ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ ჰერბსტი: მოსკოვი საქართველოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ატარებს


ჯონ ჰერბსტი

სირიის ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების შემდეგ, ამერიკის ხმამ ვაშინგტონში მიმომხილველებს მიმართა კითხვით, თუ რამ განაპირობა გადაწყვეტილება და როგორ უნდა აიცილოს თავიდან თბილისმა ამ პრეცედენტის განმეორება. გთავაზობთ ამერიკის ხმის ჟურნალისტის ანი ჩხიკვაძის ინტერვიუს ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის ხელმძღვანელთან ჯონ ჰერბსტთან. ჰერბსტი უკრაინასა და უზბეკეთში ამერიკის ყოფილი ელჩია და 31 წლის მანძილზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა.

როგორ ფიქრობთ, რატომ გადადგა სირიამ ეს ნაბიჯი ახლა და რა უნდა გააკეთოს თბილისმა, რომ შეინარჩუნოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისადმი?

დამასკოს გადაწყვეტილება, უფრო სწორად პირადად პრეზიდენტ ასადის გადაწვეტილება, აღიაროს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი როგორც “დამოუკიდებული სახელმწიფოები” აჩვენებს იმას, თუ როგორ ახერხებს ერთი მავნე აქტორი, მეორის წახალისებას. ასადი ამას აკეთებს, რადგან მოსკოვმა ის გადაარჩინა. 2015 წლის ზაფხულში მისი მომავალი არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა. ამის შემდეგ, რუსეთი უფრო დიდი ძალით ჩაერია და ასადის ბედი შემოაბრუნა. ასადი ამას აკეთებეს მოსკოვისთვის თავის მოსაწონად. და ეს სამწუხაროა. თუმცა ეს არაფერს არ სძენს აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის „ლეგიტიმაციას“. ასადი დღეს მხოლოდ სირიის ნაწილს აკონტროლებს და მისი ტირანული მმართველობის წინააღმდეგ ოპოზიცია დიდია. ამიტომ, ის არ არის ლეგიტიმური აქტორი. ეს აღიარება, ამ ე.წ. სახელმწიფოებს, მათ სტატუსს, არაფერს მატებს.

შესაძებელია, რომ სირიის მაგალითზე სხვა ქვეყნებმაც მიიღონ ეს გადაწყვეტილება, მაგალითად ირანმა, რომელიც ასევე ახლო მხარდამჭერია სირიის ასადის რეჟიმის?

[სირია] შეუერთდა იმ რამდენიმე ქვეყანას, რომელიც მსგავსად ასადისა, დამოკიდებული არიან კრემლის კეთილგანწყობაზე. მართალია, ეს ნეგატიური მოვლენაა, თუმცა ვფიქრობ, არ უნდა ველოდოთ, რომ ამას ბევრი სხვა გაიმეორებს. ასადი უფრო მეტადაა დამოკიდებული კრემლზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა არაბი ლიდერი. გამომდინარე ირანის სწორი ურთიერთობიდან საქართველოსთან, ნაკლებად სავარაუდოა, მან დამასკოს გზა გაიმეოროს. თუმცა, ასადის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მოსკოვი გააგრძელებს საკუთარი გავლენის გამოყენებას ამ რეგიონების საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად.

წარსულში, დასავლეთში საქართველოს აკრიტიკებდნენ, რადგან ის ძალიან ხმამაღლა საუბრობდა მოსკოვის და პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ. მოგვიანებით, საქართველომ მიდგომა გარკვეულწილად შეცვალა, ახალი მთავრობა უფრო ფრთხილობს. როგორ უნდა მიუდგეს საქართველო რუსეთს?

ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ჭკვიანურად იქცევა, როდესაც ცდილობს მოსკოვისადმი პროვოკაციული განცხადებები თავიდან აიცილოს იმ უბრალო მიზეზით, რომ რუსეთი ძლიერია, საქართველო კი სუსტი. თუმცა, საქართველომ აღმოაჩინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებული მთავრობა არ ამბობს არაფერს მოსკოვის პროვოცირების მიზნით, რუსეთი აგრძელებს პროვოკაციას საქართველოს წინააღმდეგ. და ამას აჩვენებს რუსეთის უკანასკნელი სვლა. ასადს აფხაზეთის და სახმრეთ ოსეთის „აღიარება“ მის არაბ ძმებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით არ მიუღია, მან ისინი პუტინისთვის აღიარა.

თუ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას გადავხედავთ 1991 წლიდან, თქვენ იხილავთ პროვოკაციებს დასაწყისშივე. რამდენჯერ სცადეს მათ პრეზიდენტ შევარდნაძის მკლელობა, მიუხედავად იმისა, რომ ის მათდამი მტრულად განწყობილი არ იყო? 2008 წლის ომამდე, რამდენჯერ სცადა მოსკოვმა პროვოკაციები? რამდენჯერაც დასასვენებლად წავედი აგვისტოში, იმდენჯერ დაბომბა რუსეთმა პანკისის ხეობა და არამხოლოდ ეს ტერიტორია. ეს ღია პროვოკაციებია.

და რა თქმა უნდა, ასევე ის, რამაც 2008 წლის ომი გამოიწვია: ეს არის კრემლის მხარდაჭერილი პროვოკაციები სამხრეთ ოსეთის მხრიდან. მოსკოვი საქართველოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ატარებს მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მთავრობაში თბილისში და რას იტყვიან ისინი. უნდა თქვა სიმართლე, მაგრამ პროვოკაციული რიტორიკა თავიდან აიცილო და ამის მიზეზი დასავლეთთან ურთიერთობაა, რადგან არიან დამკვირვებლები, განსაკუთრებით ევროპაში, რომელთაც ცოტა ჭირდებათ და ყოველთვის ცდილობენ შეცდომის პოვნას იმათ მხარეზე, ვის მიმართაც რუსეთი აგრესიას ახორცილებს.

რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლეთთან კავშირი, როდესაც ის მოსკოვს ელაპარაკება?

ორი რამ უნდა გამოვყოთ. პირველი, საქართველოს არ ექნებოდა პუტინთან პრობლემა, თუ ის ყოველთვის თავს დაუკრავდა პუტინის ან ვინმე რუსი ოფიციალური პირის ბრძანებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს მცდელობა ქონდეს დასავლეთთან უკეთესი ურთიერთობა, ართულებს კრემლთან ურთიერთობას. თუმცა თუნდაც თუ თბილისი ყველაფერზე თავს დაუკრავს მოსკოვს, ეს საქართველოს გაურთულებს ცხოვრებას, რადგან ამ შემთხვევაშიც კი, მოსკოვი სერიოზულად არ განიხილავს საქართველოს ინტერესებს. შემდეგ თქვენ კრემლის სხვადასხვა ფრაქციებს შორის სათამაშოდ გადაიექცევით, და ეს საშინელი და ტრაგიკული ბედი იქნება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG