ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთისტანი: ახალი სახელმწიფო თუ ახალი ცხელი წერტილი?


ქურთები ისტორიული რეფერენდუმის შედეგებს ზეიმობენ. ერბილი, ერაყის ქურთისტანი

საქართველოდან 600 კილომეტრით მოშორებულ, ერაყის ქურთთა ავტონომიურ რეგიონში, ორშაბათს, გამართული რეფერენდუმის შედეგებს ჯერ კიდევ ითვლიან. წინასწარი მონაცემებით კი 5 200 000 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან, 90 პროცენტზე მეტმა, ხმა ქურთისტანის დამოუკიდებლობას მისცა.

ანალოგიური რეფერენდუმი, ოღონდ არაოფიციალური სტატუსით, ქურთისტანში 2005 წელსაც გაიმართა, მაშინ ერაყისგან გამოყოფას 98%-მა დაუჭირა მხარი. თუმცა, ქურთთა რეგიონალურმა მთავრობამ, პრეზიდენტ მასუდ ბარზანის მეთაურობით, დამოუკიდებლობის გამოცხადება არ იჩქარა. ბოლო 12 წლის მანძილზე, ქურთები ეტაპობრივად გაძლიერდნენ, როგორც პოლიტიკული, ისე განსაკუთრებით, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრით.

ქურთისტანის კონტროლქვეშ არსებული ერაყის ტერიტორიები
ქურთისტანის კონტროლქვეშ არსებული ერაყის ტერიტორიები

როგორ გამოიყენებს ამჯერად, 25 სექტემბრის ისტორიული რეფერენდუმის შედეგს, ქურთთა ლიდერი ბარზანი? ეს მთავარი შეკითხვაა, მას შემდეგ რაც ქურთისტანის უშუალო მეზობლებმა: ერაყმა, თურქეთმა, ირანმა და სირიამ რეფერენდუმი უმკაცრესად დაგმეს და ერბილს სამხედრო-ეკონომიკური სანქციებით დაემუქრნენ. ერაყის ფედერაციის დაშლისა და ქურთისტანის დამოუკიდებლობისთვის ამ ეტაპზე მზად, არც აშშ და ევროკავშირი არიან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე ამბობს:

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, ისრაელის გამოკლებით, არა თუ ეწინააღმდეგება ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნას, არამედ მზად არის სამხედრო ძალით ჩაერიონ, თუ კი ასეთი სახელმწიფო მაინც შეიქმნა“
გიორგი სანიკიძე, აღმოსავლეთმცოდნე

„ჩვენ შეიძლება დღეს ვიცით 25 სექტემბრის რეფერენდუმის შედეგები, მაგრამ არ ვიცით, როდის გამოცხადდება ასეთი სახელმწიფოს შექმნა, ხანმოკლე ვადიან თუ ხანგრძლივ ვადიან პერსპექტივაში. ქურთისტანის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებობს როგორც საშინაო, ისე საგარეო პრობლემები.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, ისრაელის გამოკლებით, არა თუ ეწინააღმდეგება ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნას, არამედ მზად არის სამხედრო ძალით ჩაერიონ, თუ კი ასეთი სახელმწიფო მაინც შეიქმნა.“

ქურთები თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე დიდი ხალხია, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო არ გააჩნია. სხვადასხვა მონაცემებით, მათი რაოდენობა 36 მილიონს აღემატება. აქედან, ერაყის ფედერაციის ტერიტორიაზე - 8 მილიონი ქურთი ცხოვრობს, რაც ერაყის მთელი მოსახლეობის 20%-ია.

თურქეთში ქურთთა რაოდენობა - 16 მილიონს აჭარბებს (მოსახლეობის 19%), ირანში - 8 მილიონს (10%) და სირიაში - 2 მილიონს (9%). ქურთების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და „დიდი ქურთისტანის“ იდეა - განსაკუთრებით, თურქეთისა და ირანისთვის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა.

"დიდი ქურთისტანის" იდეა, ის რაც ყველა მეზობელს აფრთხობს
"დიდი ქურთისტანის" იდეა, ის რაც ყველა მეზობელს აფრთხობს

ანკარა და თეირანი, რომლებიც 2003 წლიდან, ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ქურთისტანის ძალზე ფართო ავტონომიას (ფაქტობრივად, დამოუკიდებელ სეპარატისტულ ანკლავს) არა თუ ეგუებოდნენ, არამედ ერბილთან აქტიურად ვაჭრობდნენ კიდეც, დღეს, „დომინოს ეფექტის“ შიშით, ქურთთა ანკლავის სამხედრო-ეკონომიკური ბლოკადით იმუქრებიან.

ოფიციალურად, 2017 წლის პირველ ნახევარში, თურქეთსა და ერაყის ქურთისტანს შორის ტვირთბრუნვა 7 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ამის მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაეპ ერდოღანმა საჯაროდ განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, ანკარა კირკუკი-ჯეიჰანის ნავთობსადენს გადაკეტავს. ამ მილსადენით ქურთისტანი ყოველდღიურად 500 000 ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებს. ნავთობით ვაჭრობა ანკლავის საბიუჯეტო შემოსავლების 95%-ს უზრუნველყოფს.

დღეის მდგომარეობით, ქურთისტანის მთავრობა ერაყთან სადავო კირკუკის პროვინციის ჩათვლით, აკონტროლებს ტერიტორიას, სადაც 45 მილიარდი ბარელი ნავთობის (6 მილიარდი ტონა) დადასტურებული მარაგი არსებობს.

ქურთისტანის რეფერენდუმის შედეგებს სადავო კირკუკში ზეიმობენ
ქურთისტანის რეფერენდუმის შედეგებს სადავო კირკუკში ზეიმობენ

2014 წლამდე, ქურთისტანი ცენტრალურ მთავრობისგან დღეში 250 000 ბარელი ნავთობის სანაცვლოდ, ერაყის ფედერალური ბიუჯეტის წლიური შემოსავლების 17%-ს, დაახლოებით 15 მილიარდ აშშ დოლარს იღებდა. შემდეგ ეს შეთანხმება დაირღვა, რამაც ბევრი ექსპერტის აზრით, ქურთთა რეფერენდუმი დააჩქარა.

აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძე მიიჩნევს, რომ რეფერენდუმის შემდეგ, ნავთობით მდიდარი კირკუკის და სხვა სადავო პროვინციებისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდება:

ერაყის ხელისუფლება, ასევე ირანიც, ძალიან ხისტად უდგებიან კირკუკის საკითხს. ბაღდადი მიიჩნევს, რომ კირკუკი ქურთისტანს ძალადობრივად აქვს დაპყრობილი. ერაყი მზად არის, თუ საჭირო გახდა კირკუკი ქურთული გავლენისგან ირანის სამხედრო დახმარებითაც გაწმინდოს."

„ერაყის ხელისუფლება, ასევე ირანიც, ძალიან ხისტად უდგებიან კირკუკის საკითხს. ბაღდადი მიიჩნევს, რომ კირკუკი ქურთისტანს ძალადობრივად აქვს დაპყრობილი. ერაყი მზად არის, თუ საჭირო გახდა კირკუკი ქურთული გავლენისგან, ირანის სამხედრო დახმარებითაც გაწმინდოს. მაშინ, როცა ქურთები ამბობენ, რომ კირკუკის გარეშე ქურთისტანი არ არსებობს.

ნავთობის გამო აქ მრავალი გლობალური თუ რეგიონული მოთამაშის ინტერესი იკვეთება, რამაც შეიძლება ახლო აღმოსავლეთი ხელახლა ააფეთქოს და ISIS-თან ბრძოლაც გაართულოს.“

საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უმწვავესი პრობლემები აქვს, ოფიციალურად ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს არ გამოხმაურებია, თუმცა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სიით, პარლამენტის წევრი, ქურთი-იეზიდი ისკო დასენი ქურთისტანის დამოუკიდებლობის იდეას მიესალმა.

საქართველოსა და ერაყს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. ერაყის დაფარვა, იორდანიაში გახსნილმა საქართველოს საელჩომ მხოლოდ 2007 წელს დაიწყო. ერბილში, სადაც საკონსულო უკვე 30-მდე ქვეყანას, მათ შორის რუსეთს, უკრაინას და სომხეთსაც აქვს, საქართველოს დიპლომატები ამ დრომდე არ ჰყავს.

2011 წელს, ერაყის ქურთისტანში ოფიციალური ვიზიტით სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრი კვეზერელი იმყოფებოდა. 2013 წელს, თბილისსა და ერბილს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. 2016 წელს, თბილისში „საქართველოსა და ქურთისტანის საქმიანი საბჭო“ დაფუძნდა, საბჭოს დელეგაცია მალევე ერბილს ეწვია.

ქურთისტანის დელეგაცია თბილისში უჩა მამაცაშვილთან შეხვედრაზე
ქურთისტანის დელეგაცია თბილისში უჩა მამაცაშვილთან შეხვედრაზე

2017 წლის თებერვალში „საქართველო და ქურთისტანის საქმიანი საბჭოს“ თავმჯდომარე ნაბიევი ქურთ ინვესტორებთან ერთად, თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გონაძესა და თანაინვესტირების ფონდის, ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ყოფილი პრემიერის ივანიშვილის დეიდაშვილს მამაცაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის შესაძლებლობა იქნა განხილული.

P.S დღეს ერაყის პარლამენტმა მწვანე შუქი აუნთო არმიის ნაწილების გადასროლას კირკუკის პროვინციაში, რომელსაც ბაღდადი 2014 წლიდან ვერ აკონტროლებს და სადაც 25 სექტემბერს, ქურთისტანის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. საპასუხოდ, ქურთული სამხედრო დაჯგუფება „პეშმერგას“ გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ისინი „ქურთული ტერიტორიებიდან არ გავლენ“.

"პეშმერგა" ქურთული ტერიტორიებიდან გასვლას არ აპირებს
"პეშმერგა" ქურთული ტერიტორიებიდან გასვლას არ აპირებს

XS
SM
MD
LG