ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისმაილოვა: „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ამ დანაშაულში გარეული არ არის“


თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი
თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური მეორე დღეა არწმუნებენ საზოგადოებას, რომ არ აქვთ ინფორმაცია, ვინ და როგორ მოახერხა თბილისის ცენტრიდან, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება, რომელიც მოგვიანებით, ადვოკატებმა ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოაჩინეს, ისე რომ სახელმწიფო საზღვარზე, საპასპორტო კონტროლი არ გაუვლია.

მუხთარლი გამომძიებელი ჟურნალისტია. იგი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან დევნის გამო, 2014 წლიდან, ოჯახთან ერთად, თბილისში ცხოვრობდა და პროფესიულ საქმიანობას აქედან ეწეოდა.

ჟურნალისტი თანამშრომლობდა ლონდონში მდებარე Institute for War and Peace-თან. ასევე, ოპოზიციური Meydan TV-თვის იძიებდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კორუფციულ ტენდერებს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის მრავალმილიარდიან ბიზნესს აქტივებს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე. ეხმარებოდა სხვა ჟურნალისტებსა და დისიდენტებს თბილისში თავშესაფარი ეპოვათ.

29 მაისს, საღამოს 6 საათზე, აფგან მუხთარლი და კიდევ ერთი აზერბაიჯანელი პოლიტდევნილი დაშქინ აღალარლი ერთმანეთს, თბილისის ცენტრში, ვეკუას ქუჩაზე (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) ყვავილების ბაზრობასთან ახლოს, კაფეში შეხვდნენ. ერთი საათის შემდეგ დაიშალნენ. აღალარლი იხსენებს, რომ მუხთარლის ბოლოს მეუღლემ დაურეკა და სახლში პურის მიტანა სთხოვა. ამის შემდეგ იგი აღარავის უნახავს.

მეუღლე ლეილა მუსტაფაევა აფგან მუხთარლის პასპორტით ხელში
მეუღლე ლეილა მუსტაფაევა აფგან მუხთარლის პასპორტით ხელში

მეორე დღეს, 30 მაისს, თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი ბაქოში, აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცენტრალურ სამმართველოს იზოლატორში აღმოაჩინეს. ნაცემ აფგან მუხთარლის, რომელსაც ჯიბეში პასპორტიც კი არ ედო, 10 000 ევროც „უპოვეს“, ბრალად „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ და კონტრაბანდის გადატანა წაუყენეს.

ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელსაც დღეს ბაქოში დავუკავშირდით, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ეს გატაცება არის სამარცხვინო შემთხვევა საქართველოს „დემოკრატიული იმიჯისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის“ და ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირს აგონებს.

ან საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს უსაფრთხოებას საკუთარ ქვეყანაში და ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურს შეუძლია თბილისში ადამიანის მოტაცება, ან კიდე თანამშრომლობენ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებთან, რათა ჩვენს დისიდენტებს გაუსწორდნენ"
ხადიჯა ისმაილოვა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი

„ასეთი რამ ხდებოდა საბჭოთა დროს, როცა НКВД-ს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) სამხედრო კონტრდაზვერვის სამმართველო Смерш-ი («Смерть шпионам!») სხვადასხვა ქვეყანაში იტაცებდა ადამიანებს, რომ შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებას მათი საჩვენებელი დასჯა მოეწყო.

ახლა ეს ხდება საქართველოსა და აზერბაიჯანში. ან, საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს უსაფრთხოებას საკუთარ ქვეყანაში და ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურს შეუძლია თბილისში ადამიანის მოტაცება, ან კიდევ, თანამშრომლობს აზერბაიჯანის სპეცსამსახურებთან, რათა ჩვენს დისიდენტებს გაუსწორდნენ.

ფაქტია, რომ გატაცებამდე, აფგან მუხთარლი საჯაროდ ამბობდა, რომ მას ღიად უთვალთვალებენ უკვე ხანგრძლივი დროის მანძილზე.“

ხადიჯა ისმაილოვა და აფგან მუხთარლი
ხადიჯა ისმაილოვა და აფგან მუხთარლი

ხადიჯა ისმაილოვა და აფგან მუხთარლი წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდნენ. 2014 წლის დეკემბერში, როცა ხადიჯა ბაქოში დააპატიმრეს, აფგანი იძულებული გახდა თავშესაფარი საქართველოში ეძებნა.

2015 წელს, ხადიჯა ისმაილოვას ბაქოს სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ პერიოდში, მუხთარლიმ საქართველოში მცხოვრებ დევნილ აქტივისტებთან ერთად, ხადიჯას და სხვა პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებლების მოთხოვნით, თბილისში არაერთი საპროტესტო აქცია გამართა.

საბოლოოდ, 2016 წლის 26 მაისს, ძლიერი საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ციხიდან გამოუშვა, თუმცა ზუსტად ერთი წლის თავზე, დიდი შანსია, ციხეში, დიდი ხნით, უკვე ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მოხვდეს.

ხადიჯა ისმაილოვას ინფორმაციით, 29 მაისს, საღამოს, მუთხარლი თბილისში, სავარაუდოდ, ჭონქაძის ქუჩიდან გაიტაცეს. იგი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, სცემეს, შეუკრეს ხელები და თავზე პაკეტი ჩამოაცვეს. ამის შემდეგ, გამტაცებლებმა, რომლებიც თითქმის არ საუბრობდნენ, ორჯერ გამოიცვალეს ავტომობილი.

მესამე ავტომობილში უცნობი პირები უკვე აზერბაიჯანულად საუბრობდნენ. აფგან მუთხარლი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ნეიტრალურ ზონაში ჩამოსვეს და ბელაქნის ერთ-ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გაუშვეს, სადაც იგი მესაზღვრეებმა დააპატიმრეს კიდეც.

By Gunduz Aghayev
By Gunduz Aghayev

ხადიჯა ისმაილოვა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში არ გამორიცხავს, რომ აფგან მუხთარლის გატაცებასთან, საქართველოს და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებთან ერთად, კავშირი ჰქონდეს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო თვალთვალში არაერთხელ არის შემჩნეული:

აზერბაიჯანელი აქტივისტები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ ამბობენ, რომ მათ ხშირად უთვალთვალებდნენ „სოკარის“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა რათა დაიცვას სტუმრები „სოკარის“ გასამხედროებული უსაფრთხოების სამსახურისგან"

​„აზერბაიჯანელი აქტივისტები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ ამბობენ, რომ მათ ხშირად უთვალთვალებდნენ „სოკარის“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა რათა დაიცვას სტუმრები „სოკარის“ გასამხედროებული უსაფრთხოების სამსახურისგან.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ის არ არის გარეული დანაშაულში, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ მოხდა; ეს რომ დაამტკიცოს საქართველომ, პირველ რიგში უნდა გამოიძიოს დანაშაულის ფაქტი, მეორეც, საქართველომ აზერბაიჯანულ მხარეს ძლიერი დიპლომატიური პასუხი უნდა გასცეს.“

აზერბაიჯანელი უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ ერთ უცნაურ დამთხვევაზე. 2017 წლის 4 მაისს, ბაქოში, პროსახელისუფლებო ინტერნეტ-გამოცემა haqqin.az-მა გამოაქვეყნა ვრცელი ოპუსი სათაურით: „ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთი თბილისში“.

გარდა საქართველოს სახელმწიფოს დამამცირებელი ფრაზეოლოგიისა და ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, პუბლიკაციაში ჩამოთვლილია, საქართველოში მყოფი თითქმის ყველა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, სამუშაო ადგილებისა და საცხოვრებელი მისამართების მითითებითაც კი. შეჯამების სახით სტატიაში დასმულია კითხვა: „აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ოდესმე მისცა ქართულ ოპოზიციას არენა ბაქოში? რითი დაიმსახურა ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობისა და სამართალდამცავების ასეთი დამოკიდებულება?“

ამ ოპუსის გამოქვეყნებიდან, 18 დღეში, თბილისში, პუბლიკაციაში დასახელებული ერთ-ერთი პირი, აზერბაიჯანის ოპოზიციასთან დაახლოებული ექიმი, კლინიკა „ლანცეტის“ მეპატრონე ფარმან ჯეირანლი „ღვიძლის ტრანსპლანტაციის უკანონო ოპერაციების“ ბრალდებით დააპატიმრეს.

კიდევ 12 დღეში კი თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტი აფგან მუთხარლი გაიტაცეს. აფგანი და მის მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა პუბლიკაციაში „რადიკალ რევოლუციონერებად“ არიან მოხსენიებულნი.

პროტესტი თბილისში ჟურნალისტის გატაცების გამო
პროტესტი თბილისში ჟურნალისტის გატაცების გამო

Facebook Forum

XS
SM
MD
LG