ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა საქართველოს საელჩოებისთვის


საქართველოს საელჩო აშშ-ში, ვაშინგტონი
საქართველოს საელჩო აშშ-ში, ვაშინგტონი

პრეზიდენტი სააკაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას ბლოკავს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


საქართველოს პრეზიდენტი არ აკმაყოფილებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას უცხოეთის რამდენიმე ქვეყნიდან საქართველოს ელჩების გამოწვევის თაობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოსაწვევი ელჩების სია პრეზიდენტს თვეზე მეტია რაც გაეგზავნა.

საქართველოს კანონით დიპლომატიური სამსახურის შესახებ, დიპლომატების ვადაზე ადრე გამოწვევა პრეზიდენტის პრეროგატივაა. ჯერჯერობით, უცნობია რომელი ქვეყნებიდან და რამდენი ელჩის გამოწვევას ითხოვს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

პრემიერ ივანიშვილის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ზოგიერთი ელჩი, დღემდე პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენით მოქმედებს, და ბოლო დღეებში, უცხოეთის პრესაში საქართველოს ახალ მთავრობაზე შექმნილი უარყოფით იმიჯის წარმოჩენაში მათი ხელიც ურევია. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე თედო ჯაფარიძე ამბობს:

“ასეთი სია არსებობს. მეტიც, ეს სია გადაეცა უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას, რომ მას გადაეცა პრეზიდენტისთვის. ვის ეხება და რომელი გვარებია შეტანილი ამ სიაში ვერ გეტყვით, მაგრამ გავიგე რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ბლოკავს ამ გადაწყვეტილების რეალიზებას.“

თავად პრეზიდენტი ყველა ელჩის შეცვლას დაუშვებელად მიიჩნევს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეს 2003 წელს, ვარდების რევოლუციის გზით, ხელისუფლებაში მოსულ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ გაუკეთებია:

„ესენი სააკაშვილის ელჩები კი არ არიან. ესენი არიან საქართველოს ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოზე და არა რომელიმე პარტიაზე. ასე უნდა ვუყუროთ მათ და არა ეჭვის თვალით თუ ვისი დანიშნულები არიან ისინი და ვის ინტერესებს წარმოადგენენ.

კონკრეტული ადამიანების მოსროლა, მოშორება იმ მოტივით რომ სხვისი დანიშნულია არ არის სწორი. მე ვიყავი ახალი პრეზიდენტი და ძალიან ბევრი ელჩი, ჩემი წინამორბედის დანიშნული დავტოვე და ზოგიერთი დღესაც მუშაობს.“

ახალი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ საქართველოს დიპლომატიური მისიების სამსახურით უკმაყოფილებას წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაშიც არ მალავდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს გაარცელა განცხადება, რომ ქართული დიპლომატია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა.

ამის დასამტკიცებლად მოყვანილი იქნა ამერიკაში საქართველოს საელჩოს ფოსტა. გავლენიანი ამერიკელი ექსპერტებისა და მკვლევარებისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილებში, საელჩოს მეორე მდივანი ხათუნა ოყროშიძე ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ანტიდასავლურ და პრორუსულ ძალად წარმოაჩენდა.

ახლახანს, ქართულ მედიაში ასევე გავრცელდა, ერთი წლის წინანდელი ვიდეოჩანაწერი, სადაც ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი მამუკა ჟღენტი ბიძინა ივანიშვილს "პუტინის კაცს" უწოდებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამბობს:

„რუსული პროექტი ჩვენ მთელი წლის განმავლობაში გვესმოდა. და ამას ამბობდა, არა მხოლოდ მამუკა ჟღენტი, არამედ თითქმის ყველა წარმომადგენელი წინა მთავრობისა, რომლებიც პოლიტიკურ ბრძოლაში იყო ჩაბმული ქართულ ოცნებასთან.

ეს სასაცილო იყო მთელი წლის განმავლობაში და იგივე რეაქცია მაქვს დღესაც. საქართველოს ახალ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს რამდენიმე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ხელმძღვანელის გამოცვლა და ამის შესახებ მედია გაიგებს იმ თანმიმდევრობით, როგორც მოხდება ეს ცვლილებები.“

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თანამდებობის დატოვების მოთხოვნით პრეზიდენტ სააკაშვილს უკვე მიმართეს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა და გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა ლომაიამ. 22 ნოემბერს ასეთივე განცხადება დაწერა იტალიაში, სან მარინოსა და კუნძულ მალტაზე საქართველოს ელჩმა კოტე გაბაშვილმაც.

არცერთი განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ დააკმაყოფილა. მეტიც, 30 ნოემბერს, გაეროში საქართველოს ელჩმა მხარი დაუჭირა პალესტინისთვის დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების შესახებ რეზოლუციას, ეს იმ ფონზე, როცა წინასწარ იყო ცნობილი რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი რეზოლუციის მიღების წინააღმდეგნი იყვნენ.

დღეისათვის, საქართველოს მსოფლიოს 180 ქვეყანასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. 3 ოქტომბერს, ბოლო ქვეყანა, რომელთანაც ერთობლივი კომუნიკე გაფორმდა - აფრიკის სახელმწიფო ბურკინა ფასო იყო.

უცხოეთის 57 ქვეყანაშია გახსნილი საქართველოს საელჩო, რომლებიც თავის მხრივ დამატებით, კიდევ 42 ქვეყანას ფარავენ. 7 ქვეყანაში მუშაობს საქართველოს გენერალური საკონსულო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ ასევე ჰყავს - 19 საპატიო კონსული და 5 მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში.

XS
SM
MD
LG