ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი სხდომა


ანდერს ფოგ რასმუსენი და მაია ფანჯიკიძე, 5 დეკემბერი, 2012

ანდერს ფოგ რასმუსენი ელის, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ისეთივე დემოკრატიული და თავისუფალი იქნება როგორც საპარლამენტო.

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

დღეს, ნატოს შტაბბინაში მინისტერიალის ფარგლებში ნატო საქართველოს კომისია გაიმართა, რომელზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სიტყვით გამოვიდა. მინისტრი ასევე აისაფის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო.

კომისიის გახსნაზე გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველო ალიანსის ერთგული პარტნიორი და აისაფის ოპერაციაში სამაგალითო კონტრიბუტორია. რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსი მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ისევე როგორც მის ევრო-ატლანტიკურ მომავალს. ასევე აფასებს იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ ბოლო პერიოდში განიცადა.

გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ შეეხო არჩევნების თემას და დასძინა, რომ საქართველომ სამაგალითოდ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი.
რასმუსენმა აღნიშნა, რომ ალინასს დიდი მოლოდინი აქვს იმისა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიც ასეთივე დემოკრატიული და თავისუფალი იქნება.

გენერალური მდივანი კოაბიტაციის თემასაც შეეხო:
"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას ერთად არსებობა-კოაბიტაცია შეძლონ, გაატარონ მნიშვნელოვანი რეფორმები უმაღლესი სტანდარტების დაცვით და კონსტიტუციის გათვალისწინებით, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის, როგორც ევრო ატლანტიკური საზოგადოების შუაგულში მყოფი ქვეყნისთვის."

შეხვედრების შემდეგ ამერიკის ხმასთან კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ასეთი სხდომის ჩატარება დადებით მოვლენას წარმოადგენს.
სხდომაზე წარმოდგენილ მოხსენებაში მაია ფანჯიკიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის რეფორმები და ხედვა რომელიც ახალ მთავრობას აქვს შემუშავებული. ასევე ილაპარაკა იმ გეგმების შესახებ რომელიც ქვეყანას აქვს ნატოსთან მიმართებაში.

ერთ ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ქვეყნის საგარეო ურთიერთობები. მონაწილეების მხრიდან შეკითხვები გაჟღერდა იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომლის გადადგმასაც ახალი მთავრობა გეგმავს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით.

მაია ფანჯიკიძემ აისაფის მისიაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არსებობს ახალი დეტალი, რომელსაც საქართველო ნატოს სთავაზობს-კერძოდ ქვეყნის ტრანზიტისთვის გამოყენებას მას შემდეგ, რაც 2014 წელს ავღანეთიდან ადამიანური რესურსები და ტვირთი დაიძრება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურა და სამართლებრივი ბაზა ამის საშუალებას იძლევა. ამასთანავე, ამ პერიოდისთვის დასრულებული იქნება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რომელიც ამ სატრანზიტო დერეფანში ძალიან მნიშვნელოვან რგოლს ითამაშებს.

მაია ფანჯიკიძის გადმოცემით, სხდომაზე 14 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყანა კარგად გაართმევს თავს კოაბიტაციის პროცესს, რომელსაც დიდი ყურადღებით დააკვირდებიან. ასევე დასძინეს, რომ ქვეყანას ახალი გამოწვევა ელოდება საპრეზიდენტო არჩევნების სახით, რომლის წარმატებით ჩატარებაც კიდევ უფრო განამტკიცებს დემოკრატიას საქართველოში.

ინტერვიუს ბოლოს მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში ყველამ ძალიან დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული არჩევნები და არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემა.
XS
SM
MD
LG