ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ქურთისტანს დაგეგმილი რეფერენდუმის გამო ემუქრება


რეფერენდუმის მხარდამჭერები ქურთისტანის რეგიონში.

25 სექტემბერს, ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდება. ქურთებმა ერაყისგან დამოუკიდებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უნდა უპასუხონ. ქურთისტანის რეგიონულმა პარლამენტმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად მიიღო და თარიღად მომავალი ორშაბათი დაასახელა. ოფიციალური ბაღდადი რეფერენდუმს არაკონსტიტუციურს უწოდებს. თურქეთი კი მის ჩატარებას რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევად მიიჩნევს.

თურქეთის მხრიდან ქურთების წინააღმდეგ მიმართული წნეხი იზრდება, ოფიციალური პირების რიტორიკა უფრო და უფრო მკაცრი ხდება და უფრო მეტ მუქარას შეიცავს. ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქურთისტანის რეგიონის საზღვრებთან კი ქვეყანამ წვრთნების მიზეზით სამხედრო დანაყოფები და შეიარაღება გაგზავნა

თურქეთის მთავრობის წევრები ამბობენ, რომ უსაფრთხოების დასაცავად ქვეყანა ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს. ქურთისტანის საზღვრებთან ამ დროს, დაახლოებით, 100 თურქული ტანკი და ჯავშანტექნიკაა მობილიზებული. თუმცა სამხედრო წვრთნების დრო ზოგიერთი შეფასებით, საეჭვოდ ემთხვევა ქურთების მიერ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის თარიღს და მის წინააღმდეგ გამკაცრებულ რიტორიკას.

თურქეთის მთავრობის სპიკერმა ბექირ ბოზდაგმა სამშაბათს განაცხადა, რომ რეფერენდუმი „ავადმყოფური მენტალობის" ნაწილია და თქვა, რომ ის რეგიონული ქაოსის საფრთხეს ქმნის.

მანვე აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები რეგიონის უსაფრთხოებას უთხრის ძირს და ემუქრება კომფორტს, მშვიდობასა და სტაბილურობას. "ეს რეფერენდუმი რეგიონის ყველა ქვეყანაზე უარყოფით გავლენას მოახდენს და ამას ვერავინ მოითმენს", - დასძინა მთავრობის სპიკერმა.

ანკარა შიშობს, რომ ერაყელი ქურთების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ, შესაძლოა, მსგავსი სურვილები და მოთხოვნები წააქეზოს თურქეთში მცხოვრებ ქურთულ უმცირესობაშიც.

თურქეთის მთავრობის სპიკერი, ბოზდაგი ამბობს, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარასკევს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე მიიღებენ. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა კი ორშაბათს განაცხადა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება იმ შემთხვევისთვის, თუკი ერაყელი ქურთები კენჭისყრას ჩაატარებენ.

ყოფილი თურქი დიპლომატი აიდინ სელჩენი, რომელიც ერაყის ქურთისტანში მუშაობდა, ამბობს, რომ რეალურად თურქეთს ძალიან ცოტა რამის გაკეთება შეუძლია სიამისოდ, რომ ქურთისტანის რეგიონის პრეზიდენტ მასუდ ბარზანის გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.

"პრეზიდენტ მასუდ ბარზანს სხვა არჩევანი არც აქვს გარდა იმისა, რომ გააგრძელოს პროცესი და ჩაატაროს ეს რეფერენდუმი. არა თუ ქურთისტანის მომავლისთვის, არამედ მისი საკუთარი პოლიტიკური ლეგიტიმურობისთვისაც. მან ცალსახად თქვა, რომ არც თავად და არც მისი ოჯახის რომელიმე წარმომადგენელი არ აპირებს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მისი ვადა ამოიწურა და არჩევნები რეფერენდუმის შემდეგ მალევე უნდა გაიმართოს. ვფიქრობ, მას სხვა გზა აღარც აქვს და არ მგონია, რომ თურქეთის მხრიდან არსებულ წნეხს დაემორჩილოს", - ამბობს ყოფილი დიპლომატი მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებზე საუბრისას.

მიუხედავად მზარდი პოლიტიკური და სამხედრო წნეხისა, პროცესზე დამკვირვებლები მართლაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ იმას, რამდენად რეალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს თურქეთის მხრიდან იარაღის ჟღარუნს. მათი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას სავარაუდოდ კარგად ესმის, რომ ესკალაციამ შესაძლოა თურქეთი ჭაობში ჩაითრიოს და არც მისი იზოლაციაა გამორიცხული. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რეფერენდუმის მიმართ მწვავე კრიტიკა თურქი მინისტრებისგან უფრო ხშირად ისმის, ვიდრე უშუალოდ პრეზიდენტ ერდოღანისგან, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ თურქეთი რეალურად არაა მზად იმისთვის, რომ ეს მუქარა ქმედებებად აქციოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG