ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ოპოზიცია ნოკდაუნშია


"ალიანსი საქართელოსთვის"

ოპოზიციის დამარცხების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ალასანიასა და გაჩეჩილაძის შეუთანხმებლობა სახელდება

ნაციონალური მოძრაობა თბილისის, როგორც ოპოზიციური ქალაქის მითის დანგრევას ზეიმობს. გიგი უგულავამ და მმართველმა პარტიამ დედაქალაქში თითქმის 250 ათასი ხმა მიიღეს, სამჯერ მეტი, ვიდრე ირაკლი ალასანიამ და ალიანსმა.

ოპოზიციურ სპექტრში თბილისის კატასტროფული წაგების, შემდეგ ნიჰილისტურმა განწყობამ დაისადგურა. აქამდე, დედაქალაქი, ხომ ტრადიციულად, ოპოზიციური ხმების ტომარა იყო. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს

"ფაქტია, რომ თუ ამომრჩეველთა საარჩევნო აქტიურობას გავითვალისწინებთ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ვერ შეძლეს საპროტესტო ელექტორატის სრულფასოვნად მობილიზება.

საპროტესტო ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ნიჰილისტურად განწყობილი არჩევნებისადმი, სახლში დარჩა და არჩევნებზე არ მივიდა. ოპოზიციის მთავარი წარუმატებლობა არის, ის რომ, ის (ოპოზიცია) ვერც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის აღმოჩნდა მიმზიდველი."

ოპოზიციის დამარცხების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ძირითადი კანდიდატების, ირაკლი ალასანიასა და ლევან გაჩეჩილაძის შეუთანხმებლობა სახელდება.

ზვიად ძიძიგური და ლევან გაჩეჩილაძე
ზვიად ძიძიგური და ლევან გაჩეჩილაძე

"ჩარეცხილი" ინტელიგენციის და თბილისის ელიტარული უბნების ფავორიტმა გაჩეჩილაძემ, საკუთარი ამომრჩეველი არჩევანის გარეშე დატოვა და არც ალასანიას დაუჭირა მხარი. იგივე გააკეთეს სხვა ოპოზიციურმა ლიდერებმაც - შალვა ნათელაშვილმა და ნინო ბურჯანაძემ. ალასანიას სასარგებლოდ არც ლევან გაჩეჩილაძის პარტნიორმა ზვიად ძიძიგურმა მოხსნა კანდიდატურა.

ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ გაჩეჩილაძის ირგვლივ გაერთიანება ამომრჩევლის მოტყუება იქნებოდა.

"როდესაც, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჩვენ ყველანი, ერთი კანდიდატის გვერდით დავდექით. ჩვენ, ხალხს, ძალიან გულწფელად ვუთხარით, რომ ლევან გაჩეჩილაძის მხარდაჭერას, ჩვენ ვთხოვდით, არა, როგორც მომავალი პრეზიდენტის, ოთხი-ხუთი წლის მანძილზე, არამედ, როგორც შუალედურ გამოსავალს ქვეყნისთვის. ეს იყო, სწორი, გულწრფელი და მართალი შეთავაზება ხალხისთვის.

დღეს, ასეთი ვითარება, არ არის ქვეყანაში. ამიტომ, ჩვენ, ან უნდა მოგვეტყუებინა ამომრჩეველი, ყველანი დავრაზმულიყავით, სრულიად გაუგებარი, არათანხვედრი, ინტერესების და ერთამანეთის გამორიცხავი ღირებულებების გარშემო. ან იყო მეორე ვარიანტი, ის, რაც მოხდა სინამდვილეში."

ირაკლი ალასანიას ზედმეტად ამერიკული საარჩევნო კამპანია სახელდება ალიანსის და მისი კანდიდატის მარცხის კიდევ ერთ მიზეზად. ალასანიას მესიჯი ჩვენ შევცვლით, საქართველოს მაშტაბით, მხოლოდ 160 ათასი ადამიანისთვის აღმოჩნდა გასაგები.

ერთად ოპოზიციამ ნახევარი მილიონი ხმაც კი ვერ მოაგროვა და ყველა საკანონმდებლო ორგანოში სრულ უმცირესობაში იქნება. ტელეკომპანია მაესტროს მმართველი ეროსი კიწმარიშვილი ვითარებას შემდეგნაირად აფასებს

"მე ვფიქრობ, რომ ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენ შეიძლება ეს შევადაროთ, ნოკაუტის სიტუაციას, მაგრამ, ჯერჯერობით, იმედია, რომ მხოლოდ ნოკდაუნია. ანუ ალასანიამ დაუშვა შეცდომა და იგივე მოედანზე ითამაშა, რაზეც სააკაშვილი თამაშობდა. ანუ უხეშად, რომ ვთქვათ, მან თქვა, რომ ობივატელისთვის სააკაშვილი ამერიკული პროექტია, მაგრამ მე უფრო ამერიკული პროექტი ვარ. და, სრულიად ღიად დატოვა, სერიოზული პლასტი სახელწოდებით, მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ქართველი.

აი, ეს პლასტი, პირობითად, არის თავისუფალი. აქ კონკრეტული ადამიანები არ არის მნიშვნელოვანნი, აქ კონკრეტულად იდეაა მნიშვნელოვანი. მაშასადამე, ვინც მოახერხებს, ამ იდეის სწორად შეფუთვას, ამ იდეის მატარებელ ჯგუფს აქვს ძალიან სერიოზული პერსპექტივა."

ვინ შეიძლება დაიკავოს ახალი ოპოზიციური ნიშა, ჯერჯერობით, გაურკვეველია. პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გამოდიან. ნინო ბურჯანაძე კერძოდ ამბობს

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ არსებობს, გზა, იმ პოლიტიკური გზის გარდა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. რომ, მხოლოდ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტი არჩევნებია გამოსავალი და ქვეყნის რეალური გადარჩენის შანსი. ეს არის გზა, რომლისკენაც სახალხო წარმომადგენლობითი კრების ინიციატორები და მხარდამჭერები, სრულიად საქართველოს, ყველა რეალურად ოპოზიციურ ძალას მოვუწოდებთ."

ოპოზიციური ძალებიდან - ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი ეროვნული საბჭოდან, ჯერ კიდევ ფიქრობენ გავიდნენ თუ არა საპროტესტოდ ქუჩაში. ლევან გაჩეჩილაძე კი, ციტატა - „ჩრდილოვანი კაბინეტის რესურსების მქონე ახალი პოლიტიკური მოძრაობის“ დაფუძნებას გეგმავს.

სდუმან ლეიბორისტები, რომლებიც საგონებელში არიან იმით, რომ მათი ხმების დიდი ნაწილი ქრისტიან-დემოკრატებმა წაიღეს. ეროვნული ფორუმი ისევ ცნობილი ფორმულით - ყველა მინუს ზურაბ ნოღაიდელი გამოვიდა. ვადამდელი არჩევნების დანიშვლის იდეას კი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ირაკლი ალასანია და კახა შარტავა. ეს უკანასკნელი ამბობს:

"ამ სიტუაციაში ნაჩქარევი, ემოციური გადაწყვეტილებების მიღება და გაუთვლელად, ნაბიჯების გადადგმა დაუშვებელია. მორიგი რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ჩაგვაგდებს ისეთივე სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც აღმოვჩნდით 2008 წელს და ახლა ჩატარებული, სამი რიგგარეშე არჩევნებისას.

ეს ყველაფერი დამთავრდება კვლავ ხელისუფლების გამარჯვებით, რომელსაც აქვს შეუზღუდავი რესურსი, მოქალაქეებს დაშინებით, იძულებით თუ გაყალბებით მიაცემინოს ხმა თავის სასარგებლოდ. აუცილებელია, საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის, ერთობლივი ბრძოლის პროცესის დაწყება."

მომავალ საპარლამენტო არჩევნებმადე სულ რაღაც წელიწადნახევარია დარჩენილი. დღეს უკვე, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

“წარმატებული დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს და საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს შესაძლებელს გახდის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტმა საკუთარი ძალაუფლება მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და დემოკრატიულად გადააბაროს“ - ეს განცხადება საქართველოს უმთავრესი პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში, არჩევნების მეორე დღესვე გაავრცელა, გუშინ კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაიმეორა.

XS
SM
MD
LG