ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს მხარდაჭერას უცხადებს


იენს სტოლტენბერგი და ჯო ბაიდენი, 2015 წ.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ივნისში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ ინიციატივის - "ბუქარესტი 9" ფარგლებში ევროპის ქვეყნების ნაწილის მეთაურებს ვირტუალურად შეხვდა. ბაიდენი ვირტუალურ სამიტზე სიტყვითაც გამოვიდა და ალიანსის პრინციპებისადმი ამერიკის ერთგულებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. სამიტის ოფიციალური მასპინძელი რუმინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები არიან.

"ბუქარესტი 9" არის ინიციატივა, რომელიც რუმინეთმა და პოლონეთმა 2014 წელს წამოიწყეს და რომელიც 9 ქვეყნის მეთაურს აერთიანებს. მათი მიზანი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევების თაობაზე პოზიციების კონსოლიდირება და ერთობლივი პროექტების მხარდაჭერის მობილიზებაა. ინიციატივის წევრები არიან: რუმინეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკია, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ბაიდენმა ალიანსების გამყარებისა და ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და ამ იდეისადმი მის ერთგულებას გაუსვა ხაზი. მან ასევე ცენტრალური ევროპის, ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან უფრო ახლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ისეთ გამოწვევებთან ერთობლივად დასაპირისპირებლად, როგორებიცაა გლობალური ჯანდაცვის რისკები, კლიმატის ცვლილება, ენერგოუსაფრთხოება და გლობალური ეკონომიკური აღდგენის პროცესი.

პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა ნატოს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართ, ისევე როგორც სტრატეგიული კონკურენტების მიერ გადადგმული ეკონომიკური და პოლიტიკური ნაბიჯების წინააღმდეგ ალიანსის მდგრადობის გაზრდის მიმართ. ამასთან, მან თქვა, რომ მოხარულია, რომ ექნება შესაძლებლობა მომავალი საფრთხეების შესახებ 14 ივნისის ნატოს სამიტზეც იმსჯელოს პარტნიორებთან ერთად. ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების მნიშვნელობას საკუთარ ქვეყანაში, ალიანსში და მთელ მსოფლიოში.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ნატოს გენერალური მდივანიც. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მომავალი თვის სამიტი არის "უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერტობების ახალი თავი დაიწყოს" და ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ერთობა კიდევ უფრო გაძლიერდეს, რათა ალიანსი დღევანდელი და სამომავლო საფრთხეებისთვის უფრო მომზადებული იყოს.

"უფრო და უფრო არაპროგნოზირებად და კონკურენტულ მსოფლიოში ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ ერთად და მოვახდინოთ ტრანსატლანტიკური სოლიდარობის დემონსტრირება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ - საქმით. ასე რომ, ამ სამიტზე ჩვენ გვექნება მომავლისკენ მიმართული და ამბიციური დღის წესრიგი: ერთმანეთის დაცვის პრინციპის ერთგულების გაძლიერების, უსაფრთხოებისადმი ჩვენი მიდგომის გაფართოების, უფრო გლობალური მიდგომის და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის. დღევანდელი შეხვედრა ამ გეგმისთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG