ორგანიზაციამ “ჟურნალისტები საზღვრების გარეშე” უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საკუთარ ყოველწლიურ “პრესის თავისუფლების მტრების” სიაში შეიყვანა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მთავრობის მეთაური ამ სიაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერსა და სირიის პრეზიდენტთან ერთად მოხვდა.
5 ივლისს, მედიაზე სადამკვირვებლო ჯგუფმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, 2010 წლიდან, ორბანმა და მისმა პარტიამ “უნგრეთის მედია გარემო ნაბიჯ-ნაბიჯ თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციეს.”
საზოგადოებრივი მაუწყებლების სახელმწიფო მედია ჰოლდინგ “ემ ტი ვი ეი”-ში ცენტრალიზება მოხდა, რომელშიც ასევე უნგრეთის ერთადერთი ახალი ამბების სააგენტო “ემ ტი აი”-ც აღმოჩნდა.
ჯგუფი აცხადებს, რომ ორბანი მედია საშუალებებს “მტაცებლური მეთოდებით” ებრძოდა, რაშიც შედიოდა “პოლიტიკურ-ეკონომიკური თაღლითობა, დისკრედიტაცია, თვითცენზურა”.
ორგანიზაციამ “ჟურნალისტები საზღვრების გარეშე”, წელს 92 ქვეყნის ინდექსაცია მოახდინა. “პრესის თავისუფლების მტრების” სიაში 37 ქვეყნის მეთაური და მთავრობაა, რომლებიც პრესის თავისუფლებას თრგუნავენ.
სიაში არიან: ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და შუა აზიის ლიდერები, ტაჯიკეთის ემომალი რაჰმონი და თურქმენეთის გურბანგული ბერდიმუჰამედოვი.