ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგამოძიებო კომიტეტს მაიკ პენსის დაკითხვა სურს


ამერიკის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრი, კონგრესმენი ადამ შიფი გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მზაობას მიესალმება. შიფმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ეთერში თქვა, რომ გამამხნევებელი და წამახალისებელია იმის მოსმენა, რომ მაიკ პენსი მზადაა განიხილოს საგამოძიებო კომიტეტისთვის ჩვენების მიცემის საკითხი.

"გამამხნევებელია ამის გაგონება და ვიმედოვნებ ეს იმას ნიშნავს, რასაც ჰგავს. ჩვენ ამ თემაზე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის უფლებადამცველს უკვე გარკვეული ხანია რაც ვესაუბრებით", - ამბობს შიფი.

მაიკ პენსი აცხადებს, რომ მისი აზრით, პრეზიდენტი ცდებოდა, როცა ამტკიცებდა, რომ ვიცე-პრეზიდენტს არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ოფიციალური შედეგების შეცვლა შეეძლო. მაიკ პენსი არჩევნების შედეგების რატიფიკაციის დროს კაპიტოლიუმში იმყოფებოდა, როცა დონალდ ტრამპის მხარდამჭერები, რომლებსაც არჩევნები გაყალბებულად მიაჩნდათ, საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ.

ადამ შიფის განმარტებით, პენსმა იცის, რომ კომიტეტის წინაშე წარდგომა მისსავე ინტერესებს შეესაბამება. კონგრესმენი დარწმუნებულია, რომ თუკი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მოინდომებს, კონკრეტული ფორმატისა და ჩარჩოს გამონახვა შესაძლებელი იქნება.

პენსმა გასული კვირის ოთხშაბათს თქვა, რომ კომიტეტის წინაშე წარდგომის საკითხს განიხილავს, თუკი მას იქ მიიწვევენ. თუმცა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ მისი აზრით, საგამოძიებო კომისია პოლიტიკურად მიკერძოებულია.

6 კვირის განმავლობაში საგამოძიებო კომიტეტმა 8 მოსმენა გამართა. კანონმდებლებს აქვთ ტრამპის ყოფილ თანაშემწეებთან და თეთრი სახლის თანამშრომლებთან გასაუბრების, მათი ჩვენებების ჩანაწერები. საგამოძიებო კომიტეტი მუშაობას მომდევნო კვირებში განაახლებს.

XS
SM
MD
LG