ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ოცნების" უცნაური არჩევანი: რატომ სალომე ზურაბიშვილი?


ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიაში ოფიციალურად ჩაერთო
ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიაში ოფიციალურად ჩაერთო

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს, მაღალი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს. 66 წლის ზურაბიშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც 2016 წლის მოწვევის პარლამენტში, "დამოუკიდებელი დეპუტატის" სტატუსით, სწორედ „ოცნების“ მხარდაჭერით მოხვდა.

ორი წლის უკან, „დამოუკიდებელ“ ზურაბიშვილს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, „ოცნებამ“ მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი არ დაუყენა, რის ხარჯზეც, ზურაბიშვილმა კულტურის ყოფილ მინისტრს, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ნიკა რურუას აჯობა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

იგივე სცენარის გათამაშებას „ქართულმა ოცნება“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ეცდება. მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატურა არც 28 ოქტომბერს ეყოლება, „ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მთელი ელექტორალური და ფინანსური რესურსი კი ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული.

რატომ სალომე ზურაბიშვილი? ამ კითხვაზე დამაჯერებელ პასუხს როგორც საზოგადოებაში, ისე მმართველი პარტიის შიგნით ჯერ კიდევ ელიან. თავად სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც საპრეზიდენტო ამბიციის დასაკმაყოფილებლად, საფრანგეთის მოქალაქეობა დათმო, ხაზი გაუსვა, რომ ეს რთული გამოწვევა წინაპრების წინაშე ვალდებულების გრძნობით მიიღო:

მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე, ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც 100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლა"
სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი

„ეს დიდი პასუხისმგებლობა, მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე, ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც 100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლა.

ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩემს ოჯახში და არა მხოლოდ ჩემს ოჯახში, ვინც საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნებოდა. მაგრამ, ვერც პრეზიდენტი გახდა, ვერც პარლამენტარი, სახელმწიფოს ვერ ემსახურნენ, რისთვისაც, ჩემზე მეტად მზად იყვნენ. ამ ადამიანების გამო, ვთვლი, რომ ამ მომენტში, ასეთ გამოწვევაზე უარის თქმა არ შეიძლება. ეს ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზია.“

მშობლების ზეინაბ კეიდიასა და ლევან ზურაბიშვილის ქორწილი პარიზში, 1950
მშობლების ზეინაბ კეიდიასა და ლევან ზურაბიშვილის ქორწილი პარიზში, 1950

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა ივანე ზურაბიშვილი, ნიკო ნიკოლაძის სიძე და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, ცნობილი პუბლიცისტი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი იყო.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძის დიდმა ოჯახმა, სამ ვაჟთან ერთად, სამშობლო გემ „ანატოლიით“ დატოვა. უმცროსი შვილი ლევან ზურაბიშვილი, რომელიც შემდეგ ინჟინერი და პარიზის ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი გახდა, მაშინ სულ 14 წლის იყო.

ლევან ზურაბიშვილმა საფრანგეთში, პირველი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმის მეთაურ მიხეილ კედიას ქალიშვილზე - ზეინაბზე იქორწინა. წყვილს ქალ-ვაჟი შეეძინა, სალომე - ზურაბიშვილი 1952 წლის 18 მარტს დაიბადა.

ზურაბიშვილმა განათლება პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში მიიღო, რომელიც 1972 წელს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით დაამთავრა. შემდეგ, აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტსა და პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლაში ისწავლა.

სააკაშვილი ზურაბიშვილს საქართველოს პასპორტს გადასცემს 2004
სააკაშვილი ზურაბიშვილს საქართველოს პასპორტს გადასცემს 2004

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატის კარიერა ზურაბიშვილმა 1974 წელს იტალიაში საფრანგეთის საელჩოში დაიწყო. 30 წლის მანძილზე იცავდა საფრანგეთის ინტერესებს აშშ-ში, ჩადში, ეუთოში, გაეროსა და ნატოში. 2003 წლის ბოლოს, წინაპრების დიდი ხნის ოცნება აისრულა და საქართველოში საფრანგეთის ელჩად დაინიშნა.

2004 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და მარტში, საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩააბარა. სწორედ, ზურაბიშვილმა მოაწერა ხელი საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შეთანხმებას, თუმცა, მმართველ გუნდთან და სამინისტროს თანამშრომლებთან კონფლიქტის გამო, 2005 წლის ოქტომბერში, სააკაშვილმა იგი თანამდებობიდან გადააყენა.

ზურაბიშვილი ოპოზიციაში წავიდა, საკუთარი პარტია „საქართველოს გზა“ დააფუძნა და 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სრული ფიასკო განიცადა - ხმების მხოლოდ 2.7% დააგროვა. 2008 წლის რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩვენებზე მხარს აქტიურად ოპოზიციურ ბლოკს უჭერდა.

ზურაბიშვილი და ლავროვი 2005 წელი
ზურაბიშვილი და ლავროვი 2005 წელი

2009 წელს, ზურაბიშვილმა საფრანგეთში გამოსცა წიგნი La Tragédie Géorgienne 2003-2008, სადაც აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა, ხოლო ბიძინა ივანიშვილს "რუსი ოლიგარქი" უწოდა.

2010 წელს ზურაბიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა და ირანის საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შექმნილ სპეციალურ ჯგუფს ჩაუდგა სათავეში.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, ამ მიზნით, 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა, თუმცა მაშინ ორმაგი მოქალაქეობის გამო, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი კანდიდატურა რეგისტრაციაში არ გაატარა.

2016 წელს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, მთაწმინდის მაჟორიტარი და პარლამენტში „ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატი“ გახდა. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კამპანიის დასაფინანსებლად ფული არ აქვს და დახმარებისთვის მოსახლეობას და ბიზნესს მიმართავს:

ვიცი ამ მოსახლეობის სიდუხჭირე და პრობლემები, რაც არსებობს, მაგრამ ეს ჩართულობა თავიანთი ძალიან მცირე სახსრებით, არის იმის ნიშანი, რომ მხარს გიჭერენ და შენს გვერდით იქნებიან"

„იგივე პრობლემა მქონდა, როცა დამოუკიდებელ კანდიდატად ვაყენებდი ჩემს კანდიდატურას. ამიტომ იყო, რომ დამცინოდით, რომ ორი „პაჩკა“ სიგარეტი და რატომო და როგორ... იმიტომ, რომ აუცილებელი არის, ასეთ კამპანიაში ჩაერთოს მოსახლეობა. ვიცი ამ მოსახლეობის სიდუხჭირე და პრობლემები, რაც არსებობს, მაგრამ ეს ჩართულობა თავიანთი ძალიან მცირე სახსრებით, არის იმის ნიშანი, რომ მხარს გიჭერენ და შენს გვერდით იქნებიან. ამიტომ დღეს ამ განცხადებას ვაკეთებ, რომ მე ვითხოვ მხარდაჭერას.“

ზურაბიშვილი ორჯერ იყო ქორწინებაში. მისი პირველი მეუღლე ირანში გაზრდილი გორჯესტან გუგუშვილი გახლდათ, მასთან ორი შვილი ჰყავს: ჟურნალისტი ქეთევანი და დიპლომატი თემურ გუგუშვილი. მეორედ ოჯახი ჟურნალისტ ჯანრი კაშიასთან შექმნა, რომელიც 2012 წელს გარდაიცვალა.

სალომე ზურაბიშვილი და ჯანრი კაშია
სალომე ზურაბიშვილი და ჯანრი კაშია

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება, სალომე ზურაბიშვილი გარდა, მონაწილეობას კიდევ ორი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს: გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოდან“. ასევე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი; მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არსებული ინფორაციით, ხელახლა კენჭისყრას არ გეგმავს.

ოპოზიციაში ყოფნისას..
ოპოზიციაში ყოფნისას..

Facebook Forum

XS
SM
MD
LG