ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობაზე კიბერთავდასხმის გამო, ამერიკაში შეშფოთება იზრდება


ჯო ბაიდენი, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი

"ბევრი რამ ჯერ ჩვენთვის ცნობილი არ არის. თუმცა, რაც ვიცით, ისიც ძალზე შემაშფოთებელია" - თქვა ხუთშაბათს შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ის ამერიკის პრეზიდენტის პოსტს 20 იანვარს, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე ფიცის დადების შემდეგ გადაიბარებს.

ბაიდენი ამბობს, რომ თავის გუნდს დაავალა, ზედმიწევნით შეისწავლონ მთავრობის ფედერალურ უწყებებზე ჰაკერული თავდასხმის ფაქტები და შეაქო სამთავრობო უწყებათა თანამშრომლების ის ჯგუფები, რომლებიც "შეტევაზე საპასუხოდ დღედაღამ დაუღალავად მუშაობენ".

ამერიკის მომავალი პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ხელისუფლების გადაბარებისთანავე, მისი ადმინისტრაცია კიბერუსაფრთხოებას ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტად დააყენებს. ამასთან, ბაიდენი კერძო სექტორის პარტნიორებთან მთავრობის თანამშრომლობის გაფართოებას და განმტკიცებას გეგმავს.

ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების უსაფრთხოებამ დაადასტურა, რომ მის წინააღმდეგ ჰაკერების თავდასხმის კამპანიაა დაწყებული. ფედერალური მთავრობის მთელ რიგ უწყებებზე ელექტრონული იერიში "საგულისხმოა და კვლავ მიმდინარეობს" - აცხადებენ გამომძიებლები. ეჭვი რუსეთის მთავრობაზე მომუშავე ჰაკერებზეა.

ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების განყოფილება აცხადებს, რომ "ჰაკერთა იერიში ღრმა რისკის შემცველია როგორც ფედერალური, ისე შტატების, თუ ადგილობრივი მთავრობებისთვის... ასევე რისკის ქვეშაა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ცენტრები და კერძო სექტორის სხვა ორგანიზაციები".

ხუთშაბათსვე ცნობილი გახდა, რომ ჰაკერების სამიზნე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი და კომპანია "მაიკროსოფტიც" იყო. თავიდან მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ თავს დაესხნენ შეერთებული შტატების ხაზინას და ვაჭრობის დეპარტამენტს. თუმცა, მედიაში თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტებიც იყო დასახელებული.

ჰაკერებმა ფედერალურ უწყებებში შესაღწევად ტექნოლოგიური კომპანია "სოლარუინდსი" (SolarWinds Corp.) გამოიყენეს. კომპანიის განცხადებით, 18 000-მა თანამშრომელმა სისტემის განახლების საეჭვო პროგრამა ჩამოტვირთა, რომლითაც ჰაკერებმა მათ მონაცემთა ბაზაში შეაღწიეს და მთელი 9 თვის განმავლობაში ჰქონდათ წვდომა. ამ ეტაპზე "სოლარუინდსის" პროგრამა სამთავრობო უწყებების კომპიუტერებიდან "იზოლირებულია" - აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის პრესსპიკერი შეილინ ჰეინსი.

ბოლო თვეებია, გამოძიების ფედერალური ბიურო, კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი, მომხდარს იძიებენ - ნათქვამია ამ უწყებათა მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ობრიენმა, მომხდარის გამო, ევროპაში ვიზიტი ადრე შეწყვიტა და სამშაბათს ვაშინგტონში დაბრუნდა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG