ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინაუგურაცია როგორც ეროვნული დღესასწაული


პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს ამერიკელების უმრავლესობა, ჩვეულებისამებრ პოლიტიკურ განსხვავებებს ივიწყებს და პატრიოტული სულისკვეთებით იმსჭვალება.

ეს არის დღე, როცა პრეზიდენტი, საზეიმო ვითარებაში მოვალეობის პირნათლად შესრულებას და კონსტიტუციის დაცვას პირდება საკუთარ ხალხს.

21 იანვარს, საინაუგურაციო მიმიართვაში ბარაკ ობამამ ამერიკის გლობალურ პასუხისმგებლობაზე ილაპარაკა.
ამერიკელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აზიასა და აფრიკაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებსა თუ ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგან ამერიკას, საკუთარი ინტერესები და სინდისი ავალდებულებს თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხებს დაეხმაროს.

ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებსაც. პრეზიდენტის გამოსვლაში ითქვა, რომ მთავრდება ომით მოცული დეკადა და დაწყებულია ეკონომიკური გაჯანსაღება. ობამამ, ამასთან, ამერიკელებს გაერთიანებული ძალებით რიგი შიდა პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა, რაც ამჟამად კონგრესთან დაკავშირებით შექმნილი დაპირისპირების ერთად დაძლევის მიმანიშნებელი განცხადება იყო.
ობამა: „მე და თქვენ, როგორც მოქალაქეებს, გვაერთიანებს პასუხისმგებლობა-უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ვიმსჯელოთ“- თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს ჩართულობა არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობაში გამოიხატება, არამედ ამერიკისთვის ყველაზე ძვირფასი ღირებულებებისა და იდეალების დაცვაში.

ინაუგურაციის მონაწილე ქალი: „იმედი მაქვს ქვეყანა გამთლიანდება. ამ ქვეყანაში ორი პარტია გვჭირდება. ეს პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი დღე ამის დასაწყისია.„

ინაუგურაციის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ტრადიციულ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. აღლუმი ცხრა ათასი ადამიანის, ორასამდე ცხოველისა და მოძრავი სათამაშო ფიგურის მონაწილეობით გაიმართა. დელეგატები ამერიკის ორმოცდაათ შტატს წარმოადგენდნენ. მარშრუტი კი კაპიტოლიუმის შენობიდან თეთრ სახლამდე გაგრძელდა.

ჩვეულებრივი ამერიკელებისთვის ამ აღლუმში მონაწილეობა ნამდვილი დღესასწაულია. დამსწრე საზოგადოება კი იმაზე ოცნებობს თუ როგორ მოკრას თვალი დაჯავშნული ლიმუზინიდან გამომავალ პრეზიდენტს, რომელიც თეთრ სახლამდე გზას ფეხით გადის.

აღნიშნულ დღესასწაულზე ბარაკ ობამას პირველ ინაუგურაციასთან შედარებით ნაკლები ადამიანი მივიდა. მაგრამ ისინი მაინც აღნიშნავდნენ ამ მნიშვნელოვან თარიღს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ სიმხიარულე რომელიც ამერიკის პრეზიდენტების პირველი საპრეზიდნეტო ვადის დაწყებას ახლავს ხოლმე, მეორე ვადის დაწყებისას ანალოგიურად ხანგრძლივი არ იქნება.

პრეზიდენტის თანამდებობასთან დაკავშირებული გამოწვევები ინაუგურაციის დასრულებიდან ცოტა ხანში გვახსენებს ხოლმე თავს, ისე როგორც მიმდინარე კვირას, როცა ბარაკ ობამას პოლარიზებულ კონგრესმენებთან მოუწევს თათბირი. საინტერესოა, რომ შეხვედრა იმავე შენობაში შედგება, საიდანაც პრეზიდენტმა ერს, ინაუგურაციის წუთებში, ერთობისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG