ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არასწორი ამინდის პროგნოზის გამო უნგრეთში ორი მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს


ფოტო არქივიდან

უნგრეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დაკარგეს. მათი გადათვისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ამინდის არასწორი პროგნოზი გააკეთა.

მეტეოროლოგების პროგნოზით 20 აგვისტოს, საღამოს უნგრეთში უნდა ეწვიმა, რის გამოც ქვეყანაში ყველაზე დიდი ეროვნული დღესასწაული, წმინდა სტეფანეს დღე, ფოიერვერკების გარეშე დასრულდა. ამ დღეს, ბუდაპეშტში, ტრადიციულად მილიონზე მეტი ადამიანი იკრიბება ხოლმე.

სინოპტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ საღამოს 9 საათისთვის ბუდაპეშტში ამინდი რადიკალურად შეიცვლებოდა, მოსალოდნელი იყო ქარიც, რის გამოც ფოიერვერკების გაშვება რეკმენდირებული არ იყო. დღის ბოლოს გაირკვა, რომ სინოპტიკოსების პროგნოზი არ გამართლდა.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა 23 აგვისტოს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უკვე ყოფილი ორი ხელმძღვანელის სამსახურში დაბრუნებას ითხოვს. სააგენტო აცხადებს, რომ მთავრობამ უგულებელყო ის, რომ ამგვარი უზუსტობა მეტეოროლოგიური პროგნოზის გაკეთებისას მეცნიერულადაც დასაშვები და შესაძლებელია.

ფაქტს საზოგადოებაში კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც ორბანის მთავრობამ მეტეოროლოგირი სამსახურიდან ორი მაღალი თანამდებობის პირი გაუშვა. ადგილობრივი მედია პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ უნგრელთა ნაწილი ფოიერვერკების გადადებას მანამდეც ითხოვდა.

100 000-ზე მეტმა უნგრელმა პეტიციას მოაწერა ხელი, რომლითაც ისინი მთავრობას მოუწოდებდნენ მეზობელ უკრაინაში რუსეთის მიერ წამწყებული ომის გამო ფოიერვერკები არ გაეშვათ.

ვიქტორ ორბანის მოწინააღმდეგეები კი ფიქრობენ, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა, საბიუჯეტო რესურსი ფოიერვერკებში არ უნდა იხარჯებოდეს.

2006 წელს, წმინდა სტეფანეს დღესასწაულზე 5 ადამიანი დაიღუპა 300-ზე მეტი კი დაშავდა. მიზეზი ძლიერი ქარი იყო, რომლის სიჩქარეც მაშინ სპეციალისტების შეფასებით, საათში 100 კილომეტრი იყო. ქარიშხლის დროს ქალაქის ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG