მიჩიგანში ექვს მამაკაცს ბრალი წაუყენეს შტატის გუბერნატორის გრეჩენ უიტმერის გატაცების შეთქმულების დაგეგმვაში. ისინი ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტები არიან, რომლებიც გუბერნატორის მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებულ შეზღუდვებს არ ეთანხმებოდნენ.
ფედერალური ნაფიცი მსაჯულების სხდომამ მიჩიგანის მკვიდრებს ადამ ფოქსს, ტაი გარბინს, კეილებ ფრანკს, დანიერ ჰარისს და ბრანდონ მაიკლ-რეი კასერტას და დელავერის შტატის მობინადრე ბერი კროფტს შეთქმულების დაგეგმვაში ბრალი წაუყენა.
ფედერალური პროკურორის ენდრიუ ბირჯის განცხადებით, თითოეული ბრალდების სასჯელი, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა იყოს.
ეჭვმიტანილები ოქტომბერში დააკავეს მას შემდეგ, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გუბერნატორის გატაცების თაობაზე შეთქმულების გეგმა გამოავლინა.
ეჭვმიტანილების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი კლიენტები უბრალოდ „ბევრს ლაპარაკობდნენ,“ მაგრამ დემოკრატი გუბერნატორის გატაცების რეალური გეგმა არ ჰქონიათ.
Facebook Forum