ახლადშექმნილი საერთაშორისო არასამთავრობო კოალიციური ორგანიზაცია ”ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის”. რომელშიც მსოფლიოს 15 ქვეყანაში მცხოვრები ქართველები გაწევრიანდნენ, თავიანთი სახსრებით 50 000 სატელიტური თეფშის შეძენას და საქართველოში გამოგზავნას გეგმავს. საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ტელეკომპანია ”მაესტროს” სატელიტური ანტენების დაყადაღება გააპროტესტეს. მათ მიმართვაში ნათქვამია:
”ჩვენ, ქართველი ემიგრანტები გამოვთქვამთ მზადყოფნას პირველ ეტაპზე 50, 000 სატელიტური ანტენა გადავცეთ საჩუქრად ქართულ სახელმწიფოს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს ამ ანტენების საკუთარი ანუ სახელმწიფოს სახელით გავრცელებას.”
კოალიცის წევრი ივანე აბიათარი აცხადებს:
” გვაქვს სურვილი, საქართველოს სახელმწიფოს საჩუქრად გადავცეთ 50, 000 სატელიტური ანტენა და იგივე პრინციპით, როგორც ახლა საქართველოში ხდება, უსადენო ინტერნეტის გავრცელება, საქართველოს სახელმწიფომ თავისი სახელით ან ორგანიზებით მოახდინოს ამ ანტენების რეგიონებში გავრცელება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება იყოს გამჭვირვალე, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ჩავერთოთ ამ პროცესში.”
საქართველოს დიასპორის მინისტრის პაპუნა დავითაიას თქმით, სამინისტრო გადაწყვეტილებას კოალიციისგან ოფიციალური მიმართვის შემდეგ მიიღებს.
კოალიციის წევრთა თქმით, ისინი აპოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენენ, მათი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ საქართველოში მაყურებელს ჰქონდეს განსხვავებული არხების ყურების საშუალება.ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე ამბობს, რომ ტელეკომპანია ყადაღის მოხსნისთვის ბრძოლას გააგრძელებს:
” თუ ხელისუფლება ამ ინიციატივაზეც, რომელიც მოდის ევროპაში მცხოვრები ემიგრანტებიდან იტყვის უარს, მაშინ კიდევ ერთხელ დაზუსტდება ის, რომ ეს არ არის მხოლოდ ”მაესტროს” და ”გლობალის” თემა. მე გუშინ ბ-ნ ლაშა ტუღუშთან ერთად ვიყავი ბრიტანეთის საელჩოში და ასევე შევთავაზე, რომ ის სატელიტური ანტენები, რომელიც ახლა საბაჟოზეა დაყადაღებული, მოიხსნას ყადაღა, და რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით დარიგდეს რეგიონებში. ვთავაზობ ასევე სხვა ტელეარხებსაც, რომლებიც ამ გრადუსზე მაუწყებლობენ, ეს არის რუსთავი 2, იმედი, 1 არხი, აჭარა, მე-9 არხი და ჩვენ, რომ ჩვენი სახელით მოხდეს ამ 16 000 კომპლექტის დარიგება.”
მედია კოალიციამ განცხადებით პროკურატურას მიმართა. გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ამბობს:
” ამ დოკუმენტში ნათლად არის ჩამოყალიბებული არგუმენტები, ის მუხლები, რომელიც მედია კოალიციის აზრით არის დარღვეული, რაც უნდა მიიღოს მხედველობაში პროკურატურამ იმისათვის, რომ აღადგინოს სამართლიანობა და მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ყადაღა მოეხსნება ”მაესტროს” კუთვნილ ქონებას.”
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 10, 000 სატელიტური ანტენა, რომელთა დამონტაჟებას ”მაესტრო” აუდიტორიის გაფართოების მიზნით რეგიონებში აპირებდა, ივლისის დასაწყისში მას შემდეგ დააყადაღეს, რაც მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ”მაესტრო” ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიების სახელით მოქმედებდა, რომელსაც შემოტანილი სატელიტური ანტენები ”ამომრჩეველთა მოსყიდვის” მიზნით უნდა დაერიგებინა.
ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებელი მამუკა ღლონტი რაიმე კავშირს ბიძინა ივანიშვილთან კატეგორიულად უარყოფს:
” ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდება, იმიტომ რომ, მათ ეს ბრალდება არ გაუმყარებიათ არანაირი მტკიცებულებით. ეს არის მხოლოდ მათი ვარაუდები. ამჟამად ყველაფერი ზუსტად იგივე რეჟიმშია ხელისუფლების მხრიდან, ანუ ჩვენი ანტენები დაყადაღებულია, ჩვენ არ გვეძლევა საშუალება გავაფართოვოთ ჩვენი ბიზნესი და ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და ჩვენი კონსტიტუციური უფლებაც.
რაც შეეხება ემიგრანტების წამოწყებას - თეფშები აჩუქონ საქართველოს მოქალაქეებს-ძალიან კარგი წამოწყებაა, თუმცა ვეჭვობ, პრინციპში ვეჭვობ კი არა დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება ამ წამოწყებას არ გაიზიარებს.”
პოლიტოლოგ გია სიამაშვილის აზრით, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებამდე საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი:
”პოლიტიკურ დებატებში გამობრძმედილ ხელისუფლების მხარდამჭერ ექსპერტებსაც კი უჭირთ არგუმენტების მოშველიება, რომლებიც ”თეფშების” დაყადაღების გადაწყვეტილებას გაამართლებდნენ . თუ გახსოვთ გორბაჩოვის ”პერესტროიკა” სიტყვის თავისუფლებით დაიწყო. შესაძლოა, ეს იყო ე.წ. ”პერესტროიკის” ერთადერთი მონაპოვარი. ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ხანმოკლე დროის განმავლობაში დაიბლოკა რუსეთის სატელევიზიო არხები, რასაც მისი დიქტატორობისკენ მიდრეკილებად აღიქვამდნენ. სიტყვის თავისუფლებამ ზზეობას შევარდნაძის მმართველობის დროს მიაღწია. კი ამბობდნენ ”ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო” მაგრამ ფაქტია, რომ არც მანამდე, არც მერე მედიასაშუალებებს ასეთი თავისუფლება არ მიუღიათ. ”ვარდების რევოლუციის” იდეურ მომზადებაში უდიდესი როლი რუსთავი-2 მა ითამაშა, მაგრამ როდესაც იმავე სცენარით დაიწყო მოქმედება ტელეკომპანია ”იმედმა”, მას სასტიკად გაუსწორდნენ. საქართველოში ვინც აკონტროლებს მედიასივრცეს , ის ფლობს ძალაუფლებას. მაგრამ ამგვარი კონტროლი სრულ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის დეკლარირებულ პრინციპებთან. თითქოს გასაგებია: მედია არის მოდარაჯე, საზოგადოებრივი კონტროლი, რომლის გარეშეც ნებისმიერი ხელისუფლება სჩადის მრავალ უკანონობას. ამდენად მედიათავისუფლება არ არის უმნიშვნელო დეტალი, ან ვიღაცის ახირება. ის პირდაპირ კავშირშია ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებასთან.”