ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლ სტრონსკი: კითხვები მუხთარლის გატაცებაზე შემაშფოთებელია


Paul Stronski

კარნეგის ფონდის ევრაზიის პროგრამის უფროს მკვლევარს საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე, ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.

100 წელი გავიდა, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ასი წლის თავზე, რუსეთი ისევ ცდილობს ამ ქვეყნებზე გავლენის მოპოვებას, რამდენად მოახერხეს მათ თანამედროვე სახელმწიფოებად გადაქცევა, ინსტიტუტების შექმნა და რა პრობლემებს ვხვდებით იქ?

გააჩნია ქვეყანას და ინსტიტუტებს. საქართველოს ყველაზე ძლიერი ინსტიტუტები აქვს და მან ყველაზე მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება მოახერხა დიდი, ძლიერი და აგრესიული მეზობლისგან. საქართველომ რამდენიმე არჩევნები ჩაატარა და რამდენიმე მთავრობა შეიცვალა... და მაშინ, როდესაც ეს თარიღი აღნიშვნას იმსახურებს...ამ საზოგადოებებმა წარსულის განდიდების ნაცვლად, არსებულ პრობლემებზე უნდა ისაუბრონ. მე ვფიქრობ, სომხეთი ახლა ინსტიტუტების შექმნის გზაზეა. მას ქუჩის დემოკრატიის განმეორებადი პრობლემა აქვს. და როგორც ბოლო მოვლენებმა გვაჩვენა, ეს ინსტიტუტები ძლიერი არაა. ხელისუფლება ერთი-ორი პიროვნების გარშემო არის ცენტრალიზებული და რუსეთზე დამოკიდებული. მოსახლეობა შეეცადა ამის დამსხვრევას, და ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქ ინსტიტუტები ძლიერია, ვგულისხმობ ალიევის ოჯახის ინსტიტუტებს და მის მიღმა რთული სათქმელია, თუ რა ინსტიტუტები აქვს სახელმწიფოს. თუმცა, სამივე ქვეყნის საზოგადოება ძალზედ აქტიურია.

ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის გარშემო კითხვა არის ის, თუ რამდენად მოახერხებს ის კორუფციის აღმოფხვას და სოციო-პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესებას. რა მნიშვნელობა აქვს სომხეთის რევოლუციას, საშინაო და საგარეო კუთხით?

შიდა თვალსასრიზით, სომეხი ხალხი ეცადა სტატუს ქვოს შეცვლას, ისინი მეტ ანგარიშვალდებულებას, გამჭირვალობას ანტიკორუფციული რეფორმები ითხოვენ... პრობლემა, რომლის წინაშეც ფაშინიანი დგას არის ის, რომ მის მიმართ მოლოდინები ძალზედ მაღალია. ის პარლამენტს ვერ აკონტროლებს. მმართველი პარტია რჩება ერთიანად და დომინირებს პარლამენტს. ფაშინიანს მოუწია ქვეყნის ყველაზე დიდ ოლიგარქთან გაგიკ წარუკიანთან შეთანხმება და როდესაც ხელისუფლებაში ოლიგარქიულ პარტიასთან შეთანხმებით მოდიხარ, ეს აჩენს კითხვას, თუ რამდენად იქნები წარმატებული მაშინათვე. სომეხ ხალხს სურს ამ პრობლემების გადაჭრა და იმედი მაქვს, მათ ეს გამოუვათ. სომეხი ხალხი მას მისცემს დროს, თუმცა ეს არ იქნება განუსაზღვრელი ვადა.

სომხეთის შემთხვევაში მოსკოვის რეაქცია განსხვავდებოდა მისი პოზიციისგან საქართველოსა და უკრაინაში. ფერად რევოლუციებს და შემდგომ მაიდანს, კრემლი განიხილავდა, როგორც დასავლეთის მცდელობას პოლიტიკური არასტაბილურობის დანერგვისკენ. რატომ განსხვავდებოდა კრემლის რეაქცია სომხეთის შემთხვევაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სომეხმა ხალხმა უარი უთხრა სარგსიანის მიერ პუტინის ნაბიჯის გამეორებას?

აქ ორი რამის კომბინაცია ვიხილეთ. პირველი ის, რომ რუსეთი სარგსიანზე არ გიჟდებოდა. სარგსიანი ევროპასთან პარტნიორობის მსუბუქ ვარიანტზე შეთანხმდა. ის რუსეთისგან გარკვეულწილად დაშორებას ცდილობდა. მეორე, ვფიქრობ რუსეთმა უკრაინის შემთხვევაში არასწორი გათვლები გააკეთა, როცა აღმოსავლეთ უკრაინის და ყირიმის მოვლენები დასავლეთს და ულტრანაციონალისტებს დააბრალა, და ამას საერთაშორისო და საშინაო პასუხი მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება. ასევე, რუსეთი მიხვდა, რომ უკრაინის ექსპერიმენტი, სამწუხაროდ, არც ისე კარგად მიდის, როგორც მაიდანზე გამოსულ დემონსტრანტებს და დასავლეთს სურს. ამიტომ [სომხეთის შემთხვევაში] კრემლმა გადაწყვიტა დალოდებოდა და ენახა როგორ განვითარდებოდა მოვლენები და შემდეგ გაეგრძელებინა მუშაობა იმასთან, ვინც ხელისუფლებაში მოვიდოდა.

საქართველოს მთავრობა რუსეთთან ფრთხილად იქცევა. "ქართულმა ოცნებამ" რამდენჯერმე ხაზი გაუსვა იმას, რომ მათ მოსკოვისადმი პრაგმატული მიდგომა აქვთ. თუმცა, რუსეთი, მიუხედავად ამისა აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, იქნება ეს ოკუპირებული რეგიონების უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, საქართველოს მოქალაქეების გატაცება და მკვლელობა თუ ბორდერიზაცია, და ა.შ. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად საქართველოს მიდგომისა, მოსკოვის საქციელი არ შეიცვლება?

საქართველოს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთი ძალზედ აგრესიული ქვეყანაა, ის მის საზღვართანაა, და მოსკოვს საკუთარ ნაბიჯებში ეჭვი არ შეაქვს. ეს ვიხილეთ უკრაინაში და 2008 წელს საქართველოში. საქართველოს დიდი არჩევანი არ აქვს, სააკაშვილის შემთხვევაში, პროვოკაციული მიდგომა შესაძლოა არ იყო სუკეთესო არჩევანი ძალზედ აგრესიულ რუსეთთან, და ალბათ ქართული ოცნება ზედმეტად რბილია [მოსკოვთან]. თუმცა, გრძელვადიანი კუთხით, რასაც საქართველო აკეთებს-იქნება ეს ვაჭრობის გაზრდა, პირისპირი კონტაქტები, და აფხაზებისა და ოსებისთვის საქართველოს პრო-დასავლური ორიენტაციის უპირატესობების გაზიარება, პოზიტიურია. და ალბათ, ეს დაეხმარება გრძელვადიან პერიოდში აფხაზეთის და ოსეთის მოსახლეობას გააანალიზოს, თუ რამდენად რთულ მდგომარეობაში არიან ისინი. ამასთან, მათი ნაბიჯები კონტროლირდება აგრესიული რუსეთის მხრიდან. საქართველოს დიდი არჩევანი არ აქვს და მან უნდა გააგრძელოს მუშაობა იმაზე, რასაც აკეთბენ, საქართველოში მრავალპარტიული, წარმატებული მთავრობის შექმნაზე, ფოკუსირდეს მისი მოსახლეობისთვის ცხოვრების გაუმჯობესებაზე და შესაძლებლობების შექმნაზე. ბოლო დროს, საქართველოში შემაშფოთებელი ნიშნები იკვეთება. მთავრობამ უნდა იმუშავოს იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი ოპოზიცია. ასევე, იმუშაოს ეკონომიკისთვის იმპულსის მიცემაზე.

ორ სხვადასხვა შემთხვევაში, თურქეთის და აზერბაიჯანის მაგალითზე ვიხილეთ, როგორ ცდება ავტორიტარული მისწრაფებები და პოლიტიკური ვენდეტა საზღვრებს. მხედველობაში მაქვს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეები. მუხთარლი საქართველოდან გაიტაცეს, ხოლო ჩაბუქის გადაცემას თურქეთი ითხოვს. ორივე შემთხვევაში, თბილისი დიპლომატიური დილემის წინაშეა, მან უნდა შეინარჩუნოს სტრატეგიული პარტნიორობა და ამასთან, დაიცვას ადამიანის უფლებები. რა არის ამ მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი?

საქართველომ უნდა გადადგას ძალიან ფრთხილი ნაბიჯები. ბევრი კითხვაა, განსაკურებით აზერბაიჯანლი ჟურნალისტის საქმის გარშემო და იმაზე, თუ რა როლი და რა ინფორმაცია ჰქონდა საქართველოს მთავრობას და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს. ეს მნიშვნელოვანი კითხვებია. საქართველო არის დემოკრატიული და ძალზედ პრო-დასავლური ქვეყანა და ის კითხვები, რაც ჩნდება მომხდართან დაკავშირებით, შემაშფოთებელია იმიტომ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს დასავლური მისწრაფებებისადმი ერთგულებას. ვფიქრობ, ავტორიტარული ქვეყნების მიერ სასამართლოს გარეშე დევნა სამწუხაროა. აზერბაიჯანი და თურქეთი მხოლოდ ერთეულებია. მაგალითად, ცენტრალურ აზიაში მთავრობები ცდილობენ მათ მოქალაქეებს და ოპონენტებს საზღვარგარეთ მიწვდნენ. საქართველო თავშესაფრის მძებნელთათვის რეგიონში შედარებით უსაფრთხოა და უფრო მეტ პრობლემასთან მოუწევს გამკლავება. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ხალხის მისაღებად და მათი უსაფრთხოების დასაცავად და მისცეს მათ საშუალება გააგრძელონ მათი საქმე. თუ ხედავ, რომ მათ ეძებენ „ექსტრემიზმის“ ბრალდებით, საჭიროა შეაფასო რა ბრალდებებს უყენებენ და ვისგან მოდის მტკიცებულებები. ასევე, უნდა ითვალისწინებდე იმ პოლიტიკურ გზებს, რასაც ავტორიტარული მთავრობები იყენებენ მათი ოპონენტების გასაჩუმებლად.

ნატოს ბუქარესტის სამიტიდან 10 წელი გავიდა. საქართველოს ხშირად აქებენ მისი რეფორმებისა და ნატოს მისიებში მონაწილეობისთვის. თუმცა, დასავლეთის ქვეყნები ყოყმანობენ საქართველოსთვის „წევრობის სამოქმედო გეგმის“ მიცემას. როგორ ფიქრობთ, განახლდება ალიანსის გაფართოებაზე საუბარი და უნდა იყოს საქართველოს სტრატეგია გათვლილი, რათა ნატოსგან უფრო მეტი მიიღოს?

არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ნატოს გაძლიერება და გაფართოება. თუმცა პირდაპირ რომ გითხრათ, ტრამპის ადმინისტრაცია ნატოს დიდი ფანი არაა. ის აყენებს ნატოს მიზანს კითხვის ნიშნის ქვეშ. და ამ დროისთვის არ გამოდის ალიანსიდან და არ ვფიქრობ რომ ეს მოხდება. მაგრამ ჩვენ ახლა გვყავს ადმინისტრაცია, რომელიც არ ფოკუსირდება ალიანსზე და ურჩევნია ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე იმუშაოს. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის შანსია იმისთვის, რომ ნატოს გარშემო დისკუსიიდან გადაინაცვლოს უფრო მეტ ორმხრივ თავდაცვით თანამშრომლობაზე შეერთებულ შტატებთან. ტრამპის ადმინისტრაცია ამ ტიპის ურთიერთობებს ანიჭებს უპირატესობას. ამერიკის პრესაში ცოტა ხნის წინ რამდენიმე სტატია დაბეჭდა იმაზე, თუ რამდენად უფრო დიდია თანამშრომლობა ამერიკასა და იმ ევროპელ პარტნიორებს შორის, რომლებიც ნატოში არ არიან, მაგალითად ფინეთი და შვედეთი. საქართველოს შეუძლია ეს მოდელი გაითვალისწინოს და იფიქროს იმაზე, თუ როგორ ითანამშრომლოს უფრო ახლოს [შეერთებულ შტატებთან] თავდაცვის სექტორში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG