ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოცნებას ოცნების პრეზიდენტი არ სურს


მმართველმა გუნდმა დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს თამაშის უპრეცენდენტო წესები შესთავაზა. ამ დრომდე ქართულ რეალობაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებაში მყოფ ძალას უარი ეთქვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და განზე გამდგარიყოს. ასეთი ნოუჰაუ პოლიტიკურ მოედანზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა. რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ქართული ოცნება საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაასახელებს, თუმცა მზადაა მხარი დაუჭიროს ისეთ კანდიდატს, რომელსაც ის შესაფერისად მიიჩნევს. ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი მმართველი პარტია მზადაა პოსტი „ოპოზიციას დაუთმოს“. რას ნიშნავს ხელისულებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიერ უარის თქმა საპრეზიდენტო კანდიდატზე და შეიძლება თუ არა, არსებული მდგომარეობათ მმართველმა გუნდმა მიიღოს სარგებელი, ამის თაობაზე ამერიკის ხმამ რამდენიმე კომენტარი ჩაწერა.

პოლიტოლოგი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდია ამერიკის ხმასთან აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის წამოუყენებლობით „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არასაპატიოდ და უმნიშვნელოდ მიიჩნევს პრეზიდენტის პოსტს, ამდენად, ბრძოლაში ჩაბმის აზრსაც ვერ ხედავს. „უპატივცემულობის გამოხატულებაა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, როცა მმართველი პარტია არც კი აყენებს თავის კანდიდატს. ერთგვარად, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტს მაინცდამაინც მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილმა სცადა, რომ ასეთი მიდგომა კეთილშობილურ და დემოკრატიულ აქტად შეეფუთა, რომ თითქოს ქართული ოცნება ოპოზიციას, ან სხვა ძალებს ასპარეზს უტოვებს. ამავე დროს, ყველა იმ გავლენის სფეროს, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყანაში, ცალსახად აკონტროლებს ქართული ოცნება. ასე რომ, თუ ის, ფორმალურად არ მოინდომებს პრეზიდენტის გაკონტროლებას, მხოლოდ ხაზგასმაა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართუპატივისმცემლობაზე და იმაზე, რომ ყველანაირი ფუნქცია ჩამოაცილა ამ ინსტიტუტს. ჩემი აზრით, მმართველი პარტია მორალურად ვალდებულიაიბრძოლოს ამ პოსტისთვის.“

გია ნოდია ასევე საუბრობს პასუხისმგებლობის საკითხზე. იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება არ დაასახელებს კანდიდატს, სხვა მხრივ კი იქნება რომელიმე მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდამჭერი, აღმოჩნდება, რომ მის აქტივში „მისი პრეზიდენტი“ არის, მხოლოდ ისე, რომ მასზე პასუხისმგებლობას არ იღებს. „ეს არაფორმალური მმართველობის კიდევ ახალ ფორმად შეგვიძლია ჩავთვალოთ“, – მიიჩნევს გია ნოდია.„ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც არაფორმალური მმართველობის ახალი გამოვლენა. მოლოდინია, რომ ქართული ოცნება დაუჭერს გარკვეულ კანდიდატს მხარს. ის, ფაქტობრივად იქნება მისი კანდიდატი, მაგრამ მას არ უნდა ერქვას მისი კანდიდატი. თუ რატომ არ უნდა, ამის ერთ–ერთი ახსნა შეიძლება იყოს მარგველაშვილის ფაქტორი. მიღებული გამოცდილების შემდეგ, ივანიშვილს აღარ აქვს იმედი, რომ მის მიერ დასახელებული კანდიდატი პარტიის ერთგული დარჩება ხუთი წლის მანძილზე. ამიტომ მას ურჩევნია, ფორმალურად მაინც აღარ ერქვას პრეზიდენტს „ოცნების პრეზიდენტი.“

ამერიკის ხმა გია ხუხაშვილს, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელს ესაუბრა, რომელიც გია ნოდიას შეფასებას კანდიდატის ერთგვარი არაფორმალობის ნაწილში ეთანხმება: „შესაძლოა, ქართულმა ოცნებამ თავად არ დაყენოს კანდიდატი, მაგრამ ის მხარს დაუჭერს ისეთ კანდიდატს, რომელიც შესაძლებელია, მოიაზრებოდეს ისევ ოცნების ორბიტაზე, ანუ ეს ყველაფერი გარკვეულ ფარსად იქცეს. მხედველობაში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ფორმალურად არაა ოცნების წევრი. მისთვის მხარდაჭერა არანაირად არ ნიშნავს ოპოზიციისთვის მხარდაჭერას, ეს ისევ ოცნების არაფორმალური წევრის მხარდაჭერას გულისხმობს, რაც არაფრით განსხვავდება ოცნების კანდიდატის წამოყენებისგან.“

გია ნოდიასგან განსხვავებით, გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერის პიროვნულ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო კანდიდატის დაუყენებლობის თაობაზე სახელისუფლებო შტოებში ძალთა გადანაწილების კეთილშობილური სურვილით ხსნის. „მე ამას (საპრეზიდენტო კანდიდატის დაუსახელებლობას მმართველი გუნდის მხრიდან, – ნ.დ.) მაინც არ დავარქმევდი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას. ეს უფრო ბიძინა ივანიშვილის პირადი მოსაზრებებია, რასაც, ბუნებრივია ქართული ოცნება ეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ არამგონია, მოსწონდეს. როგორც ჩანს, ივანიშვილი ხვდება რა საფრთხეები, რა რისკებია ჩადებული ძალაუფლების მონოპოლიზაციაში, რაც, საბოლოო ჯამში ძალაუფლების უზურპაციით მთავრდება. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი განვითარება თვითონ მმართველი ძალისთვის, ანუ უზურპატორისთვის არის ძალიან სახიფათო“, – გვეუბნება გია ხუხაშვილი და კითხვას იმის თაობაზე, რომ ამ ლოგიკით გამოდის, ივანიშვილი საკუთარ თავს იცავს იმისგან, რომ არ იქცეს დიქტატორად, პასუხობს: „საბოლოო ჯამში, ყველა ჩვენგანი საკუთარ თავს იცავს. ქველმოქმედებაც, გარკვეულად, საკუთარი თავის კომფორტისთვისაა, მაგრამ ეს ფილოსოფია შორს წაგვიყვანს... მე ვფიქრობ, ივანიშვილი ცდილობს, გარკვეული ინსტიტუციური ბალანსები ჩამოყალიბდეს ქვეყანაში, საზოგადოებას ჰქონდეს გარკვეული ორთქლის გამოშვების საშუალება, არსებობდეს ოპონირების რეჟიმი, ეს ჯანსაღ მმართველობასუწყობს ხელს. რამდენად გამოუვა, ეს სხვა საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის საკონსტიტუციო ფორმატი შეზღუდულია, მას აქვს ყველაზე მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაცია. პოლიტიკური ინსტრუმენტები კი საკმაოდ ეფექტურია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა“.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დაახლოებით, სამი თვის შემდეგ გაიმართება, თუმცა კონკრეტული თარიღი ამ დრომდე უცნობია. დღეს სწორედ ამ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება NDI –ს წარმომადგენლებმა, მორიგი კვლევის წარდგენისას. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი პრეზიდენტს მოუწოდებს არჩევნების თარიღი დროულად დაასახელოს, რაც შექმნის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ოფიციალურ შესაძლებლობას. ის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა ჯერაც ბოლომდე უცნობია, მკვლევარების აზრით, სწორედ არჩევნების თარიღის უცოდინრობით აიხსნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG