ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსაზრებები ნატოსა და რუსეთის მომავალ ურთიერთობებზე


ამერიკის მომავალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სურათი ბილბორდზე დანილოვგრადში (მონტენეგრო).

2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატოს და მოსკოვს შორის ურთიერთობებმა ცივი ომის შემდეგ დაპირისპირების ასეთ მაღალ ტემპერატურას პირველად მიაღწია. ორივე მხარე საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალის განთავსებას აგრძელებს. მიმომხილველთა თქმით, კონფრონტაციის საშიშროება დღეს უფრო მაღალია ვიდრე ეს ათწლეულების მანძილზე იყო. ამერიკის საპრეზიდენტო ცვლილებას სავარაუდოდ, დიდი გავლენა ექნება ნატოსა და კრემლის ურთიერთობებზე - თუმცა, მკვლევართა ნაწილის თქმით, გაურკვეველია თუ როგორი იქნება დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირების ახალი ერა 2017 წლიდან.

გასულ ოქტომბერს, მოსკოვმა კალინინგრადში ბირთვული ისკანდერების ტიპის რაკეტები განათავსა. კალინინგრადი პოლონეთს და ლიტვას ესაზღვრება. რუსეთი ასევე ახორციელებს, სამხედრო წვრთნებს მის დასავლეთ საზღვარზე.

ნატოს 300,000 სამხედრო ჰყავს მზადყოფნაში და ალიანსის წევრ, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში სამხედროების როტაციას განაგრძობს. „Chatham House”-ის მიმომხილველის, ჯონ ლოუს თქმით, ნატოსა და რუსეთს შორის, გაუთვალისწინებელი ინცინდენტის შემთხვევაში, სიტუაციის ესკალაციის დიდი შანსი არსებობს.

„მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს სამხედრო კორპუსს მოახდინოს კომუნიკაცია, თუ ამის საჭიროება იქნება. ორივე მხარე უნდა ხვდებოდეს, რომ არსებობს ინციდენტის შესაძლებლობა“, - აცხადებს ლოუ.

მომავალი ცხა თვის მანძილზე, ნატო დამატებით 4000 საერთაშორისო სამხედროს განათავსებს ბალტიისპირეთსა და პოლონეთში. მსგავსი ქმედებები, ლოუს თქმით, ნატოს მთავარი საყრდენის, კოლექტიური თავდაცვის პრინციპის განახლების ნაწილია.

„ნატო თავდაცვითი შესაძლებლობების საფუძვლიან გადახედვას ახორციელებს. ეს ერთ ღამეში არ ხდება. თუმცა ამის პოლიტიკური სურვილი არსებობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით”, - ამბობს ის.

თუმცა, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ გაურკვევლობა შესძინა იმას, უერთგულებს თუ არა აშშ ალიანსის მიმართ აღებულ ვალდებულებებს.

აშშ-მ 2016 წელს თავდაცვაზე 66 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც ვაშინგტონს მსოფლიოში პირველ ადგილზე აყენებს. მეორე ადგილზე ბრიტანეთია, რომელიც ამ კუთხით აშშ-ს თავდაცვის მეათედს ხარჯავს. წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამერიკის ფინანსური ტვირთი და კონტრიბუცია ალიანსის საერთო თავდაცვაში. მიმომხილველების თქმით, მოსკოვი ვითარებას ყურადღებით აკვირდება.

„კოლექტიური თავდაცვა, ჩემი აზრით, ფსიქოლოგიურ დონეზე მაინც, რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორია. ტრამპმა შესაძლოა ეს შეცვალოს, თუ ის გადაწყვეტს, რომ აღარ დაეხმაროს ნატოს მოკავშირეებს, თუ ისინი თავდაცვაზე საკუთარი ბიუჯეტის 2 პროცენტს არ ხარჯავენ“, - აცხადებს სარა ლეინი, ლონდონის თავდაცვის კვლევების სამეფო ინსტიტუტიდან.

არჩეული პრეზიდენტის, ტრამპის პოზიტიურმა დამოკიდებულებამ პუტინისადმი, უკრაინაში შეშფოთება გამოიწვია. უკრაინა, აგრძელებს პრო-რუს სეპარატისტებთან ბრძოლას ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.

„ამან შესაძლოა საშუალება მისცეს რუსეთს, გამოცადოს ნატოს მზაობა და მისი ერთიანობა“,- აღნიშნა სარა ლეინმა.

„იქნება საკითხები, რომელზეც მათ [ტრამპს და პუტინს] განსხვავებული აზრი ექნებათ. ირანის თემა ერთ-ერთი მათგანია და ვფიქრობ, ეს ძალიან ადრე გახდება ნათელი“, - ამბობს ჯონ ლოუ.

დონალდ ტრამპს არ ეთანხმებიან თანაპარტიელებიც. გასულ კვირას, ამერიკელი სენატორები, ნატოს მოკავშირეებს ეწვიან, რათა მათთვის კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ ამერიკის მხარდაჭერა.

ორივე მხარეზე შეიარაღების ზრდამ სიტუაცია უფრო მეტად გაართულა. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში გაურკვევლობა, სავარაუდოდ, გაზრდის დაძაბულობას ალიანსსა და კრემლს შორის.

XS
SM
MD
LG