ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩაკ ჰეგელი ავღანეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა


ამერიკული მხარე ავღანეთს უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი ავღანეთის ლიდერებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ შეთანხმებას, რომელმაც მისი განცხადებით რეგიონში მშვიდობა უნდა უზრუნველყოს მას მერე, რაც მომავალ წელს ავღანეთიდან საერთაშორისო კოალიციის მნიშვნელოვანი სამხედრო წარმომადგენლობა გავა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლუის რამირესი ბრუსელიდან, ნატოს შტაბ-ბინიდან მოგვითხრობს.

ამერიკის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი ავღანეთის თავდაცვის მინისტრს ბისმულა ხან მოჰამედს შეხვდა, ნატოს თავდაცვის მინისტრთა შეხვედრის დროს, სადაც 2014 წელს კოალიციური ჯარების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობდნენ.

ჩაკ ჰეგელის და შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების სხვა მაღალჩინოსნის განცხადებით, ისინი იმედიანად არიან განწყობილი რომ ავღანელ კოლეგებთან ერთად ხელი მოეწერება უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, რომელზეც ცოტა ხნის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საუბრობდა.

ორშაბათს, ბრუსელში გამგზავრების დროს, ჰეგელმა განაცხადა, რომ მას სჯერა რომ ავღანურ მხარეს ესმის რომ ამ შეთანხმებას ხელი მალე უნდა მოეწეროს, თუმცა სიფრთხილით უნდა მოეკიდონ, რადგან შეთანხმების ამოქმედება კანონის ჩარჩოებში მოაქცევს 2014 წელს რეგიონიდან კოალიციური ჯარების დიდი ნაწილის გასვლის შემდეგ ავღანეთში განსაზღვრული მცირე მოცულობის საერთაშორისო ძალების დატოვების საკითხს.


ჩაკ ჰეგელი: ავღანური მხარე საკითხს პასუხისმგებლობით და ანალიზით მიუდგა, რაც სწორი გადაწყვეტილებაა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. თუმცა ამ საკითხში ჩართულია კოალიციაში არსებული ყველა ქვეყანა და გადამწყვეტი სიტყვა, რაც შეთანხმებაზე ხელმოწერას ნიშნავს, ავღანურმა მხარემ უნდა თქვას. ეს შეთანხმება პირველ რიგში ავღანეთისთვის უნდა იყოს მისაღები. სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ რეგიონში თანამშრომლობის მიზნით ამერიკული სამხედრო დანაყოფების დარჩენის საკითხი.


წინასწარი შეთანხმება ახლა უკვე ავღანეთის უხუცესმა ლიდერებმა და პარლამენტმა უნდა მოიწონოს.


ნატოში გამართული შეკრების დროს ლიდერები ფრთხილობდნენ არ შეხებოდნენ იმ საკითხებს, რაზეც მხარეებს შორის განსხვავებული პოზიციები არსებობს. მათი განცხადებით, ისინი შიშობენ რომ უთანხმოების საკითხებზე მსჯელობით ხელი არ შეუშალონ მოლაპარაკების საკმაოდ მგრძნობიარე პროცესს.


მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შეერთებული შტატების მოთხოვნა, შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნოს სამართლებრივი უფლება იმ ამერიკულ სამხედრო კონტიგენტზე, რომლებიც რეგიონში დარჩებიან, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მათ ავღანური კანონმდებლობა ვეღარ გააკონტროლებს.


როგორც ჰეგელმა განაცხადა, ავღანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, კვლავ მიმდინარეობს მუშაობა ავღანეთის უსაფრთხოების საკითხებში ახალი გამოწვევების თაობაზე, თუმცა ამ შეთანხმებაზე ხელმოწერა ავღანეთისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.


ამერიკის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დარწმუნებულია, ავღანეთის ხალხი შეთანხმებას დაამტკიცებს, რაც მისი აზრით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავღანეთისთვის, ვინაიდან რეგიონისთვის მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დახმარების საკითხიც წყდება, რომელიც ნატოს ჯარების გასვლის შემდეგ ავღანეთის განვითარებისთვის არის გამიზნული.

ნატოს ჯარებმა სამხედრო ვალდებულებების შესრულება ავღანურ სამხედრო შენაერთებს გადასცეს, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს ინიციატივა გამკლავებოდნენ ავღანეთის მებრძოლებს, იმ საბრძოლო შეტაკებების დროს, რომელიც ახლახან დასრულდა.


შეერთებულმა შტატებმა გამოხატა შეშფოთება იმ დანაკარგების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ბრძოლებში ავღანური სამხედრო ძალების მხრიდან. ამ ბრძოლების დროს, ყოველ კვირას, ავღანეთის სამხედრო ჯარების დანაკარგი სულ ცოტა ას ჯარისკაცს შეადგენდა.


დანაკარგების რაოდენობა ახლა განახევრდა, რასაც ამერიკის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის განცხადება მოჰყვა იმის თაობაზე, რომ ამ პერიოდისთვის გაძლიერდა ავღანეთის ჯარების მომზადება ბრძოლების დროს დაშავებული ჯარისკაცების მოვლის და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სფეროში.
XS
SM
MD
LG