ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანგრძლივი ჯდომის რისკი ჯანმრთელობისთვის


სამეცნიერო კვლევა უმოძრაობას, ხანგრძლივ ჯდომას და ქრონიკულ დაავადებებს შორის არსებულ კავშირს ადასტურებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, განვითარებულ, თუ განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის 60-დან 85 პროცენტამდე ფიზიკურად ნაკლებად აქტიურია და მათი ცხოვრების სტილი თანდათან უფრო მჯდომარე ხდება. ორგანიზაცია იმასაც ამბობს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 2 მილიონი ადამიანის დაღუპვა სწორედ მათ უმოძრაობას უკავშირდება.

აღნიშნული გარემოება სიკვდილის, ან უნარშეზღუდულობის გამომწვევ 10 მთავარ მიზეზს შორის სახელდება. ამერიკის და ავსტრალიის მკვლევარები აცხადებენ, რომ რაც უფრო დიდ ხანს ზიხართ დღის განმავლობაში, მით მეტია ქრონიკული, ან მომაკვდინებელი დაავადების გაჩენის რისკი. ისეთის, როგორიცაა: სიმსივნე, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ასე შემდეგ.

რიჩარდ როზენკრანცი, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იმ მკვლევართა შორის იყო, რომლებიც მჯდომარე ცხოვრების სტილის უარყოფით შედეგებს სწავლობდნენ. მისი თქმით, კორელაცია რამდენიმე დაავადებასთან უკვე სახეზეა.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ზოგიერთი მათგანის რისკი, ყველასი არა, მაგრამ ზოგიერთის უმოძრაობის გამო იზრდება. ეს დანამდვილებით ეხება დიაბეტს. ჩვენი დაკვირვებით, ასევე პირდაპირ კავშირშია სისხლის მაღალ წნევასთან და კიდევ მრავალ სხვა ქრონიკულ დაავადებასთან“ - აღნიშნავს პროფესორი როზენკრანცი.

მართალია ვარჯიში ერთგვარი გამოსავალია - დასძენს ის, მაგრამ სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ 30 წუთი ვარჯიში სამსახურში მისვლამდე და შემდეგ 8 საათი მაგიდასთან ჯდომა ჯანმრთელობისთვის მაინც დიდ რისკს შეიცავს.

„ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ, ჩვენი აღმოჩენა რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მივაწვდინოთ. არ არის საკმარისი დღეში ერთხელ სირბილი ან ველოსიპედზე ვარჯიში სპორტულ კლუბში. უნდა ვიპოვოთ გზა, რომ მუშაობის დროს მეტად ვიმოძრაოთ და მუდმივად ერთ ადგილზე არ ვიჯდეთ“ - ამბობს მკვლევარი.

უმოძრაობა ნაადრევ დაბერებას და დაუძლურებასთან ერთად ტექნოლოგიებზე ზედმეტ დამოკიდებულებას იწვევს. სამუშაოს ტიპი შეიცვალა. ის, რაც ადრე მეტ ფიზიკურ მოძრაობას მოითხოვდა, დღეს მაგიდასთან და კომპიუტერთან ჯდომით კეთდება. ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაშიც კი ბევრ იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენ ადრე ვასრულებდით, საგანგებოდ შეძენილ მანქანებს ან მომსახურების კომფორტულ ფირმებს ვაკისრებთ. მანქანით დავდივართ სამსახურში, თუნდაც ფეხით იქ მისვლას სულ 20-25 წუთი ჭირდებოდეს. მანქანები თავად რეცხავენ ჭურჭელს, რობოტი-მტვერსასრუტი თვითონ იღებს მტვერს ხალიჩიდან. ავეჯი იქნება ეს, ტანსაცმელი, ჰიგიენის საშუალებები თუ უკვე საკვები პროდუქტიც კი, ძალიან ხშირად ინტერნეტზე შეკვეთას ვამჯობინებთ და სახლის კართან ვიღებთ.

როგორ უნდა მოვახერხოთ ამ მჯდომარე ცხოვრების სტილის შეცვლა?

პროფესორი როზენკრანცი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გვირჩევს, რომ ამისთვის რამდენიმე რამ შეიძლება ვცადოთ. კომპიუტერის მონიტორი მაგალითად შეგვიძლია მაღლა დავაყენოთ და რაღაცეები დამდგარმა გავაკეთოთ. ამას გარდა 5-წუთიანი შესვენებები მოვაწყოთ ყოველ 1 საათში და უბრალოდ დერეფანში ვიაროთ. თუმცა, საბოლოო ჯამში, მას მიაჩნია, რომ მიდგომა არა ინდივიდუალური, არამედ უფრო სისტემური და სერიოზული უნდა იყოს.

„მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდ ხანს ჯდომა ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს და ეს უზარმაზარ ხარჯებს, ცხოვრების სტილის შეზღუდვას და სიცოცხლის ხარისხის მკვეთრ გაუარესებას უკავშირდება. ამიტომ რაიმე უნდა ვიღონოთ. სოციალური, კულტურული ნორმები უნდა შევცვალოთ. ასე მაგალითად, ოფისში ან საქმიან შეხვედრებზე მიღებული უნდა იყოს ფეხზე დგომა“ - აღნიშნავს კანზასის უნივერსიტეტის პროფესორი.

ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერების ერთობლივი ნაშრომის დეტალური გაცნობა შესაძლებელია პუბლიკაციაში, სახელწოდებით: ფიზიკური აქტივობის და ქცევითი საზრდოს საერთაშორისო ჟურნალი. ინგლისურად - The International Journal of Behavioral Nutrition and Physical Activity.
XS
SM
MD
LG