ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულ სამართალს ვერ გაექცევით - ტრამპის გზავნილი ტერორისტებისადმი


ერისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელ გმირებზე ისაუბრა. მათ შორის იყო სერჟანტი კრისტოფერ ჰეიკი, თქვა პრეზიდენტმა. ის 2008 წელს ერაყში, გზაზე დაფლულ ნაღმზე, მანქანით აფეთქდა. "ტერორისტი, რომელსაც მის მოკვლაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, იყო ყასემ სოლეიმანი".

პრეზიდენტის განცხადებით, სოლეიმანი "ირანის რეჟიმის ყველაზე სასტიკი ყასაბი იყო, მონსტრი, რომელიც კლავდა და ჭრიდა ათასობით ამერიკელ ჯარისკაცს ერაყში". პრეზიდენტ ტრამპის თქმით, მსოფლიოს წამყვანი ტერორისტის, სოლეიმანის ორკესტრირებული იყო უთვალავი კაცის, ქალის და ბავშვის სიკვდილი, მათ შორის, დეკემბერში მომხდარი თავდასხმა შეერთებული შტატების ძალებზე ერაყში.

"ის აქტიურად გეგმავდა ახალ იერიშებს. სწორედ ამიტომ, გასულ თვეში, ჩემი განკარგულებით, შეერთებული შტატების სამხედრო ძალამ უნაკლო სიზუსტის დარტყმა განახორციელა და მოკლა სოლეიმანი, სამუდამოდ აღკვეთა მისი ბოროტების და ტერორის გავრცელება" - განაცხადა ტრამპმა. შემდეგ კი დასძინა: "ჩვენი გზავნილი ტერორისტებისადმი ნათელია: ამერიკულ სამართალს ვერასდროს გაექცევით. თუ ჩვენს მოქალაქეებს დაესხმებით თავს, პასუხს საკუთარი სიცოცხლით აგებთ".

ამერიკის პრეზიდენტმა ირანზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბოლო თვეებში მსოფლიო მოწმე გახდა ამაყი ირანელების საპროტესტო გამოსვლების, რომლებიც რეპრესიულ მმართველობას აღუდგნენ წინ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეირანმა "უნდა შეწყვიტოს ბირთვულ იარაღზე მუშაობა, ტერორის, სიკვდილის, ნგრევის გავრცელება და დაიწყოს მუშაობა საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ".

შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ძლიერი სანქციების გამო, ირანის ეკონომიკა ცუდ დღეშია, თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა. თუმცა, ჩვენ აქ ვართ და შეგვიძლია მათ სიტუაციის გაუმჯობესებაში ძალიან მოკლე დროში დავეხმაროთ. "აქ ვართ. ვნახოთ, რა გზას აირჩევენ ისინი. ეს მთლიანად მათზეა დამოკიდებული".

ირანის თემა ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ომების დასრულების საკითხით გააგრძელა. მან ისაუბრა ავღანეთში მიმდინარე პროცესებზეც და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია მუშაობს "ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის საბოლოოდ დასრულებაზე და ჩვენი ჯარისკაცების სახლში დაბრუნებაზე".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG