ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წამება, როგორც სანახაობა და სასჯელი


წამების ამსახველი ვიდეოები უკრაინულ საიტებზე გამოჩნდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, აქამდე სრულიად უცნობი, უკრაინული ინტერნეტ რესურსის kievnews.in.ua-ის უნიკალურ ვიზიტორთა რაოდენობა დღეში 1000-დან 700 000-მდე გაიზარდა. ამის მიზეზი კი სამეგრელოს ტყეებში, ადამიანთა წამების ამსხველი უსაშინლესი კადრებია, რომელთა ნახვა ადამიანობას დაგაკარგვინებთ. ამ სისასტიკის გადმოცემა შეუძლებელია.

ეს არის 2013 წელს, სოფელ ნარაზენის ტყეში, მიწაში ჩაფლულ კასრებში აღმოჩენილი, ზე-სკანდალური ვიდეოჩანაწერები. ის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკვე ნანახი აქვს პოლიტიკურ-ჟურნალისტურ “ბომონდს”. გვახსოვს შეძრწუნებული სახეები, აღშფოთებები, წყელვა-კრულვა, ცინიკური ჭორაობაც.

უკანონოდ მოპოვებული, პირადი ცხოვრების ამსახველი და სხვა „კომპრომატები“, როგორც, მაშინ დაგვარწმუნეს განადგურდა. წამების კადრები კი პროკურატურას გამოსაძიებლად გადაეცა.

გავიდა 2 წელზე მეტი და ამ საშინელებამ თავი უკრაინულ საიტზე ამოყო. როგორ? რანაირად? რატომ? ამ კითხვებზე პასუხი ჯერ, არ არსებობს. უცნობია ისიც, ხალხის რეაქცია ისეთი იყო, როგორსაც კადრების გამავრცელებელი ელოდა?

საზოგადოების, სამწუხაროდ, მცირე ნაწილი, ამ სისასტიკის ტირჟირებით არის აღშფოთებული. უფრო დიდი ნაწილი - შურისძიებას და სისხლს მოითხოვს, მოძალადეების იდენტიფიცირებას ცდილობს. თან უკვირს, წამებულმა ისინი აქამდე, თავად როგორ არ დახოცა

მოქალაქე: „უნდა დაიჭირონ სუყველა! ვინც ეს ჩაიდინა! ისინია დასაჭერი და არა გამავრცელებლები!

მეორე მოქალაქე: კი, მაგრამ ვინ გაავრცელა, რატო გაავრცელა?

მოქალაქე: ვინ გაავრცელა იმას რო ეძებენ? ვინ ქნა ეს?! ვინ არის ამის გამკეთებლი და ბრძანების გამცემი? ეგაა დასაჭერია და გასასამართლებელი. ვინც გაავრცელა, იმას მადლომა ეკუთვნის, მე ასე მგონია.“

უკრაინულმა წყარომ გვაცნობა, რომ kievnews.in.ua-ის მფლობელს ვინაობა და საიტის მდებარეობა გასაიდუმლოებული აქვს. „ამერიკის ხმა“ დომენური სახელის რეგისტრატორს freehost.com.ua-საც დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. საქართველოს მთავარი პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ ეს ვიდეოები თავის დროზე, სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულების დაცვის მხარესაც გადაეცათ. ასევე არ გამორიცხავს, რომ არსებულიყო ჩანაწერების ასლი.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი, რომლისთვისაც, ეს კოშმარული ჩანაწერები თავისთავად, პოლიტიკური განაჩენია, ლაქა, რომელსაც, ალბათ, ვერასოდეს ჩამოირეცხავს, ეჭვობს, რომ კადრები სწორედ მმართველმა ძალამ გაავრცელა. მით უფრო, რომ „ქართული ოცნების“ პარტაქტივმა, კადრების გავრცელების პარალელურად, ორგანიზებულად დაიწყო ოპოზიციის ოფისების დარბევა-აჭედვის კამპანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც პოლიცია ხელს არ უშლიდა.

ამავე დროს თბილისისა და ზუგდიდის სკვერებსა და ქუჩებში სისასტიკის საჯარო ჩვენება მოეწყო. ზუგდიდის საკრებულოს წევრმა „ოცნებიდან“ სოსო ლაგვილავამ ეს„ხალხის“ მოთხოვნით ახსნა:

„საზოგადოების მოთხოვნა იყო, ასე საჯაროდ ეჩვენებინათ ეს კადრები. გავაკეთეთ ის, რომ ცენტრში, ეს ადგილი შევარჩიეთ. ბავშვები განვარიდეთ. აბსოლუტურად და მოსახლეობის ნაწილს, შეგნებულ პიროვნებებს, ადამიანებს ვაჩვენეთ ეს. ნახეს და არის გულისწყრომა!“

ხელისუფლებაში, ალბათ, აღარ ახსოვთ, რომ საქართველო, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, 3 წლის შემდეგ, 1994 წლიდან, არის მიერთებული გაეროს კონვენციას „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ“. ამ კონვენციის მე-14 მუხლი სახელმწიფოს პირდაპირ ავალდებულებს, წამების მსხვერპლს მისცეს „ანაზღაურება“, „სამართლიანი და ადექვატური კომპენსაცია“ და „სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო სახსრები“. ერთი სიტყვით, დააბრუნოს ის საზოგადოებაში. ფსიქოლოგი ლელა ცისკარიშვილი ამბობს, რომ, ბოლო ორი წელიწადი სახელმწიფოს სწორედ ამაზე უნდა ეზრუნა, თუმცა...

„ვფიქრობთ კი რეალურად იმ ადამიანებზე, ვინც ეს საშინელება განიცადა? მე, ხანდახან, სამწუხაროდ, ისეთი განცდა მაქვს, რომ დღევანდელი ხელისუფლება გარკვეულწილად, გახარებულიც კი არის, რომ წინა ხელისუფლება ამას აკეთებდა, აბრალებენ მათ რომ - „აი, თქვენ ეს გააკეთეთ“..ანუ, რაღაცა „წყალგამყოფივით“ არის, რომ თქვენ - „ცუდები“ იყავით, ჩვენ კი - „კარგები“ ვართ..

მაგრამ, რა გააკეთა დღევანდელმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ რაიმე ტიპის დახმარება გაეწია იმ ადამიანებისთვის? და ეს ასეულობით ადამიანი არ არის, ეს არის ათასობით ადამიანი, რომლებმაც საშინელებები გამოიარეს.

რას გრძნობს ადამიანი როცა მას აწამებენ? ეს არის უკიდეგანო შიში, უკიდურესი უსუსურობა, ამაზე მეტი უბედურება არ არსებობს.“

სრულიად უცნობი უკრაინული საიტის, უცნობი მესვეურები, ამასობაში, აშკარად ეშხში შევიდნენ. ლამის ყოველი დღის თემა, წამების ახალი ვიდეოა. რაც მთავარია, უფრო ამორალური, შოკისმომგვრელი და საშინელი, ვიდრე წინა. „მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი მითითებით ორგანიზებული წამება“... „სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთ“.

დანამდვილებით, რა თქმა უნდა, ვერავინ იტყვის, რა მიზანი ამოძრავებთ კადრების გამარცელებლებს. იყო ეს რეაქცია NDI-ის ბოლო რეიტინგებზე საქართველოში, ოდესის ოლქის არჩევნებზე უკრაინაში(რომელიც სააკაშვილმა წააგო) თუ კიდევ სხვა რამეზე.

ამას არსებითი მნიშვნელობა პრინციპში, უკვე აღარც აქვს. ფაქტია, ისინი ვინც, დღეს, ამ სადისტურ კადრებს ავრცელებს, აწამებს თითოეულ ჩვენგანს, მთელ საზოგადოებას და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, წამების მსხვერპლს, იმ ადამიანს, რომელიც განწირული ხმით, დახმარებას, ამაოდ ითხოვს.

XS
SM
MD
LG