ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაია ფანჯიკიძე ბან კი მუნს შეხვდა


მაია ფანჯიკიძე გაეროს გენ.მდივანს ხვდება, 6 ივნისი, 2013

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია განიხილეს თეა თუაშვილი, ნიუ იორკი

შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნიუ იორკში გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს შეხვდა. იგი პირველი მინისტრია ახალი ხელისუფლებიდან, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა მიიღო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბან კი მუნს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის ძირითადი ნაწილი ბოლო დროინდელ მოვლენებს, გამყოფ ზოლზე მავთულხლართების გაბმის საკითხს დაეთმო. გაერო ჟენევის დისკუსიის მონაწილე მხარეა. საუბარი გაეროს როლს კონფლიქტების მოგვარების საკითხში და მის გააქტიურებას დაეთმო. გენერალური მდივანი ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობითაც დაინტერესდა.

13 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს თემაზე რეზოლუცია გადის, რომელზეც დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხი დგას და ასახავს იმ სიტუაციას, რომელიც კონფლიქტის ზონებში არის შექმნილი. ამერიკის ხმასთან საუბარში მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ იმედი აქვს, რომ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზრდება და მას ასამბლეა დაამტკიცებს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს მისიის მოქმედება უკვე რამდენიმე წელია რაც შეჩერებულია. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ქართული მხარის მიზანია გაეროს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მუშაობა გაუადვილდეთ ოკუპირებულ რეგიონებში.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარში ბან კი მუნმა განაცხადა, საერთაშორისო მექანიზმები აუცილებელია, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უფლებების გაზრდაზეა საუბარი, იმისათვის რომ მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულყოფილი საქმიანობა განახორციელონ.

გაეროს გენერალური მდივანი საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო სიტუაციითაც დაინტერესდა. ბან კი მუნმა იმედი გამოთქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდება.

დღესვე ნიუ იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც გაეროში აკრედიტებული მისიის ხელმძღვანელები და საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
XS
SM
MD
LG