ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორელი: "ირანთან დაკავშირებით EU-ის წინადადებებს მხარეთა უმეტესობა ეთანხმება"


ფოტო არქივიდან: საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზაფირი. თეირანი, ირანი.

ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ დისკუსიაში მყოფი ქვეყნების უმეტესობა, ევროკავშირის წინადადებას ეთანხმება. ახლა მხარეები შეერთებული შტატების პასუხსა და შეთანხმების განახლების პროექტის შესახებ თეირანის პოზიციას ელოდებიან.

„მათი უმეტესობა თანახმაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხი შეერთებული შტატებისგან და მესმის, რომ მათ წინადადების განხილვა სჭირდებათ. ველოდებით, რომ მიმდინარე კვირაში პასუხს მივიღებთ“, - განაცხადა ბორელმა ესპანურ მაუწყებელთან საუბრისას.

ევროკავშირმა საკუთარი წინადადება შეერთებულ შტატებსა და ირანს ივლისის მიწურულს გაუგზავნა. გასულ კვირაში ევროკავშირის შეთავაზებაზე ოფიციალურმა თეირანმა რამდენიმე კომენტარი გააკეთა.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ თეირანის შეფასებების შესაბამის პასუხზე მაქსიმალურად სწრაფად მუშაობს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოხარულია ირანის მიერ ზოგიერთ მოთხოვნაზე უარის თქმით. მათ შორის, ირანი აღარ ითხოვს, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის“, ტერორისტული დაჯგუფების სტატუსის გაუქმებას. თუმცა, პრაისი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არსებობს გადაუჭრელი საკითხები, რომელიც უნდა გადაწყდეს.

ბორელი ამბობს, რომ ირანმა ევროკავშირის წინადადებაში რამდენიმე შესწორების შეტანა ითხოვა, თუმცა თეირანის პოზიციები არ გასაჯაროვებულა. მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ თეირანის პასუხები შეთავაზებულ პროექტზე „გონივრული“ იყო და მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, შესაძლოა მიმდინარე კვირაში ჩატარდეს.

ყოვლისმომცველ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე (JCPOA), შეერთებული შტატები, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი, რუსეთი და ჩინეთი, ირანთან 2015 წელს შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, ეკონომიკური სანქციების უმეტესობის მოხსნის სანაცვლოდ, ირანი დათანხმდა გაეროს ინსპექტორების მეთვალყურეობის ქვეშ ურანის გამდიდრების შეზღუდვას.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 2018 წელს ვაშინგტონმა შეთანხმება ირანის მხრიდან მისი პირობების დარღვევის ბრალდებით, ცალმხრივად დატოვა და ქვეყანას მკაცრი სანქციები დაუწესა. თეირანმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ნაწილობრივ უარი თქვა. მათ შორის პასუხისმგებლობაზე, რომელიც ურანის გამდიდრებას ეხებოდა.

ირანის, რუსეთისა და ევროკავშირის მომლაპარაკებლებმა, მათ შორის, შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, თეირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ირიბად, 4 აგვისტოს განაახლეს. მხარეებს შორის ვენაში გამართული მოლაპარაკებები ერთთვიანი წყვეტის შემდეგ პირველი იყო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG