ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს 22 მოქალაქე დამასკოში რჩება


დამასკოში დარჩენა სულ უფრო სახიფათო ხდება
დამასკოში დარჩენა სულ უფრო სახიფათო ხდება

სირიაში ჩარჩენილი ქართველები, ქალაქ ლატაკიასთან თურქეთის საზღვრის გახსნას ითხოვენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კვლავ ვერ ახერხებს სირიის დედაქალაქში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების გამოყვანას. სხვადასხვა მონაცემებით, დამასკოში 18-დან 22-მდე საქართველოს მოქალაქე, ძირითადად, ქალები იმყოფებიან.

ჯერ კიდევ 28 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სირიაში საქართველოს მოქალაქეები აღარ იმყოფებოდნენ. საგარეო უწყების ინფორმაციით, ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს დახმარებით, დასავლეთ სირიის, ქალაქი ჰომსი ორმა ქართულმა ოჯახმა წინა კვირას დატოვა.

თუმცა, როგორც გაირკვა, სამოქალაქო ომში გახვეულ სირიაში იმაზე მეტი ქართველი აღმოჩნდა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საგარეო უწყება ბოლო ორი წლის მანძილზე დაჟინებით მოუწოდებდა საქართველოს მოქალაქეებს თავი შეეკავებინათ სირიაში გამგზავრებისგან. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ეს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე არ იდგნენ და სამინისტროს მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, სირიასა და ტუნისში არჩილ ძულიაშვილმა დღეს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე განაცხადა, რომ საელჩო საქართველოს მოქალაქეების სირიიდან გამოყვანას ცდილობს

"ჩვენ ყველა საკითხი ოპერატიულად გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს სწრაფად დაეტოვებინათ სირიის ტერიტორია და ჩამოსულიყვნენ საქართველოში. ამ ეტაპზე, ყველამ ვიცით რა სიტუაციაც არის და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ საკითხის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებზე.

მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეები გადავიდნენ უსაფრთხო ადგილას. ანუ დატოვონ სირიის ტერიტორია და გადავიდნენ ლიბანის ტერიტორიაზე. ეს არის მთავარი მიზანი, რისთვისაც ვმუშაობ ჩვენს მეგობარ, ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოსთან ერთად. ასევე მუდმივი კავშირი გვაქვს დამასკოში დარჩენილ ქართველებთან.“

ამ ეტაპზე, უკვე ცნობილია, რომ საქართველოს საგარეო უწყების ერთი გეგმა ვერ განხორციელდა. სამინისტრომ, დამასკოში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზა საკუთარი ძალებით, 88 კილომეტრით მოშორებულ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჩასულიყვნენ, სადაც, მათ უფასო ავიაბილეთები დახვდებოდათ.

ბეირუთიდან საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი ჯერ ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ჩაფრინდებოდა, იქედან კი სტამბოლის გავლით, თბილისში გამოემგზავრებოდა.

დამასკოში მყოფმა ქართველებმა ამ გეგმაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, დამასკო-ბეირუთის გზებზე და სირია-ლიბანის საზღვარზე არსებული რიგების გამო, ისინი ლიბანში თვითმფრინავს ვერ მიუსწრებდნენ.

ამჟამად, დამასკოს სასტუმროში მყოფი ნარგიზა ლომთათიძე საქართველოს ხელისუფლებას თხოვს, თურქეთის სახელმწიფოსთან შუამდომლობას, რომ მათ სირიის მთავარ ნავსადგურთან- ლატაკიასთან ახლოს მდებარე სახელმწიფო საზღვარი ერთი საათით გახსნან და საქართველოს მოქალაქეები თურქეთში შეუშვან. ნარგიზა ლომთათიძე ამბობს:

„ამჟამად ვარ დამასკოში სასტუმროში, არ გამოვსულვართ. ველოდებით პასუხს. ჯერ ვერ გავიგეთ რა უნდა გავაკეთოთ, ბეირუთის ვარიანტი არ გამოვიდა, ახლა გვეუბნებიან რომ უფასო ავიაბილეთები აღარ იქნება ანუ ბეირუთში გამგზავრებასაც აზრი არ აქვს.

ჩვენ ვითხოვთ, გაგვიხსნან სირია-თურქეთის საზღვარი ერთი საათით. არ გვინდა, თუ სახელმწიფო ასე ზარალდება ბეირუთში ჩვენი ჩასვლით და ავიაბილეთების აღებით, გვირჩევნია თურქეთის ვარიანტი.

სირია გვიშვებს ჩვენ სახელმწიფო საზღვარზე, მაგრამ თურქეთს აქვს ეს საზღვარი თავისი მხრიდან ჩაკეტილი.


ვითხოვთ, დაუშვან გამონაკლისი, ლატაკიაში ჩვენ თავად ჩავალთ ჩვენი სახსრებით და შეგვიშვან თურქეთში. მერე ჩვენ თავად მივხედავთ ჩვენ თავს და ჩამოვალთ თბილისში.“

აღსანიშნავია, რომ დამასკოდან ლატაკიამდე თითქმის 4 ჯერ უფრო დიდი გზაა - 350 კმ, ვიდრე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთამდე - 90 კმ. თურქეთის თანხმობისა და ამ გზით გამგზავრების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი უაღრესად არასტაბილურ რეგიონში მოხვდება.

სწორედ ამ გზაზე მდებარეობს, უსასტიკესი სამოქალაქო ომისგან ნახევრად დანგრეული ქალაქი ჰომსი, რომელსაც უკვე სირიის სტალინგრადი უწოდეს. ასევე ქალაქები ალეპო და ნავა-იქ ჯერ კიდევ გააფთრებული ბრძოლები მიდის.

ასევე არასტაბილური ვითარებაა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მომხრე ალავიტებით დასახლებულ ლატაკიის პროვინციაშიც. მთაგორიან სოფელ სელმასთან განლაგებულმა ამბოხებულებმა, აგვისტოს დასაწყისში იქ რამდენიმე სოფელი აიღეს. ლატაკიაში ლიბანიდან გადმოსული მეამბოხეები და ადგილობრივი ქურთული დაჯგუფებებიც იბრძვიან.

თუ, საქართველოს საგარეო უწყება უახლოეს დროში, დამასკოდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანას ვერ შეძლებს, ისინი, დიდი ალბათობით, ამერიკისა და მოკავშირეების ავიაიერიშების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან.
XS
SM
MD
LG