ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის ბრალდება და ევროკავშირის გაფრთხილება თურქეთს


საბერძნეთი თურქეთს სამთავრობო თვითმფრინავის შეყოვნებაში სდებს ბრალს. თვითმფრინავით საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერაყიდან საბერძნეთში ბრუნდებოდა. ათენი აცხადებს, რომ თვითმფრინავი 20 წუთის განმავლობაში, ჰაერში ელოდებოდა თურქული მხარისგან ნებართვას, შესულიყო თურქულ ავიასივრცეში.

თურქეთი ბრალდებას არყოფს. ანკარა აცხადებს, რომ თვითმფრინავი ერაყიდან საფრენი გეგმის გარეშე აფრინდა და საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ, მას თურქეთის ცაზე შესვლის უფლება მისცეს.

დაძაბულობა ნატოს ორ მოკავშირეს შორის, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, საზღვაო ტერიტორიების შესახებ დავის გამო, ბოლო დროს გამწვავდა. სადავო საზღვაო ტერიტორია, ბუნებრივი წიაღისეულით მდიდარია და თურქეთი მის მისაკუთრებას ცდილობს.

თურქულ-ბერძნული დაპირისპირების წარსული და თანამედროვეობა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:48 0:00

„ეს თურქეთის პროვოკაციების სერიის კიდევ ერთი ეპიზოდია. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი ინციდენტები მომავალში აღარ განმეორდება“ - აცხადებს საბერძნეთის მთავრობის პრესსპიკერი, სტელიოს პეტსასი.

თურქეთის საგარეო უწყება უარყოფს, რომ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი განგებ, პროვოკაციის მიზნით შეაყოვნეს.

„თვითმფრინავი, ერაყიდან ფრენის გეგმის გარეშე გამოფრინდა. ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოსვლისას, ფრენის გეგმა, სასწრაფოდ იქნა მოთხოვნილი ერაყის ხელისუფლების მხრიდან. გეგმის მიღების შემდეგ, ფრენა უსაფრთხოდ განხორციელდა“ - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

მისივე თქმით, ბერძნული მხარის თხოვნის საფუძველზე, ანკარამ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავს, 14 ოქტომბერს, ერაყში თურქული ცის გავლით ფრენის უფლება მისცა.

საფრანგეთი და გერმანია კი თურქეთს, ევროკავშირის წინააღმდეგ პროვოკაციების გაგრძელებაში სდებს ბრალს. ევროკავშირი ანკარას საკუთარი პოზიციების გამოკვეთისთვის ერთ კვირას აძლევს.

მიუხედავად ევროკავშირის სამიტის 2 ოქტომბრის შეთანხმებისა, რომ სადაო წყლებში თურქეთს ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება უნდა შეეწყვიტა, თურქეთი აცხადებს, რომ წიაღისეულის მოპოვების ოპერაციას განაახლებს.

წიაღისეულის მომპოვებელი გემი, თურქეთმა სადავო ტერიტორიიდან, ევროკავშირის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე გაიყვანა. მაშინ ევროკავშირის თურქეთის წინააღმდეგ სანქციებზე მსჯელობდა. თურქული გემი კი ორშაბათს, სადავო წყლებში, საწყის პოზიციას დაუბრუნდა.

ევროკავშირი აცხადებს, რომ თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს, 2 დეკემბერს ჩანიშნულ სამიტზე, კვლავ განიხილავს.

„ნათელია, რომ გამუდმებით პროვოკაციულად მოქმედებს, რაც მიუღებელია“ - აცხადებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ევროგაერთიანება თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებას ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს.

„უნდა შევხედოთ, იქნება თუ არა პროგრესი ერთი კვირის განმავლობაში“ - აცხადებს ჰეიკო მაასი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG