ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსაფრთხოების პაქტის ბედი


თალიბთა თავშეკავების მიუხედავად, ამერიკის საგანგებო დესპანი თვლის, რომ ავღანეთს და პაკისტანს შორის უსაფრთხოების პაქტი მაინც დაიდება

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:03:59 0:00
ბმული

შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში და პაკისტანში, ჯეიმს დობინი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ სამშვიდობო პროცესების დინამიკა გააცნო. იმის მიუხედავად, რომ თალიბანი მოლაპარაკებების განახლებაზე უარს ამბობს, საგანგებო დესპანი მაინც დარწმუნებულია, რომ მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში მდგომარეობა გაირკვევა და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების პაქტი დაიდება.

ვაშინგტონი მზად არის დოჰას პროცესი წინ წასწიოს, თუმცა მაინც ბევრია დამოკიდებული იმაზე, რამდენად აღმოჩნდება მზად თალიბანი ამერიკასთან და ავღანეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად, აღნიშნავს ჯეიმს დობინი.

საგანგებო დესპანის თქმით, თალიბები „ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე პოზიციას ინარჩუნებენ, მაგრამ უკანდახევას არც ჩვენ ვაპირებთ და გავააგრძელებთ მიზნის განხორციელების მიმართულებით მუშაობას“.

შეერთებული შტატები ავღანეთში 12-წლიანი კონფლიქტის დასრულების გეგმაში ყატარის დედაქალაქ დოჰაში თალიბანის წარმომადგენლობის გახსნასაც მოიაზრებდა. იქ თავი უნდა მოეყარათ მოლაპარაკებაში მონაწილე თალიბანის ოფიციალურ წარმომადგენლებს. მაგრამ ოფისის გახსნას დიდი სკანდალი მოჰყვა. დაწესებულების აბრაზე მითითებული იყო სახელწოდება: ავღანეთის ისლამური ემირატის წარომადგენლობა. - სახელი, რომელიც ადრე, თალიბთა მართვის 5 წლის მანძილზე (1996-2001 წწ.) ავღანეთს ერქვა. ამას გარდა, შენობის თავზეც თალიბთა დროშა ფრიალებდა.

დაწესებულების გახსნაში ჩადებულმა სიმბოლიზმმა ავღანეთის ამჟამინდელი მმართველი, ჰამიდ კარზაი ძალიან გაანაწყენა. პრეზიდენტმა კარზაიმ შეერთებული შტატების მთავრობას ბრალი დასდო იმაში, თითქოს ამერიკა ავღანეთის პარალელური, დევნილობაში მყოფი მთავრობის შექმნას ახალისებდა. კარზაიმ უარი თქვა დოჰაში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობზე და შესაბამისად, უსაფრთხოების პაქტის დადების გეგმაც გაიყინა.

ავღანეთის მხრიდან დაფიქსირებული კატეგორიული პოზიციის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა თალიბებს დროშის მოხსნა და შენობის აბრაზე წარწერის შეცვლა მოსთხოვა. პასუხად, ასევე განაწყენებულმა თალიბანმა ზარზეიმით გახსნილი ოფისი საერთოდ დახურა.

ამერიკის საგანგებო დესპანი მიიჩნევს, რომ დოჰაში წარმომადგენლობის აღნიშნული ფორმით გახსნა მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების დარღვევა იყო.

ჯეიმს დობინი აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, როცა ოფისი გაიხსნა, წინასწარ შეთანხმებული პოზიციების პატივისცემა არ მოხდა. ძირითადად ეს გაუგებრობით შეიძლება აიხსნას, ვიდრე ბედით. ოფისის ლიმიტებზე და მის სახელწოდებაზე მეტი მსჯელობა დაზუსტება იყო საჭირო. ასე რომ ახლა მზად ვართ წინ წავიწიოთ“ .

დესპანის მიერ ნახსენებ წინსვლაში მთავარი როლი ეკისრება როგორც თალიბების მხარეს, ასევე ავღანეთის პრეზიდენტის მიერ დანიშნულ სამშვიდობო ელჩს. თალიბანი წლობით უარს აცხადებდა პირდაპირ მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე და ავღანეთის პრეზიდენტს „ამერიკის მარიონეტს“ უწოდებდა.

პარასკევს, ქაბულში დასრულებული სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ, დობინის განცხადებები ოპტიმისტურად ჟღერდა. მან ორმხრივი პაქტის სავარაუდო დადების დროც კი დაასახელა. ამერიკის საგანგებო დესპანის თქმით, მოლაპარაკება წარმატებით ოქტომრისთვის დასრულდება, ზუსტად მაშინ, როცა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანია დაიწყება.

ავღანეთში ახალ პრეზიდენტს მომავალი წლის აპრილში აირჩევენ. ადგილობრივ მედიას მიაჩნია, რომ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება პრეზიდენტის არჩევნებზე დიდ გავლენას მოახდენს. პაქტის დადება შეერთებული შტატებისთვისაც მნიშვნელოვანია. ამერიკული ქვედანაყოფების უმეტესი ნაწილი ქვეყნიდან 2014 წლის დასასრულამდე უნდა გავიდეს. უსაფრთხოების პაქტის და ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაირკვევა, თუ რა რაოდენობით და რა ტიპის ამერიკული დამხმარე ძალა დასჭირდება ავღანეთს სამომავლოდ.
XS
SM
MD
LG