ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთის პრემიერი მოსახლეობას გადასახადებიდან $2 მილიარდის დაბრუნებას ჰპირდება


უნგრეთის მთავრობა მოსახლეობას მნიშვნელოვან ეკონომიკურ დაპირებებს აძლევს. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ამ გეგმების შესახებ ორშაბათს, პარლამენტის სესიის გახსნისას ისაუბრა.

მთავრობა საშემოსავლო გადასახადებიდან მომავალ წელს 2 მილიარდი დოლარის ოჯახებისთვის დაბრუნებას და სახელფასო მინიმუმის გაზრდას აპირებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, პანდემიის პირველ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის მკვეთრი გაუმჯობესება ბიუჯეტში ამ გეგმების გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა. მისი განმარტებით, ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5,5%-ზე მეტია და უკვე შეინიშნება ის, რომ დამსაქმებლები საკმარის თანამშრომლებს ვერ პოულობენ.

მთავრობა მოსახლეობისთვის გადახდილი გადასახადების დაბრუნებას თებერვლიდან დაიწყებს. ორბანი ამბობს, რომ მომავალი წლიდან პირადი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 25 წლამდე ახალგაზრდა მოქალაქეები. ასევე, დამატებით დახმარებას მიიღებენ პენსიონერებიც. რაც შეეხება მინიმალურ ხელფასს, მისი თქმით, მთავრობა დამსაქმებლებთან მოლაპარაკებებს მართავს და "შეთანხმების კარგი შანსი" აქვს.

უნგრეთში მომავალ წელს არჩევნები გაიმართება, რომელიც თითქმის მთელი ათწლეულის შემდეგ პირველად, სავარაუდოდ, კონკურენტული იქნება. ორბანი სოციალური პოლიტიკის კუთხით რადიკალურ ნაბიჯებს დგამს და ამბობს, რომ ეს დასავლური ლიბერალიზმისგან ქვეყნის ქრისტიანული ღირებულებების დასაცავადაა საჭირო. მან კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი კანონს, რომელიც უნგრეთში ივნისში მიიღეს და რომელიც ამავე კანონის განმარტებით, 18 წლამდე მოქალაქეებისთვის "ჰომოსექსუალობის გამოხატვას ან წახალისებას" უკრძალავს. "ჩვენ არ დავტოვებთ სივრცეს ბავშვებზე მიმართული ნებისმიერი ტიპის სექსუალური პროპაგანდისთვის", - განაცხადა ორბანმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG