკული თვითმფრინავები საქართველოში უნდა შეეშვათ. ეს ზარი შედგა და როგორც ახლა ვიცით, ჯარისკაცები საქართველოში 24 საათში უპრობლემოდ დაბრუნდნენ. მეც დაუყოვნებლივ დავბრუნდი ნატოში სიტუაციაში გასარკვევად. ბევრი რამ ჯერ ისევ უცნობი იყო.

ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი აგვისტოს ომს იხსენებს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:18:22 0:00

ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა, რომლსაც დღემდე ვისმენთ ისაა, თუ ვინ დაიწყო ომი. ამ კითხვის მანიპულაციით რუსეთმა საქართველოს ზოგიერთ მეგობარსაც გაუჩინა კითხვის ნიშნები. როგორ გახსენდებათ მაშინდელი დისკუსიები? რა ხდებოდა, ვინ რას ამბობდა? თქვენ, პირადად, რას ფიქრობდით იმაზე, თუ რა მოხდა?

მოგვიანებით წარმოიქმნა ნარატივი, რომ ომი ქართველების მიერ განსაკუთრებით აგრესიულ თავდასხმაზე საპასუხო ნაბიჯი იყო.  არ მგონია ეს შეხედულება ოდესმე რომ დადასტურებულიყო...  ჩემი აზრით, ეს პროვოცირების გარეშე არაპროპორციული რეაგირება იყო დაბალი ინტენსივობის კონფლიქტზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

დისკუსია პირველ რიგში იმას ეხებოდა, თუ როგორ მოხდა ეს ისე, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით. ამ გადმოსახედიდან, არ ვიცოდით იმიტომ, რომ ყოველ წელს, რუსეთის ჯარი ქვეყნის სამხრეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს წვრთნებს ატარებდა. ყოველ წელს ისმოდა იარაღის ჟღარუნი და ფართო-მასშტაბიანი წვრთნების შემდეგ სამხედრო დანაყოფები საკუთარ ბაზებში უკან ბრუნდებოდნენ. მეორე მიზეზი რატომაც არ ვიცოდით ის იყო, რომ სადაზვერვო სენსორები განუსაზღვრელი რაოდენობით არ გვაქვს და ის რესურსი, რაც მანამდე შეიძლებოდა ევროპის სარდლობისთვის გამოგვეყენებინა, ავღანეთისა და ერაყის ომებზეც განაწილდა.

თავდაპირველი შეფასება იყო ის, რომ რუსებმა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიეს და საქართველოში გვირაბის გავლით და სხვა გზებით შეიყვანეს ტანკები და ქვეითი ჯარი. ჩვენ ვიცოდით, რომ სამხრეთ ოსეთში დაბალი ინტენსივობის კონფლიქტი მიმდინარეობდა და ეს სამწუხარო ფაქტი იყო. როგორც თქვენ თქვით, მოგვიანებით, წარმოიქმნა ნარატივი, რომ ომი ქართველების მიერ განსაკუთრებით აგრესიულ თავდასხმაზე საპასუხო ნაბიჯი იყო. არ მგონია ეს შეხედულება ოდესმე რომ დადასტურებულიყო, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ჯერ ისევ შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი. ჩემი აზრით, ეს პროვოცირების გარეშე არაპროპორციული რეაგირება იყო დაბალი ინტენსივობის კონფლიქტზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.


ამ გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, შეერთებულ შტატებს შეეძლო უფრო მეტის გაკეთება კონფლიქტამდე და განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ?

იმისთვის, რომ რამე წინასწარ გააკეთო, წინასწარ უნდა გქონდეს ინდიკატორები და გაფრთხილებები. ჩვენ ასეთ გაფრთხილებებზე კომუნიკაცია არ გვქონია. ვიცოდით ის, რომ რუსეთი, როგორც სხვა დროს, სამხედრო წვრთნებს ატარებდა, მაგრამ ეს ნორმალური იყო, ამაში უჩვეულო არაფერი ყოფილა. წინასწარ განგაშის ინდიკატორები რომ გვქონოდა მოვიქცეოდით სხვანაირად? კი. შეგვეძლო ჯარის მზადყოფნის ბრძანება გაგვეცა, რეგიონში საჰაერო შესაძლებლობები გაგვეძლიერებინა, საზღვაო მობილიზება, სტამბოლის შეთანხმების გამო რთული იქნებოდა, რაც მოგვიანებით ასეც იყო, როცა შავ ზღვაში გემი-ჰოსპიტლის გაგზავნა დავაპირეთ. რეგიონში საჰაერო ძალების მობილიზება შეკავების ყველაზე კარგი მეთოდი იქნებოდა.

საქართველოს მაშინდელი მთავრობა ამბობდა, რომ ამერიკის პოლიტიკურ წრეებში უმაღლეს დონეზე ეუბნებოდა კოლეგებს, რომ რუსები თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. სამხედრო თვალსაზრისით რაიმე სახის სხვა ინდიკატორებია საჭირო?

როცა ასეთი ინფორმაცია ამერიკის სადაზვერვო ქსელში სათანადო არხებით შემოდის, მისი გადამოწმება ხდება. მე არ ვიცი მოხდა თუ არა ეს და იყო თუ არა რაიმე სახის ვერიფიკაცია. ასევე არ ვიცი საქართველოს მთავრობამ გამოგზავნა თუ არა ეს ცნობები. თუ მათ ეს გაფრთხილებები გამოგზავნეს და ვიღაცამ მათ ყურადღება არ მიაქცია, სირცხვილი მათ.

რაც ვიცი ისაა, რაზეც მაშინ ვფიქრობდით. რამდენად შორს წავლენ რუსები? გაჩერდებიან თბილისთან თუ შევლენ ქალაქში? ეს ძალიან გვაღელვებდა. მაშინ ამერიკის ელჩთან, ჯონ ტეფტთან და ქვეყანაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრის დროს ჩვენ, ევროპის სარდლობამ, წამოვაყენეთ იდეა, რომ თბილისში ამერიკული თვითმფრინავი გაგვეშვა ჰუმანიტარული დახმარებით. ამით, საქართველოს მთავრობასაც დავეხმარებოდით ომისგან დევნილი ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენაში. რამდენიმე დღეში თბილისში მეც ჩავფრინდი.

ვფიქრობ, ამ ომზე ბევრი შეცვლილი ისტორია დაიწერა. ადეკვატური გაფრთხილებები, ინდიკატორები, სიგნალები რომ გვქონოდა, ვფიქრობ გვექნებოდა რისკების შემცირების, იმის გათვლის საშუალება, თუ რუსეთი რა რისკებზე წასასვლელად იქნებოდა მზად. მაგრამ წარსულის შეფასებისას, ყველაფერი ყოველთვის კარგად ჩანს.

არ მგონია რუსეთი საქართველოში შეჭრილიყო იმ შემთხვევაში, თუ ეცოდინებოდა, რომ ომის საფასური, მისგან მიღებულ მოგებაზე ძვირი იქნებოდა.  ვფიქრობ, ეს რუსეთის მხრიდან საცდელი გამოწვევა იყო, მათ ნიადაგი მოსინჯეს.

გენერალო, როგორ ფიქრობთ, რუსეთის საქართველოში შეჭრის პრევენცია შესაძლებელი იყო?

რთული შეკითხვაა... ვფიქრობ, რომ ყოფილიყო ინდიკატორები, რომ რუსეთი შეჭრას აპირებდა, შესაძლებელი იქნებოდა დიპლომატიურთან ერთად, სამხედრო მეთოდების მობილიზება იმისთვის, რომ იმ კონკრეტულ დროს ამის პრევენცია მომხდარიყო. ეს მაინც დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, თუ საქართველოში შეჭრაზე ინფორმაცია რამდენად საფუძვლიანი იყო. არ მგონია რუსეთი საქართველოში შეჭრილიყო იმ შემთხვევაში, თუ ეცოდინებოდა, რომ ომის საფასური, მისგან მიღებულ მოგებაზე ძვირი იქნებოდა. ვფიქრობ, ეს რუსეთის მხრიდან საცდელი გამოწვევა იყო, მათ ნიადაგი მოსინჯეს.

არსებობს შეხედულება, რომ საქართველომ რუსეთის პროვოცირება მოახდინა. თქვენ რას ფიქრობთ?

არ მგონია ვინმეს შეეძლოს რუსეთის აგრესიის პროვოცირება. რუსეთი, განსაკუთრებით ეს რუსეთი, აგრესიული ქვეყანაა. მე ვფიქრობ საქართველო საცდელი ოპერაცია იყო და მათ ეს ოპერაცია ჩაატარეს. პუტინმა ზუსტად იცოდა რას აკეთებდა. მომდევნო წლებში პუტინის მიერ გადადგმული ნაბიჯებით მივხვდით, რომ მაშინ ეს სტრატეგია იყო იმისთვის, რომ მას ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები რუსეთის გავლენის ქვეშ დაებრუნებინა. მე არ მგონია, რომ ეს პროცესი დამთავრდა.

რას ფიქრობთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე? უნდა მიიღოს თუ არა საქართველო ნატომ? არის თუ არა საქართველო მზად?

მე მოვლენებს ცოტა ჩამოვრჩი. ნატოში თანამდებობა ბოლოს 11 წლის წინ მეკავა. ერთი რამის მტკიცედ მჯერა, რომ თუ ხალხს, ქვეყნის მოქალაქეებს სურთ ნატოში გაწევრიანება, მაშინ მთავრობამ ამაში სერიოზული ძალისხმევა უნდა ჩადოს. ამის შემდეგ, ნატომ ქვეყანას, მის მთავრობას გზა უნდა დაუსახოს, რომელიც მათ წევრობამდე მიიყვანს. საქართველოს შემთხვევაში, ქართველ ხალხს სურს ნატოში გაწევრიანება, მთავრობის ხელმძღვანელებსაც სურთ ნატოს წევრობა. მე მჯერა, იმისთვის, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იყოს უსაფრთხოების მომწოდებელი და არა უსაფრთხოების მომხმარებელი. საქართველოს შემთხვევაში, იმ დროისთვის, ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს აბალანსებდა. ახლა, ვფიქრობ დროა, რადგან საქართველომ ერაყის და ავღანეთის მისიებში ძლიერი მონაწილოებით დაადასტურა, რომ უსაფრთხოების მიწოდებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია.

ვფიქრობ, 2008-2009 წლებში საქართველო იმაზე მეტად იყო მომზადებული წევრობისთვის, ვიდრე სხვა ასპირანტი წევრები. ვფიქრობ, ნატომ ზოგიერთი ისეთი ქვეყანა მიიღო, რომლებიც უფრო მეტად უსაფრთხოების მომხმარებლები არიან, ვიდრე მომწოდებლები. ვფიქრობ, საქართველო ნატოს ძლიერი წევრი იქნება, ალიანსის უსაფრთხოებაში საკუთარ წვლილს შეიტანს და მხოლოდ მისი მომხმარებელი არ იქნება. 

ვფიქრობ, 2008-2009 წლებში საქართველო იმაზე მეტად იყო მომზადებული წევრობისთვის, ვიდრე სხვა ასპირანტი წევრები. ვფიქრობ, ნატომ ზოგიერთი ისეთი ქვეყანა მიიღო, რომლებიც უფრო მეტად უსაფრთხოების მომხმარებლები არიან, ვიდრე მომწოდებლები. არ მგონია, რომ საქართველო ამ კატეგორიაში იყოს. ვფიქრობ, საქართველო ნატოს ძლიერი წევრი იქნება, ალიანსის უსაფრთხოებაში საკუთარ წვლილს შეიტანს და მხოლოდ მისი მომხმარებელი არ იქნება.

როგორც თქვენ თქვით, 2008 წელს ქართველი ჯარისკაცების ერაყიდან დაბრუნების ერთ-ერთი ხელმძღვანელი თქვენ იყავით. გქონიათ თუ არა შეხება ქართველ ჯარისკაცებთან და რას ფიქრობთ ქართულ ჯარზე ზოგადად?

ერაყში მათთან გარკვეული შეხება მქონდა. ასევე ნატოს მხრიდან, ისინი ნანახი მყავს სამხედრო წვრთნების დროს. მათ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ვფიქრობ, საქართველოს კარგი ჯარი ჰყავს. ომის ერთ ისტორიას მოგიყვებით. რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვეში ქართველ სამხედროებს შევხვდი. თითოეული მათგანი მომიყვა იმის შესახებ, თუ რუსეთის შემოჭრის დროს სად იყო. ასევე მომიყვნენ, თუ როგორ გადაადგილდებოდნენ საკუთარი მაქანებით, ეკონტაქტებიდნენ ერთმანეთს მობილურებითი იმისთვის, რომ ერთმანეთისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ.

ვფიქრობ, ეს იმის კარგი მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს ჯარი იმისთვის, რომ ქვეყანა დაიცვას, მითუმეტეს მაშინ, როცა ასეთ მტრულად განწყობილი მეზობელი ჰყავს. ვფიქრობ, როცა ნატოდან წამოვედი, იმ დროისთვის ქართული ჯარი ისეთივე ხარისხის იყო, როგორც ნებისმიერი ნატოს წევრი ქვეყნის. ჯარს უნდოდა კარგი ყოფილიყო. ხშირად, როდესაც ქვეყანას სავალდებულო სამხედრო სამსახური აქვს, ჯარისკაცები ჯარში იმიტომ მიდიან, რომ სხვა გზა არ აქვთ, ან სხვა სამსახურს ვერ შოულობენ. ქართველ ჯარისკაცებზე მგონია, რომ ჯარში ყოფნა თვითონ უნდოდათ და მათ ამას არავინ აიძულებდა. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს შეინარჩუნოს.

საქართველომ ავღანეთშიც დაამტკიცა საკუთარი ჯარის ხარისხი.

დიახ, ყველა რთულ თეატრში, სადაც საქართველო მონაწილეობს, მისი ჯარისკაცები არაჩვეულებრივ გამოცდილებას იღებენ. შემდეგ ისინი შინ ბრუნდებიან და გამოცდილებას საკუთარ თანემებრძოლებს უზიარებენ. ამას სამუდამოდ ვერ გააკეთებ და ამისთვის გაუმართელებელი დანაკარგები ვერ გექნება. უნდა იყოს ბალანსი. და კიდევ ერთი რამ - როდესაც მისიაში მონაწილეობ, მასში წვლილი უნდა შეიტანო. მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც ადგილი შეავსო, ან შენი დროშა სადღაც გამოაჩინო და თქვა „აქ ვარ“, ამისთვის მონაწილეობა არ ღირს. ქართველები სწორედ მისიას ასრულებენ და დიდი წვლილი შეაქვთ მასში. ამ გადმოსახედიდან, ნატოში საქართველოსთვის ადგილი არის.

რუსეთი, რა თქმა უნდა, საქართველოს ავღანეთის მისიაში მონაწილეობას სათავისოდ იყენებს და ამბობს, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში სხვებისთვის იღუპებიან. საქართველოს ავღანეთის მისიაში სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი მსხვერპლი აქვს.

ეს იმის ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ მათ ენდობიან და მათი სჯერათ. ამიტომ უშვებენ მათ რთულ მისიებში, სადაც მათ მსხვერპლის მაღალი მაჩვენებელი აქვთ.

იმ ადამიანებს რომ ესაუბრებოდეთ, რომლებიც შესაძლოა რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ ექცეოდნენ, რას ეტყოდით მათ? რატომ უნდა იყვნენ საქართველოს ჯარისკაცები ჩართული ისეთ მისიებში, როგორიც ავღანეთის აისაფია?

პირველ რიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ჯარი იმდენად კარგია, იმდენად შემძლეა, იმდენად მოქნილია, რომ მას არა მხოლოდ საკთარი ქვეყნის დაცვა, არამედ სხვა ქვეყნების დახმარებაც შეუძლია, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მეტს იღებს საკუთარი ჯარისგან და ამასთან მეტ როლს თამაშობს საერთაშორისო დონეზე. გარდა ამისა, ქვეყანას საშუალება ეძლევა ნახოს და გაიზიაროს, თუ როგორია საუკეთესო პრაქტიკა, რის სწავლა შეიძლება სხვა ქვეყნებისგან, სხვები გამოწვევებს თავს როგორ ართმევენ , რას აკეთებენ არასწორად.

და ბოლოს, ყველაფერი რაც რუსეთისგან გესმით, ფრთხილად მოისმინეთ. ამ ყველაფერს კონკრეტული მიზანი აქვს. რუსეთს არსებული წესების შეცვლა სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ვფიქრობ უნდა წაიკითხოთ ყველა შეხედულება და გადაწყვეტილებები ინფორმაციის ქონის საფუძველზე მიიღოთ. ასევე შეხედეთ ვინ რას აკეთებს, ვის შეაქვს საკუთარი წვლილი ქვეყნების დასახმარებლად და ვის აქვს ბოროტი ზრახვები. ქართველ ჯარისკაცებს ვეტყოდი, რომ მათ შეუძლიათ გადახედონ საკუთარ ისტორიას და შეხედონ იმას, თუ სად იყვნენ, რა გადაიტანეს და სად მიდიან. რა გააკეთეს საკუთარი ქვეყნისთვის ისეთი, რამაც სიამაყით სახეზე ღიმილი მოჰფინა. მათ ასევე ბევრი უნდა იკითხონ იმისთვის, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. თუ ამას გააკეთებენ, ზუსტად ეცოდინებათ ვის დაუჯერონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG