ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ოპტიმისტური მიმართვა და დემოკრატების კრიტიკით სავსე პასუხი


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ერისადმი თავის რიგით მესამე მიმართვაში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოპტიმისტურად ჟღერდა, იმის მიუხედავად, რომ ის ისტორიაში სულ მესამე პრეზიდენტია, რომელმაც მიმართვა წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცებული, იმპიჩმენტის ფონზე გააკეთა. სამშაბათის გამოსვლაში, ამერიკის ლიდერმა ბევრჯერ შეაქო მისი ადმინისტრაცია და თქვა, რომ მათ სამი წლის მანძილზე "შეარყიეს ამერიკული უკუსვლის მენტალიტეტი" და უარი თქვეს "ამერიკელთა ბედის ლიმიტირებაზე".

პრეზიდენტის გამოსვლა თითქმის საათნახევარი გაგრძელდა და ის სავსე იყო წინასაარჩევნო ოპტიმისტური რიტორიკით. ტრამპმა ძირითადი ყურადღება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მაჩვენებლებზე გაამახვილა და ამ მიმართულებაზე საუბრისას, ხშირად ხმარობდა სიტყვას "რეკორდული".

"ჩემი ადმინისტრაციის მხოლოდ 3 წლის მანძილზე, 3.5 მილიონი სამუშაო ასაკის ადამიანი შეუერთდა დასაქმებულთა რიგებს" - თქვა პრეზიდენტმა. მან იქვე დასძინა, რომ ამერიკას დღეს დასაქმების რეკორდული მაჩვენებლები აქვს უმცირესობათა ჯგუფებში, ვეტერანებში, თუ ახალგაზრდებს შორის.

ერისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა სიამაყით აღნიშნა, რომ მან შეასრულა ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და ჩაანაცვლა "ნაფტას" სახელით ცნობილი საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულება. შეთანხმება შეერთებულ შტატებს, მექსიკას და კანადას შორის სავაჭრო ურთიერთობებს არეგულირებს.

გარკვეული მოლოდინის მიუხედავად, პრეზიდენტმა ტრამპმა არ გაამახვილა ყურადღება იმპიჩმენტის პროცესზე. სენატში პრეზიდენტისთვის საბოლოო განაჩენის გამოტანა დღეს იგეგმება. ჯერჯერობით, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ რესპუბლიკელებით დომინირებული სენატი ტრამპს გაამართლებს.

"ჩვენ წინ მივიწევთ ისეთი სიჩქარით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, წარმოუდგენელი იყო და არასდროს ვაპირებთ უკან დაბრუნებას" - განაცხადა ტრამპმა. მსგავს დეკლარაციებს, როგორც წესი, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე ფეხზე ამდგარი აპლოდისმენტები ახლდა თან, უმთავრესად - რესპუბლიკელების ფრთიდან.

გვიან საღამოს გაკეთებულ მიმართვას ერისადმი, თან ახლდა მცირე სკანდალებიც, რომელიც მაშინვე მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. პრეზიდენტმა ტრამპმა გამოსვლის დაწყების წინ, ხელი არ ჩამოართვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის, რომელმაც მას ხელი გაუწოდა. სიტყვის დასრულებისას კი, პელოსიმ პრეზიდენტის მიმართვის ტექსტი კამერების წინ, დემონსტრატიულად შუაზე გადახია.

გუშინვე, დემოკრატების სახელით, საპასუხო გამოსვლები მიჩიგანის გუბერნატორმა გრეტჩენ უიტმერმა და ტეხასელმა კონგრესმენმა ვერონიკა ესკობარმა გააკეთეს. "როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ ეკონომიკა ძლიერია, ჩემი კითხვაა: ვისთვისაა ძლიერი" - იკითხა გუბერნატორმა უიტმერმა. რადგან პრეზიდენტის გამოსვლაში მთავარი აქცენტები ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე გაკეთდა, მან სწორედ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს გაუსვა ხაზი და ძირითადად უთანასწორო შემოსავლებზე და რიგითი ამერიკელებისთვის ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობაზე ისაუბრა.

რაც შეეხება ვერონიკა ესკობარის გამოსვლას, მან ამერიკის ესპანურენოვან მოსახლეობას მიმართა. ტეხასელმა კონგრესმენმა ყურადღება უმეტესად იმიგრაციის იმ მტკივნეულ პრობლემებზე გაამახვილა, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში განსაკუთრებით გაიზარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG