ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიმომხილველები: სირიის აღიარება ოკუპირებულ რეგიონებს ლეგიტიმაციას არ სძენს


ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სირიის, ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება ოკუპირებულ რეგიონებს ლეგიტიმაციას არ ძენს. კურტ ვოლკერი აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში ამბობს, რომ სირიას ეს ნაბიჯი მისმა რუსეთზე დამოკიდებულებამ განაპირობა.

„პირველ რიგში, სირია მთლიანად დამოკიდებულია ირანსა და რუსეთზე. რაც შეეხება რუსეთს, ის ცდილობს მდგომარეობის დაძაბვას სხვადასხვა საკითხებით, იქნება ეს ბრიტანეთში ნერვული აგენტის გამოყენება, სირიაში სამხედრო კამპანია, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო ვითარება თუ საქართველოს შემთხვევაში, აღიარება“, - აცხადებს ვოლკერი.

ვოლკერის თქმით, სხვა ქვეყნების მხრიდან ამ ნაბიჯის გამეორება, ნაკლებად სავარაუდოა. „ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ [აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი]. როგორც იცით, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მოსკოვზე არიან დამოკიდებული ან მისგან რაიმეს მიღებას ელიან, ეს ნაბიჯი გადადგეს. ნიკარაგუა ერთ-ერთია, და ასევე, წყნარი ოკეანის კუნძულს ამაში ფული გადაუხადეს. თუმცა სახელმწიფოების უმეტესობა ასე არ მოიქცევა, რადგან ყველა ქვეყანას აქვს რეგიონი ან ქვეყნის ნაწილი, რომელიც შემდეგ გამოყოფას მოინდომებს“, - ამბობს ის.

მიმომხილველებისთვის, ვაშინგტონში დამასკოს ეს სვლა მოულოდნელი არ ყოფილა. ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ ასადი ამ დროისთვის სირიის მხოლოდ ნაწილს აკონტროლებს და მის წინააღმდეგ ოპოზიცია დიდია. მისი თქმით, ასადმა, ტირანული მმართველობიდან გამომდინარე, დაკარგა ლეგიტიმაცია საერთაშორისო არენაზე.

„დამასკოს გადაწყვეტილება, უფრო სწორად პირადად პრეზიდენტ ასადის გადაწვეტილება აღიაროს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი როგორც დამოუკიდებული სახელმწიფოები აჩვენებს იმას, თუ როგორ ახერხებს ერთი მავნე აქტორი, მეორის წახალისებას. ასადი ამას აკეთებს რადგან მოსკოვმა ის გადაარჩინა. 2015 წლის ზაფხულში მისი მომავალი არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა. ამის შემდეგ, რუსეთი უფრო დიდი ძალით ჩაერია და ასადის ბედი შემოაბრუნა“, - ამბობს ჰერბსტი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამწუხაროა, ეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმურობას არ ეხმარება. „ასადი დღეს მხოლოდ სირიის ნაწილს აკონტროლებს და მისი ტირანული მმართველობის წინააღმდეგ ოპოზიცია დიდია. ამიტომ ის არ არის ლეგიტიმური აქტორი. ეს აღიარება, ამ ე.წ. სახელმწიფოებს, მათ სტატუსს არაფერს მატებს. მე არ მგონია, რომ ეს სხვა სახელმწიფოებს, მათ შორის არაბულ სახელმწიფოებს, რაიმე პრეცენდენტს უქმნიდეს“, - თქვა მან.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ შტატების 2017 და 2018 წლების ბიუჯეტის კანონის მიხედვით, ის ქვეყნები, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებენ, ვერ ისარგებლებენ ამერიკის ფინანსური მხარდაჭერით.

კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი, პოლ სტრონსკი ამბობს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს მის საერთაშორისო პარტნიორებთან არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობა.

„მე გამიკვირდა, რომ ეს ახლა მოხდა და არა აქამდე. ასადი უკვე დიდი ხანია მოსკოვზეა დამოკიდებული. როდესაც იმ ქვეყნებს უყურებ, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, ისინი ძირითადად, რუსეთის კლიენტი სახელმწიფოები არიან, ან ქვეყნები, რომლებიც რუსეთზე ძალიან არიან დამოკიდებულნი ფინანსურად თუ დიპლომატიურად“, -თქვა მან. მისი თქმით, საქართველო მისი პარტნიორების მეშვეობით უნდა ეცადოს ამ ქვეყნებზე ზეწოლის განხორციელებას. „მე მესმის რომ ქართველებისთვის ეს სასიამოვნო არაა თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ქვეყნები რომლებიც სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს აღიარებენ, საერთაშორისო არენაზე „მავნე“ და „ბოროტი“ აქტორები არიან. ვფიქრობ, საქართველომ შეშფოთება მის მეგობრებთან და მოკავშირეებთან უნდა გაახმოვანოს და მათთან ერთად ეცადოს ქვეყნებზე ზეწოლის მოხდენას“, - ამბობს სტრონსკი.

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს საელჩო ვაშინგტონში. ამერიკის ხმისთვის მიწოდებულ განცხადებაში, საქართველოს ელჩი ამერიკაში დავით ბაქრაძე ამბობს, რომ საქართველოს საელჩო მუდმივ რეჟიმში მუშაობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და დეოკუპაციის მიმართულებით აშშ-ის აღმასრულებელ, საკანონმდებლო ორგანოებთან და ანალიტიკურ წრეებში.

„საერთაშორისო არენაზე ამერიკის მხარდამჭერი პოზიციის უზრუნველსაყოფად და გასამყარებლად საელჩო ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. რუსეთის ფედერაციის მანიპულირებით, სირიის რეჟიმის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, საელჩო ინტენსიურ კომუნიკაციას ეწევა როგორც აშშ-ის აღმასრულებელ ორგანოებთან - სახელმწიფო დეპარტამენტთან და უშიშროების საბჭოსთან, ასევე სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, რაც ემსახურება ერთის მხრივ, აღნიშული აქტის დაგმობას, და მეორეს მხრივ მსგავსი შემთხვევების საპასუხო ნაბიჯების გამკაცრებას და აგრეთვე, მომავალში მათი თავიდან აცილებას“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

ამ დრომდე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და რუსეთი ცნობენ. ეს ოთხივე ქვეყანა მოსკოვის ახლო მოკავშირეა. ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2011 წელს აღიარა ვანუატუმ და ტუვალუმ, თუმცა მათ მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეცვალეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG