ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო გადაეცა


საქართველოს უმდიდრეს მოქალაქეს და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო Légion d'honneur (ღირსების ლეგიონი) გადაეცა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

წელს ღირსების ორდენით 1 229 ადამიანი დააჯილდოვეს, რომელთა უმეტესი ნაწილი (63%) კოვიდ 19-ისა და ჯანმრთელობის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის შეარჩიეს. ბიძინა ივანიშვილმა, მათ შორის, საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. 2018 წლის ცნობებით, ივანიშვილი საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგ მოქალაქეობას ფლობდა.

ღირსების ლეგიონში კანდიდატებს საფრანგეთის მთავრობის მინისტრები ასახელებენ. ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ქვეყნის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა წარუდგინა. ივანიშვილმა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სახელით, რაინდის წოდებაც მიიღო.

ბიძინა ივანიშვილს ჯილდოს მიღება ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა, ახლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერზე" მიულოცა: „გილოცავთ და მოგესალმებით საპატიო ლეგიონის რიგებში. ამრიგად, აღიარებულია თქვენი კონტრიბუცია დემოკრატიულ განვითარებაში, საფრანგეთისა და საქართველოს დროშების დაკავშირებაში, თქვენი პატრონაჟი ფრანგული სკოლის დაარსებაში თბილისში“, - წერს პრეზიდენტი.

ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭება საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც მიულოცა. მისი თქმით, ეს საქართველოსთვისაც დიდი პატივია. „საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული პატივია არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვისაც ენიჭება, არამედ იმ ქვეყნისთვის ვისაც ის წარმოადგენს. ყველა ჯილდოზე მეტი კი, საკუთარი სამშობლოსთვის გაკეთებული საქმეა. ამ საერთაშორისო აღიარებას ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გახარიამ. პრემიერის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG