ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისევ სუს-ი მოგვისმენს


ფარულ თვალთვალს სუს-ი ამჯერად ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მეშვეობით განახორციელებს
ფარულ თვალთვალს სუს-ი ამჯერად ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მეშვეობით განახორციელებს

საქართველოში ფარულ თვალთვალს ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) განახორციელებს, ოღონდ, უკვე მის წიაღში აღმოცენებული, სსიპ-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მეშვეობით, რომელიც გადასახადის გადამხდელებს დამატებითი თანხა დაუჯდება.

ბოლო წლების ცხარე პოლიტიკური დისკუსიის მიზეზი - ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს 87 ხმით დაამტკიცა.

ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები სწორედ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელში იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ სააგენტოს ექნება წვდომა, საქართველოს GSM ოპერატორებისა და ინტერნეტ პროვაიდერების კომუნიკაციების სისტემებზე მიერთებულ ე.წ შავ ყუთებზე, რომლებიც ერთდროულად, რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქის მოსმენა-თვალთვალის საშუალებას იძლევა.

საპროტესტო აქცია ახალი რეგულაციების წინააღმდეგ
საპროტესტო აქცია ახალი რეგულაციების წინააღმდეგ

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელიც 2014 წლიდან აქტიურად არის ჩართული „ეს შენ გეხებას“ ფარული თვალთვალის საწინააღმდეგო კამპანიაში, ამბობს, რომ ეს კანონი, ერთის მხრივ, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის აპრილის გადაწყვეტილებას და მეორეს მხრივ, ქმნის საშიშროებას რომ მოსმენების კუთხით, საქართველოში კიდევ უფრო უკონტროლო ვითარება მივიღოთ:

ახლა რა გააკეთეს ჩვენმა კანონმდებლებმა? მეორე „გასაღები“ წაართვეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და შექმნეს, ძალიან ზოგადი, მითიური, "მაკონტროლებელი სისტემები", რომელიც რეალურად მაკონტროლებელი არ არის. ერთადერთ სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ კი ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დარჩა“
ლაშა ტუღუში, კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილე

„აქამდე არსებოდა თვალთვალისა და მოსმენების ე.წ ორგასაღებიანი სისტემა. როდესაც ერთი „გასაღების“ მფლობელი საგამოძიებო ორგანო აპირებდა თვალთავლის დაწყებას, მეორე „გასაღები“ ჰქონდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

2016 წლის აპრილში, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ეს „ორი გასაღები“ საკმარისი არ არის, დაამატეთ კიდევ რაიმე მექანიზმი იმისთვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს რეალური კონტროლიო.

ახლა რა გააკეთეს ჩვენმა კანონმდებლებმა? მეორე „გასაღები“ წაართვეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და შექმნეს, ძალიან ზოგადი, მითიური, "მაკონტროლებელი სისტემები", რომელიც რეალურად მაკონტროლებელი არ არის. ერთადერთ სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ კი ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დარჩა.“

საკონსტიტუციო სასამართლომ კამპანია “ეს შენ გეხებას” სარჩელი 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციური იყო და პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსგავსმა ორგანომ, რომელიც თავად არის დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით.

„მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და შენახვა 2 წლის მანძილზე, ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს”- წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკას არ იზიარებენ მმართველ გუნდში.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, სუს-ის ახალი სააგენტოს კონტროლის მექანიზმები, მათ შორის ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტის შემოღება, რომელიც ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების აღსრულებას შეამოწმებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლი, მოქალაქეებს პირადი ცხოვრებისა და უსაფრთხოების დაცვის გარანტი იქნება.

ცვლილებატა პაკეტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს:

ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევასრულეთ. ახალი კანონით, გვაქვს სტანდარტი, რომლითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტი, რომლითაც უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლება და უსაფრთხოება"
ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

„ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევასრულეთ. ახალი კანონით, გვაქვს სტანდარტი, რომლითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტი, რომლითაც უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლება და უსაფრთხოება. ახლა საჭიროა, რომ ეს ახალი სისტემა 31 მარტამდე ამოქმედდეს.“

პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნის. საპარლამენტო უმრავლესობა იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადებს გაუფრთხილდება და ხელსმოწერას 31 მარტამდე მოასწრებს.

კამპანია “ეს შენ გეხება“-ში ჩართული სამოქალაქო სექტორი კი ელის რომ პრეზიდენტი მარგელაშვილი ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

ფარული თვალთვალის საკანონმდებლო რეგულაციების მიღების ქრონოლოგია (2013-2017)

2012 ოქტომბერი - ახალმა პრემიერმა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ უკანონო თვალთვალის და მიყურადების აღსაკვეთად შეიქმნებოდა ძლიერი საკანონმდებლო და აღმასრულებელი მექანიზმები

2014 მარტი - „ეს შენ გეხებამ“ დაიწყო კამპანია ფარული მიყურადების არსებული პრაქტიკის წინააღმდეგ

2014 ოქტომბერი - პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ელეტრონული კომუნიკაციების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ფარული თვალთვალის ერთი გასაღები ისევ შსს-ს დარჩა, მეორე გასაღების გამოყენების უფლება კი მხოლოდ ფარული სატელეფონო მოსმენის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიენიჭა

2014 ნოემბერი/დეკემბერი - იმის გამო რომ შსს-მ გასაღები შენარჩუნა, პრეზიდენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონს ვეტო დაადო. საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო დაძლია და მარგველაშვილმა კანონს ხელი მოაწერა

2015 თებერვალი - სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა „ელეტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის ის მუხლი, რომლითაც შსს-ს ფარული თვალთვალის გასაღები დარჩა

2015 აპრილი - ანალოგიური სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს „ეს შენ გეხებამ“, მოგვიანებით ორივე ეს სარჩელი გაერთიანდა

2015 ივლისი - შსს-ს სუს-ი გამოეყო

2016 აპრილი - საკონსტიტუციო სასამართლომ „ეს შენ გეხებას“ სარჩელზე, არაკონსტიტუციურად ცნო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც სუს-ს მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის გზით მოსმენების განხორციელების საშუალებას აძლევდა. სასამართლომ ამ საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა

2017 იანვარი - პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებიც შევიდნენ, თუმცა მას შემდეგ არც, საპარლამენტო უმრავლესობამ საკუთარი კანონპროექტი წარმოადგინა, სადაც გასაღები ისევ სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ახალი სააგენტოს ხელში დარჩა „ეს შენ გეხებამ“ სამუშაო ჯგუფი დატოვა. უმრავლესობის კანონპროექტი გააკრიტიკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

2017 თებერვალი - პარლამენტმა სამივე მოსმენით განიხილა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და 87 ხმით, 2-ის წინააღმდეგ საბოლოოდ დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და პატრიოტთა ალიანსმა. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

XS
SM
MD
LG